„ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არაა“ – რუსეთი ამერიკულ ბიზნესს არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრება

მოსკოვი აფრთხილებს ვაშინგტონსა და ამერიკულ კომპანიებს თავი შეიკავონ რუსეთის შიდა საქმეებში შემდგომი ჩარევისგან და შეახსენებს მათ, რომ ხელისუფლების მოთმინება უსაზღვრო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არაა“ - რუსეთი ამერიკულ ბიზნესს არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრება

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს ყოვლისმომცველ ზომებს ჩვენი მოთხოვნების შესასრულებლად. მოგეხსენებათ, რუსული მხარის მოთმინება, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს ამერიკული ბიზნესისათვის ბარიერების დაწესებისგან, უსაზღვრო არ არის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მანამდე რუსეთმა შეერთებულ შტატებს უცხოური ინტერნეტპლატფორმების მიერ რუსული კანონმდებლობის დარღვევის „მტკიცებულებები“ გაუგზავნა.

15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ ყველა ინფორმაცია ვაშინგტონს გადაეცა და ახსნას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, სოციალური დისტანციის უზრუნველყოფის მიზნით, სამი დღის განმავლობაში, 17-19 სექტემბერს გაიმართება.