“სწორედ მეფის რუსეთის დროს ეზიარა საქართველო ევროპულ კულტურას, ხელოვნებას, სწავლა-განათლებას”! – ჰამლეტ ჭიპაშვილი

„ოცნების“ ხელისუფლების მიერ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, რაღაც, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ განხორციელებული პროექტის მოსაძებნად ტვინი რომ იჭყლიტო, ვერაფერს მიაგნებ. „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“ — გამოთქმასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მის ამალას იხილავ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე.

"სწორედ მეფის რუსეთის დროს ეზიარა საქართველო ევროპულ კულტურას, ხელოვნებას, სწავლა-განათლებას"! - ჰამლეტ ჭიპაშვილი

საქართველოსთვის, და არა მარტო, უმნიშვნელოვანესი რამ არის გზა, რომელიც ქვეყანას რუსეთთან აკავშირებს. პროექტით გათვალისწინებულია გვირაბების გათხრა, ხიდების მშენებლობა, ავტოტრანსპორტის სავალ გზაზე ბეტონ-ასფალტის საფარის დაგება, სხვა სამუშაოების განხორციელება.

პროექტის მიხედვით, 2024 წელს დასრულდება მშენებლობა, რომელიც თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის მგზავრობის დროს საათნახევრით შეამცირებს. და, რაც მთავარია, თავიდან აგვაშორებს შეფერხებებს, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ზამთარში. კიდევ სამი წლის განმავლობაში მოგვიწევს ზემო ლარსთან სატვირთო ავტომანქანების გრძელი რიგის ხილვა — დიდთოვლობით გამოწვეული, მრავალდღიანი ყურყუტით გაღიზიანებული მძღოლების უძილო სახეების დანახვა, ქართული, მეტადრე, სომხური, თურქული, სხვა ეროვნების სახეების.

სამხედრო გზა არა მარტო ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება, არამედ ტურისტებსაც. რა რჯულის მოგზაურს, ტურისტს არ გაუვლია ამ გზაზე, მას შემდეგ, რაც ის რუსეთის მეფის ჯარმა გაიყვანა.

„ავადსახსენებელი“ რუსეთის წყალობით გვაქვს „საქართველოს სამხედრო გზად“ წოდებული მაგისტრალი და არა მარტო ის, არამედ თბილისის ცენტრალური რაიონები — დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი, სოლოლაკი და მისი შემოგარენი, პლეხანოვის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები; რუსთა მიერ მოწვეული უცხოელი ხუროთმოძღვრების, მათ შორის იტალიელების აშენებული ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის დრამატული თეატრები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, საცხოვრებელი სახლები, სხვა შენობა-ნაგებობები; ბოტანიკური ბაღი, საქართველოს რკინიგზა. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

სწორედ მეფის რუსეთის დროს ეზიარა საქართველო ევროპულ კულტურას, საოპერო ხელოვნებას და, რაც მთავარია, სწავლა-განათლებას. გამოჩენილმა ქართველმა მწერლებმა, მეცნიერებმა, საზოგადო მოღვაწეებმა ხომ პეტერბურგში მიიღეს უმაღლესი განათლება?!

ქალაქური მეწარმეობაც ხომ რუსეთის წყალობით განვითარდა, ისე, როგორც სოფლის მეურნეობა? მევენახეობა-მეღვინეობამაც ხომ სამრეწველო ხასიათი მეფის რუსეთის ძალისხმევით შეიძინა, ისე, როგორც მეჩაიეობამ?

„მზაკვარი“ რუსეთის „ბატონობის“ დროს იყო ყოველივე აღნიშნული და უამრავ ჩემს მიერ აღუნიშნავი ქვეყანაში, საქართველო რომ ჰქვია. აღარაფერს ვამბობ იმ გრანდიოზულ წინსვლა-განვითარებაზე, საბჭოთა პერიოდმა რომ არგუნა საქართველოს, ჩვენ, უმადურები, საშინელებად — ოკუპაცია-ანექსიად რომ მოვიხსენიებთ, არაფრად ვაგდებთ რა რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც რატომღაც დემოკრატიას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას ვარქმევთ.

ძალიან დიდი ოპტიმისტი ან ძალიან დიდი გონებანაღძობი უნდა იყოს მავანი ასეთ საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული უწოდოს, ხოლო ისეთს, რომელიც გვქოდა — მონობა. ასეთს, რომელშიც ერთი მდიდარი, იატაკქვეშეთიდან, უფრო ზუსტად მთის ფერდობიდან მართავს ქვეყანას, მის მიერ დანიშნული მოჯამაგირე ხელისუფლებით, რომელსაც შეგნებულად (მეტადრე შეუგნებლად, გაუაზრებლად) ვარქმევთ დემოკრატიას; ისეთს კი ვლანძღავთ და ვაგინებთ.

მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთს მიწას ვაყრით, ფურთხით ვავსებთ. მისი დანახვა და გაგონება არ გვსურს, თან ისე, ვეღარც კი ვზომავთ ლანძღვა-გინების საზღვრებს. რუსეთი და მისი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით პრეზიდენტი პუტინი ისე გვყავს ამოჩემებული, როგორც ჩვენს წინაპრებს მონღოლი ურდოები, სპარსი აღა მაჰმად-ხანი ჰყავდათ.

ქართული პოლიტიკა და მისი დავალებით მედია — ჩასაფრებული რუსეთის წინააღმდეგ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ამ ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის. მოვიყვან ერთ უმნიშვნელო მაგალითს, რასაც ადგილი ჰქონა პუტინის სკოლის ბავშვებთან საუბრის დროს. ერთმა მოსწავლემ შეუსწორა პუტინს ისტორიული ფაქტი, რაც უმალ აიტაცა ქართულმა მედიამ და ხანგრძლივ რეჟიმში ატრიალა ტელეეკრანებზე, დაცინვით — ნახეთ რა უვიცია პუტინი, ბავშვიც კი უსწორებსო. არადა, ის აღარ გადასცა, პუტინმა რომ განუმარტა მოსწავლეს, რომლის მიხედვით პრეზიდენტი მართალი გამოდგა.

აი, ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში გიკვირს „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება — მწვანე შუქი აუნთოს „სამხედრო გზის“ ახალ ცხოვრებას. გიკვირს, იმიტომ, რომ 2012 წლიდან, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, მას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. საწინააღმდეგო კი — უამრავი.

„ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკური კურსი — დასავლეთისკენ მიმართული, იმაზე მკაფიოდ გამოიხატა, ვიდრე წინამორბედი ნაცების დროს. მარტო ის რად ღირს კონსტიტუციაში რომ ჩაიწერა — საქართველოს გზა ევროატლანტიკური სივრცეაო?! და ასეთ დროს, რუსეთისკენ მიმავალი გზის რეკონსტრუქცია?!

ქართულმა პოლიტიკამ, აღარაფერს ვამბობ ოპოზიციაზე, გაოცება ვერ დამალა და გადაწყვეტილება პოლიტიკური კურსის სავარაუდო შეცვლით ახსნა — აჰა, ღარიბაშვილს არ წყალობენ ევროკავშირ-აშშ-ი და ისივ იძულებულია ჩრდილოეთის გზას დაუბრუნდესო.

თქვენს პირს შაქარი! რა სჯობს ამას?! მაგრამ ვითომ მარტო ამასთან გვაქვს საქმე? ვითომ ასე იოლია ევროკავშირ-აშშ-ს კლანჭებიდან თავის დაძვრენა?!

მართალია, აშშ-ს, საკუთარი პრობლემებით დახუნძლულს, ავღანეთში დამარცხებულს და იქიდან კუდამოძუებულად გამოქცეულს, ისეთი ავტორიტეტი აღარ აქვს მსოფლიოში, თუნდაც მოკავშირე ქვეყნებში, როგორც ადრე, მაგრამ იმის ძალა მაინც აქვს ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში მიმდინარე პროცესები ხელიდან არ გაუშვას და მეტოქე რუსეთს არ ჩააბაროს.

წარსულზე ლაპარაკი, მითუმეტეს ვარაუდი, არაფრის მომტანია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობა ასე თავქარიანულად არ უნდა ჩაგვებარებინა სხვისთვის. გამართლება ამ გადაწყვეტილებისა მრავალია, მათ შორის ობიექტურიც — სამოქალაქო ომი, შიმშილი, სიცივე, გაუსაძლისობა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თვით რუსეთში არსებული ქაოსი. მაგრამ მას შემდეგაც ხომ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება, რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება?!

თავი დავანებოთ სააკაშვილისა და მისი ნაცების ანტიეროვნულ, ანტირუსულ, მოჭარბებულად პროამერიკულ მმართველობას. განა ივანიშვილისა და ქოცების მმართველობის დასაწყისშივე არ შეიძლებოდა რუსეთთან დანაპირები ურთიერთობების დალაგება?! რაში სჭირდებოდა ამ საკითხს 9 წლამდე გაჭიანურება?! „სამხედრო გზის“ რეკონსტრუქციას შეიძლება ვუწოდოთ ურთიერთობების დალაგება?!

არა! ვინაიდან ამ გზის რეკონსტრუქციაში ვერ ვხედავ რუსეთთან პოლიტიკის შეცვლის სურვილს. აქ სხვამ იჩინა თავი. უპირველესად კომერციამ, სატრანზიტო მარშრუტით შემოსულმა თანხებმა. თანხამ, რომელიც თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს და რომელსაც აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის, ასევე ევროპის განვითარების ბანკები იხდიან, ხოლო სამუშაოებს ჩინელები ასრულებენ.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო ის, უარი არ ეთქვა მშენებლობაზე, რისთვისაც მადლობა მას.

ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ — საქართველოს არ აქვს მდიდარი წიაღისეული, რომელიც მოიზიდავს ინვესტორს. რაც მას აქვს — გეოგრაფიული მდებარეობაა, რომლის გონივრული გამოყენება არანაკლებ შემოსავლიანი იქნება, ვიდრე წიაღისეულის.

საქართველოს, განგებამ არგუნა ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი, რასაც ის ვერ იყენებს. ერთ-ერთი აფხაზეთის რკინიგზაა. ომის დროს დანგრეული რკინიგზა დღესაც არ ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა — აკავშირებდა რა ამიერკავკასიას რუსეთთან, ევროპის ქვეყნებთან.

რკინიგზის აღდგენა თავისთავად აღადგენს ქართველ და აფხაზ ხალხთა კავშირებს, გააჩენს ერთობლივ ინტერესებს ბიზნესში, კულტურასა და ხელოვნებაში. სამწუხაროდ, დასავლეთის ბრძანებით თავს ვიკავებთ ამ გზის აღდგენაზე, რაც მძიმედ მოქმედებს სომხეთზეც. სომხეთ-ირანის რკინიგზის პატარა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ, სრული შესაძლებლობა გაჩნდება სამხრეთ—აღმოსავლეთ აზიიდან, ირან—სომხეთ—საქართველო—რუსეთის გავლით ტვირთების ევროპაში შეტანა, ისე, როგორც ევროპიდან აღმოსავლეთში.

ქვეყანას, რომელსაც ესოდენ სახარბიელო პერსპექტივა აქვს და არ იყენებს, ჭკვიანს ვერ დავარქმევთ. არადა, ეს რკინიგზა რომ თუნდაც 5 წლის წინათ ამუშავებულიყო, სულ სხვა, ცხადია პოზიტიური, სურათი გვექნებოდა აფხაზეთთან მიმართებაში.

ახლა, რაც შეეხება ოპოზიციის, განსაკუთრებით ნაცებისა და მისი ლიდერის სააკაშვილის განცხადებას — „სამხედრო გზის“ რეკონსტრუქციის შემდეგ რუსეთი იოლად შეძლებს საქართველოს დაპყრობას.

„პატივცემულებო“! რაღა „სამხედრო გზა“, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში არ არიან დაბანაკებულები? რად უნდათ „სამხედრო გზა“ ან აფხაზეთის რკინიგზა, აქ არ არიან?!

ხალხისთვის თვალში მტვერის შეყრა, თანაც ასეთის, იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ხალხს აქვს ამის სურვილი. საზოგადოებრივად მოაზროვნე ადამიანებს ასეთ სისულელეს არვინ აკადრებს! გარდა ამისა, რა დიდი პრობლემაა რუსეთისთვის საჰაერო დესანტის გადმოსხმა და ხელისუფლების დამხობა?!

ეს, ჩვენ გვგონია, რომ ამერიკელთა მიერ ისეთი გაწვრთნილი ჯარი გვყავს, რუსს რომ კუდით ქვას ასროლინებს. ასე ეგონათ ავღანეთში, მაგრამ სად გაქრა აშშ-ს გაწვრთნილი ავღანეთის 300000-იან არმია — არვინ იცის. ეძებენ და ვერ პოულობენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო ომმა მთელი რიგი საკითხები წამოსწია წინა პლანზე, მათ შორის კავკასიის სამი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთის, ირანის ეკონომიური კავშირის შექმნა. იდეა თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს ეკუთვნის.

დასაწყისში, თურქეთ-სომხეთის მუდმივი დაპირისპირების ფონზე ყველას ეგონა იდეა მკვდრად შობილია, მაგრამ განვლილმა მოკლე პერიოდმა გვაჩვენა, რომ არცთუ უიმედოდ არის საქმე, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის განცხადებაც ადასტურებს — წარმოთქმული მთავრობის სხდომაზე:

„ხელისუფლება მზად არის თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, რაც რეგიონში კომუნიკაციების აღორძინებას გამოიწვევს, კერძოდ თურქეთ-სომხეთის რკინიგზის მოძრაობის აღდგენას. ჩვენ მზად ვართ ისეთი ლაპარაკისთვის, რომელსაც უფრო ფართო კონტექსტი ექნება. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი რეგიონის ისეთ გზაჯვარედინად გადაქცევაზე — დასავლეთს რომ დააკავშირებს აღმოსავლეთთან, სამხრეთთან, ჩრდილოეთთან. ამ იდეას საჯაროდ მხარს უჭერს რუსეთი. ევროკავშირი, საფრანგეთი, აშშ-ი ასევე დაინტერესებული არიან პროექტით“.

ფაშინიანმა პასუხი გასცა ერდოღანს, რომელმაც ერთი კვირით ადრე თურქეთ—სომხეთის ურთიერთობების გაუმჯობესების მზადყოფნა გამოთქვა: „ანკარა მზადაა იმუშაოს ყველა მხარესთან მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, აღიაროს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. თუ სომხეთი მზადაა იმოძრაოს ამ მიმართულებით, ანკარას შეუძლია დაიწყოს მუშაობა სომხეთთან ურთიერთობის თანდათანობითი აღდგენისთვის. დროა მუდმივი გავხადოთ სტაბილურობა და მშვიდობა. შევქმნათ ეკონომიკური განვითარების და რეგიონული ურთიერთობებისთვის პირობები“.

საყურადღებო ფაქტია, რაც ქართული პოლიტიკისგან, განსაკუთრებით ხელისუფლებისგან გონებაგახსნილობას მოითხოვს და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, ქვეყანას ნამდვილი და არა მოჩვენებითი სატრანზიტო დერეფნის სტატუსს მიანიჭებს.

საქართველოს „სამხედრო გზასთან“ მრავალწლიანი ურთიერთობები მაკავშირებს — გასული საუკუნის 60-იან წლებში საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტში“ გიდ-ტარჯიმნად მუშაობის პერიოდიდან დაწყებული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ემახსოვრება საბჭოთა ლიდერის ხრუშჩოვის მიერ გამოცხადებული „დათბობის“ თაობაზე — დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესება, რასაც უამრავი უცხოელი, განსაკუთრებით ამერიკელი ტურისტი მოაწყდა საბჭოთა კავშირს, მათ შორის საქართველოს.

არ წყდებოდა ამერიკელი ტურისტების ჯგუფების ნაკადი. კვირის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც გვიხდებოდა თბილის-ორჯონიკიძის გზის გავლა თვალწარმტაცი „სამხედრო გზით“. მისმა ბუნებრივმა სიმდიდრეებმა გადააწყვეტინეს „ინტურისტის“ სათავო ოფისს ახალი მარშრუტის შექმნა სახელით — „კავკაზსკოე კოლცო“. მარშრუტის შესასწავლად თბილისის „ინტურისტის“ განყოფილებამ მოსკოვს მიგვავლინეს გელა ჩარკვიანი, თამარ ჩოფიკაშვილი და თქვენი მონამორჩილი. აპრილ-მაისში, ერთი თვით მოსკოველ კოლეგებთან ერთად, ავტობუსით უნდა გვემოგზაურა მოსკოვიდან ტულის, ორიოლის, ხარკოვის, როსტოვის, მინერალური წყლების, ორჯონიკიძის, თბილისის, სოხუმის, სოჭის, გელენჯიკის მიმართულებით და ისევ როსტოვის გავლით უნდა დავბრუნებულვიყვით მოსკოვში.

პროექტის მიხედვით, ტურისტებს მოსკოვის აეროპორტში უნდა დავხვედროდით, განგვეთავსებინა ისინი სასტუმროში, დაგვეთვალიერებინა მოსკოვის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, უზრუნველგვეყო მათი სპექტაკლებზე დასწრება „დიდ თეატრში“, სხვა თეატრებში და ა.შ. 3-4-დღიანი მოსკოვის სტუმრობის შემდეგ უნდა გამომგზავრებულიყავით ზემოთ მოყვანილ ქალაქებში — იქაც ისეთივე პროგრამით, როგორც მოსკოვში — სასტუმროში განთავსებით, ღირსშესანიშნავი ობიექტების მონახულებით და ა.შ.

კულმინაცია მოგზაურობისა იყო „საქართველოს სამხედრო გზა“, საქართველოს ქალაქები, … . და აი, ამ ერთთვიან მოგზაურობას, როგორც ტექნიკურ-საორგანიზაციო მომსახურების, ისე იდეოლოგიურ-ისტორიული დატვირთვის ურთულეს პასუხისმგებლობას გვაკისრებდნენ თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ მარტოს უნდა მოგეგვარებინა მთელი რიგი საკითხები, უნდა გვცოდნოდა იმ ქალაქების ისტორია და თანამედროება, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ერთად გავივლიდით. მხოლოდ შენ იყავი ვალდებული პასუხი გაგეცა უცხოელთა მიერ დასმული კითხვებისთვის, გადაგეჭრა სპონტანურად წამოჭრილი პრობლემები — 30 ამერიკელისთვის, რომელიც ავსებდა ავტობუს „ლაზს“.

„ინტურისტში“ მიღებული ცოდნა-განათლება დღემდე მომყვა, გაამდიდრა რა ჩემი და ჩემი კოლეგების მსოფმხედველობა, გაგვაცნობიერა არა მარტო ისტორიაში, არამედ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და ა.შ. ინგლისურ ენაზე შეგვასწავლა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგია, გაგვიღვივა სიყვარული სამშობლოსადმი.

„ინტურისტის“ შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვიყავი, უამრავი ქალაქი, დასახლებული პუნქტი, ბუნებრივი სიმდიდრე მოვინახულე, რომელთა შორის „საქართველოს სამხედრო გზა“ გამორჩეულია. ასეთს, თვალისჩინივით გაფრთხილება, მოვლა სჭირდება და რაც მთავარია ჯეროვანი დაფასება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი