30 000 $ ინფორმაციის სანაცვლოდ – სუს-ი კუმურდოელ ეპისკოპოსს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებდა

“ტვ პირველი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი რამდენიმე ათასი ფაილის შესწავლას განაგრძობს.

30 000 $ ინფორმაციის სანაცვლოდ - სუს-ი კუმურდოელ ეპისკოპოსს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებდა

ინტერნეტში სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული სკანდალური ფაილების მიხედვით, უსმენდნენ ახალციხის და კუმურდოს მიტროპილიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც.

გავრცელებულ ოპერატიულ ცნობაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ მეუფემ დიდი ფულის სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდა.

ოპერატიული ცნობების მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მეუფემ 30 ათასი დოლარი აიღო.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.  

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას“. – წერია გავრცელებულ დოკუმენტში.