შევდივარ თქვენს მდგომარეობაში — გახარია “იმედის” ჟურნალისტებს

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია თავის ნარკოტესტთან დაკავშირებით “იმედის” მიერ მომზადებულ მასალას ეხმიანება. ის ტელეკომპანიის მხრიდან მოვლენების ცალმხრივ გაშუქებაზე საუბრობს და კვლავ მოუწოდებს “იმედს”, დაუთმოს ეთერი, რათა ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცეს.

შევდივარ თქვენს მდგომარეობაში — გახარია “იმედის” ჟურნალისტებს

“მივმართავ ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ.

აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე, აქ უკვე ვსაუბრობ იმაზე, რომ გუშინ ავსტრიიდან ალაპარაკეთ ჟურნალისტს ის, რისი დამადასტურებელი ერთი ფაქტი, ერთი წინადადებაც კი, ვერ წარმოადგინეთ და პირდაპირ წამომიყენეთ ბრალდება.

იქვე თქვით, რომ ძალიან გაინტერესებდათ, ამაზე რა პასუხს გაგცემდით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, პატივი ვცეთ თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს და მივცეთ შესაძლებლობა პირადად ჩემგან პირდაპირ ეთერში მოისმინონ ეს პასუხი”, — დასძენს ის.

გიორგი გახარიას თქმით, მზადაა, პირდაპირ ეთერში, “ექსკლუზიურად” ისაუბროს ნარკოტესტთან დაკავშირებით “ოცნების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციისა” და ავსტრიაში თავისი “ერთდღიანი ვიზიტის შესახებ”.

“აქვე, მინდა ვუთხრა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს – გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ნარკოტესტის საკითხი და “იმედის სიუჟეტი”

ნარკოტესტის ჩატარების საკითხი მაშინ გახდა აქტუალური, როცა თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ, მერობის სხვა კანდიდატებს მოუწოდა აღნიშნული ტესტის ჩატარებისკენ მას შემდეგ, რაც ეს თავად გააკეთა.

მოგვიანებით, გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებები გააკეთეს „ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გახარიას „კოკაინშიკი“ [კოკაინის მომხმარებელი] უწოდა.

აღნიშნულის საპასუხოდ, 17 სექტემბერს, გახარიამ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.

დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი.

„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა“ ,— წერდა გახარიას ოფიციალური ფეისბუკგვერდი.

აღნიშნულის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი ვენაში ჩავიდა, სადაც, მისი თქმით, სცადა იმის “გადამოწმება”, მართლაც ჩაიტარა თუ არა პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა ნარკოტესტი.

ჟურნალისტი ვენის ერთ-ერთ ქუჩაზე დახვდა ექიმ მუჰამად ბაღეის, რომლის სახელიც გახარიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია მითითებული. “იმედის” კორესპონდენტი ბაღეის გახარიასა და მისი ნარკოტესტის შესახებ უსვამდა კითხვებს, რაზეც ექიმი პასუხობდა, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

 

“ნეტგაზეთი”