ფარული ფაილები ინტერნეტში აღარ იძებნება

ფარული ფაილების, რომელშიც სავარაუდოდ სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებია მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება.

ფარული ფაილები ინტერნეტში აღარ იძებნება

ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო, სახელწოდებით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”, გამომგზავნად კი ჰაკიმ ფაშა იყო მითითებული. ბმულზე მოცემული იყო თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი.

“არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს – სათაური კეთილშობილია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური… სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ! ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.
აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც!”, – წერს უცნობი ავტორი, რომელიც ფაილებს ავრცელებს.

ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან დღემდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

 

“ნეტგაზეთი”