აშშ რუსეთის ნავთობს ყიდულობს

ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქარიშხალ „იდათი“ გამოწვეული შედეგების გამო გაჩერდა. საწვავი არასაკმარისია. ენერგეტიკის სამინისტრომ რეზერვები გახსნა მწარმოებლების დასახმარებლად, მაგრამ მარაგი უსაზღვრო არ არის.
აშშ რუსეთის ნავთობს ყიდულობს
მექსიკის ყურის სანაპიროზე განლაგებული საწარმოები ორიენტირებული არიან მძიმე ტიპის ნავთობზე, რუსეთის გარდა კი ასეთი ნავთობი პრაქტიკულად არსად მოიპოვება. შეერთებულმა შტატებმა უკვე რეკორდულად გაზარდა იმპორტი და კიდევ უფრო მეტი საწვავის შესყიდვას აპირებს.

მადა ჭამაში მოდის

ამერიკელი ნავთობგადამამუშავებლები შესაფერის ნედლეულს მთელ მსოფლიოში ეძებენ, რათა საწვავზე მოთხოვნილება დააკმაყოფილონ, წერს Bloomberg.
EIA-ს (ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველო) მონაცემებით, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან მაისში 23%-ით – დღეში 844 ათას ბარელამდე გაიზარდა. შედარებისთვის: მექსიკიდან იგივე მაჩვენებელმა სულ რაღაც სამი პუნქტით მოიმატა.
ჯერ კიდევ გასულ წელს რუსულმა იმპორტმა ცხრაწლიან მაქსიმუმს მიაღწია. რუსეთი აშშ-სთვის ნედლეულის მიმწოდებელთა შორის მეორე ადგილზე გავიდა და უკან ჩამოიტოვა საუდის არაბეთი, რომელმაც მკვეთრად შეამცირა ექსპორტი ბაზარზე ბალანსის აღსადგენად.
საქმე ისაა, რომ ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა დაკარგეს ნედლეული ვენესუელიდან. ეს დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელმაც 2019 წელს Petroleos de Venezuela S. A.-ს სანქციები დაუწესა.
მეტად რთულ მდგომარეობაშია მექსიკის ყურისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ქარხნები, მათ შორის, Citgo Petroleum, Valero Energy, Chevron, რომლებიც ნავთობის მძიმე სახეობებს ამუშავებენ. ეს საწარმოები რუსეთში, ძირითადად, ბენზინის დამზადებისთვის აუცილებელ მაზუთს ყიდულობენ.
„ვენესუელის ნედლეულის დაკარგვისა და ტრადიციული მომწოდებლების – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის მხრიდან ნედლეულის გაძვირების გამო აშშ რუსული მაზუთის ძირითადი მომხმარებელი გახდა“, – აღნიშნავს ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი იდი იმსიროვიჩი.
„რუსეთი – პრიორიტეტული პარტნიორია, ვინაიდან ამზადებს ბევრ ნახევრადრაფინირებულ ზეთს, როგორიცაა, მაგალითად, Mazut 100. ეს იდეალურია ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის, რომლებიც მიჩვეული არიან ბლანტ, „ჭუჭყიან“ ნავთობს ვენესუელიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. პირველი მათ სანქციების გამო დაკარგეს, მეორეს შეძენა კი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის შეთანხმებებმა შეზღუდა“, – წერს Bloomberg.
ქარიშხალმა „იდამ“ მექსიკის ყურის სანაპიროს აგვისტოს მიწურულს გადაუარა და მკვეთრად გაართულა ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ EIA მოპოვების განახლებას – 1,2 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში – სექტემბრის ბოლომდე გეგმავს, ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანებულია. ამერიკული ბაზრიდან მთლიანობაში გაქრა 20,6 მილიონი ბარელი.

გახსნილი რეზერვები

ლუიზიანაში ელექტრომომარაგების აღდგენისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ამუშავების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნავთობი იქნება საჭირო.
ეს უკვე Exxon Mobil-შიც განაცხადეს. კომპანიას მოუხდა ქარხნების დახურვა ლუიზიანაში. ენერგეტიკის სამინისტრომ ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან ამოიღო. ორ-სამ თვეში Exxon-მა უნდა შეავსოს მარაგი პრემიუმ-კლასის ნედლეულით.
თუმცა რეზერვი შეზღუდულია. ე.ი. იმპორტი უნდა გაიზარდოს. როგორც ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, თუ ვინმემ იხეირა ქარიშხალ „იდას“ შედეგებით, ეს რუსი ექსპორტიორები არიან.
„სექტემბერ–ოქტომბერში მიწოდება გაიზრდება, რადგან მოპოვება აშშ-ის შელფზე, მექსიკის ყურეში, კვლავ არ განახლებულა“, – მიუთითებს Bloomberg. როგორც სააგენტო ბაზრის მონაწილეზე დაყრდნობით ამტკიცებს, რამდენიმე დღეში შეერთებულმა შტატებმა რუსული ნედლეულის უკვე სამი პარტია შეიძინა.
მოთხოვნა ფასებზეც მოქმედებს. 8 სექტემბერს Urals-ის კოტირებამ შვიდთვიან მაქსიმუმს მიაღწია და Brent-ს 1,05 დოლარით გადააჭარბა. ვიდრე აშშ-ს ქარიშხალი „იდა“ გადაუვლიდა, Urals-ი Brent-ზე 1,95 დოლარით ნაკლები იყო.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებამდე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა მატულობს. თუმცა ბაზარი თავის წესებს ამკვიდრებს და ამერიკელი მწარმოებლები არანაირად არ არიან შეზღუდული თეთრი სახლის დიპლომატიური თუ გეოპოლიტიკური მიზნებით.
ნატალია დემბინსკაია, РИА Новости