როგორ იქცნენ სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად“ – „Freitag“

გერმანული გაზეთი „ფრეიტაგი“ («Freitag») 29 ივლისის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „როგორ იქცნენ სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად“ (ავტორი – მარტინ ლეიდენფროსტი), რომელშიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ბურების – ჰოლანდიური წარმომავლობის მქონე აფრიკელების – ცხოვრების შუქ-ჩრდილებია გადმოცემული.

როგორ იქცნენ სამხრეთაფრიკელი ბურები „ქართველ“ ფერმერებად“ – „Freitag“

აქვე ვიტყვით, რომ ავტორი რატომღაც საკმაოდ ნეგატიურად აღწერს საქართველოში მცხოვრები ბურების მდგომარეობას (რაც რადიკალურად განსხვავდება ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პოზიტიური მასალებიდან), არ ასახელებს მათ ვინაობას და იმ სოფლის სახელს, სადაც ისინი ცხოვრობენ, თუმცა ფოტოზე არსებული წარწერა იმის მინიშნებაა, რომ საქმე გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სავარაუდოდ, სოფ.ლემშვენიერაში) დასახლებულ ბურებს ეხება (https://on.ge/story/12220).

„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რასობრივი სეგრეგაციის პოლიტიკის დასრულება (როცა 1993 წელს შავკანიანთა უფლებები თეთრკანიანთა უფლებებს გაუთანაბრდა), ქვეყნიდან მილიონობით თეთრკანიანი მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიზეზი გახდა. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად მიიწვია სამხრეთაფრიკელი ბურები – ჰოლანდიური წარმოშობის მქონე ფერმერები – ქვეყნის სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. ზოგიერთი მართლაც საქართველოში ჩამოვიდა და დარჩა. მე დიდი ხანია მინდოდა მათთან გასაუბრება და „აფრიკანსულად“ (ჰოლანდიური ენის აფრიკული დიალექტი) ლაპარაკი, რომელიც მეტ-ნაკლებად ვიცი და მესმის“, – წერს ავტორი, რომელმაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი ბურის (აფრიკანერის) ოჯახის ნახვა გადაწყვიტა.

სტატიაში აღწერილია საკმაოდ უსიცოცხლო პეიზაჟი მიტოვებული საბჭოთა სამხედრო ბაზის ახლოს: „მე მეგონა, რომ წარმატებულ ფერმას ვნახავდი, სინამდვილეში კი სიცხით გადამწვარ მინდორში ორი საცხოვრებელი კონტეინერი, პატარა შენობა, რამდენიმე ძროხა და ცხენი დავინახე… ისმის ძაღლების ყეფა… არსად ერთი ხეც არ დგას, შორს მეტალურგიული ქარხნის მილები მოჩანს“.

ავტორი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობას გარკვეული ეჭვები და ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ მიგრანტებზე, მაგალითად, ინდოელების მიმართ. დღეს, როგორც ჩანს, ნეგატიურმა ტენდენციამ უკვე გადაიარა, თუმცა ამის მიუხედავად, უცხოელების ცხოვრებაში პრობლემები მაინც არსებობს.

„რადგანაც ბურები კარგად ლაპარაკობენ ინგლისურად, მათ, ცხადია, საცხოვრებლად ანგლოსაქსური სამყარო უფრო იზიდავთ – ამერიკა, კანადა… თუმცა ამ ქვეყნებში თავისთან მხოლოდ მდიდარ ბურებს იწვევენ. ავსტრალიაში, მაგალითად, ხუთი მილიონი დოლარი უნდა გქონდეს. ამიტომაც შედარებით ღარიბი ბურები მიდიოდნენ მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში – ზამბიაში, მალავში, ტანზანიაში… აზიურ კამბოჯაში, ევროპულ პორტუგალიაში, მაკედონიაში… და საქართველოშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოში ჩამოსულმა ბურებმა ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა კარგად ვერ შეისწავლეს და გამოცდა ვერ ჩააბარეს, ისინი ქართული პასპორტების მფლობელები ვერ გახდნენ. ისინი, შეიძლება ითქვას, საქართველოში განდეგილებივით ცხოვრობენ – მეზობლები აზერბაიჯანელები და ქართველები არიან, რომლებთანაც ფართო კონტაქტები არ აქვთ. შვილები უკვე დიდი ხანია უმუშევრები არიან და სახლში (კონტეინერში) სხედან. მათგან ერთ-ერთს, ქალიშვილს, ქართულის გარდა, კიდევ თურქული და რუსული ენების შესწავლა სურს, უნდა საცხობის გახსნაც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმებშია“, – აღნიშნავს ავტორი.

კითხვაზე, თუ რატომ არ ბრუნდებიან ბურები თავიანთ ისტორიულ სამშობლოში – ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში), მასპინძლები პასუხობენ, რომ ჰოლანდია პატარა ქვეყანაა ფართობით, მჭიდროდ არის დასახლებული და იქ ცხოვრება ძვირია. თანაც ჰოლანდიაში არცერთი ნამყოფი არ არის. კაცმა რომ თქვას, მათთვის რასობრივი სეგრეგაციის პერიოდი სამხრეთ აფრიკის რეასპუბლიკაში ცხოვრების საუკეთესო პერიოდს წარმოადგენდა: „1970-1980-იანი წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თეთრკანიანებისათვის საუკეთესო ცხოვრების ქვეყანას წარმოადგენდა, უფასო სამედიცინო მომსახურებით, დღეს კი სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა.. საქართველოში ერთი მკვლელობაც რომ მოხდეს, ეს ფაქტი უკვე მთელმა ქვეყნამ იცის, იქ კი ყოველ ხუთ წუთში ადამიანს კლავენ და ვითომც არაფერი არ მომხდარა“, – ამბობენ ბურები. ისინი არ იცნობენ თავიანთი სოფლის ხელმძღვანელს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მსგავსად, ბურებიც ქრისტიანები (კალვინისტები) არიან, მართლმადიდებლობა მათთვის მკაცრ რელიგიას წარმოადგენს.

შეხვედრის შემდეგ მასპინძელმა უკან, პატარა ქალაქში [მუნიციპალიტეტის ცენტრში] წამიყვანა. იგი თავისი „ჯიპ“-ის საჭეს ტალახიან გზაზე მარჯვედ მართავდა და მეუბნებოდა: „საქართველო უფრო მეტად აზიაა, ვიდრე ევროპა“. შესაძლოა, ასეც არის, თუმცა მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ საქართველოში მცხოვრები ბურები უფრო მეტად აფრიკელები არიან, ვიდრე ევროპელები. არცერთი მათგანი ხომ ევროპაში ნამყოფი არ არის“, – წერს ავტორი  სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.freitag.de/autoren/der-freitag/sieben-hunde-klaeffen