სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია, არის Just App – ბრეგაძე

ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო.

სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია, არის Just App - ბრეგაძე

ფოთის იუსტიციის სახლი რიგით მეხუთეა, რომლის თანამშრომლებსაც იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. რატი ბრეგაძემ უწყების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები მათ პირადად გააცნო. ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

ერთ-ერთი სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია, არის „Just App“, იგივე ციფრული იუსტიციის სახლი. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით დისტანციურად შეეძლება.

10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორისაა „მობილური იუსტიციის სახლი“, ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, „პრობ ბოქსი“ და სხვა.

ფოთის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ხვალ უკვე სამეგრელოს ეწვევა. რატი ბრეგაძე სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნობს.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი ჩხოროწყუში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ეს იქნება რიგით მეცხრე ფილიალი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში მოქალაქეებს მოემსახურება.

ამასთან, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნება. პრობაციის ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

რატი ბრეგაძემ უწყების სტრატეგია უკვე წარუდგინა ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის მინისტრი სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას რეგიონებში მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.

წყარო: itv.ge