გივი სიხარულიძე სააკაშვილზე: “როგორც პოლიტიკოსი, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ამ ნაბიჯით თავი გაიცოცხლა”

გუშინ, საქართველოში კიდევ ერთი მშფოთვარე არჩევნები ჩატარდა – თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც აჩვენა თუ რამდენად დაქსაქსული და პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება. მსახიობმა, მწერალმა, მოცეკვავემ, სპორტსმენმა გივი სიხარულიძემ 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ქართული პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებზე თავისი მოსაზრებები “კვირის პალიტრას” გაუზიარა:
გივი სიხარულიძე სააკაშვილზე: "როგორც პოლიტიკოსი, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ამ ნაბიჯით თავი გაიცოცხლა"
 
– ბატონო გივი, რატომ ხდება, რომ არჩევნები საქართველოში ყოველთვის შფოთის და დაპირისპირების წყარო ხდება?

– ჩვენი ქვეყანა და საერთოდ, ნებისმიერი ქვეყანა რომ დამშვიდდეს,ისეთი ლიდერი უნდა ჰყავდეს, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს, თანაც, ეს ლიდერი თავის ხალხსაც უნდა უყვარდეს. ასეთი ლიდერი რამდენი გვყავს? – ალბათ, ერთსაც ვერ დამისახელებთ. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა უფრო გაამართლებს, მაგრამ ე მაინც მგონია, რომ ლიდერის გარეშე არაფერი გამოვა.

 

– თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ ერთი კაცის მმართველობა ხშირად ბელადომანიაში გადადის.

– ჩვენ ისეთი ლიდერი გვჭირდება, რომელსაც საქართველოსთვის თავგანწირვა შეუძლია. ჩემს ცნობიერებაში ასეთი კაცი მერაბ კოსტავა გახლდათ. ის ქართველ ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ პირველ კაცობაზე მაინც უარი თქვა. მე არც ერთი პარტია არ მიყვარს, არც კომუნისტები მომწონდა, მაგრამ მათ შორისაც იყო ერთი ლიდერი – ჟიული შარტავა, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარდა და ამ სიყვარულს შეეწირა კიდეც.

 
– თანამედროვე პარტიებზე რას გვეტყვით?

– ყველა პარტია მეზიზღება – “ოცნებით” დაწყებული, სხვა – ორკაციანი პარტიებით დამთავრებული, რადგან მათ რიგებში საკუთარ თავზე შეყვარებულ ნაძირლებს ვხედავამ ხალხს ჩემი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია! შესაძლოა, ვიღაც-ვიღაცებს ეს სიტყვები არ მოეწონოთ, მაგრამ ცივი წყალი დალიონ – რა უნდა წამართვან? – დიდი ქონება მაქვს, მაღალი თანამდებობა თუ რა?

 
– ამ არჩევნების მთავარ მოთამაშეებზეც ვისაუბროთ: თქვენი აზრით, როგორი ლიდერები არიან კახა კალაძე, ნიკა მელია და გიორგი გახარია?
– მე ნიკა მელიაზე ყველგან და ყოველთვის ვამბობ: მართალია, მისი პარტიისა არ მჯერა, მაგრამ თავად ნიკა მელია მომწონს, როგორც მებრძოლი სულის პიროვნება – ის ბარიკადებზე მებრძოლი კაცია. მის იდეებს არ ვიზიარებ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რასაც მასზე ვფიქრობ. უფრო მეტიც: “ნაციონალურ მოძრაობაში” რომ არ იყოს, ნიკა მელია დღეს საქართველოში უპირობო ლიდერი იქნებოდა. მისი მთავარი უბედურება სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ყოფნაა.
გიორგი გახარიაზე კი, ერთ რამეს გეტყვით: მე მისი ოპოზიციონერობა ვერ წარმომიდგენია.
– რატომ?
– გახარია ჭკვიანია და იმ ხის ტოტს არ მოჭრის, რომელზეც აღმოცენდა. ის ბიძინა ივანიშვილის “ტოტზე” იჯდა და არა მგონია, ეს ტოტი მოხერხოს. მისი ოპოზიციონერობისა ისევე მჯერა, როგორც იმის, რომ მე – ჩინეთის იმპერატორი ვარ.

 

– ოფიციალური მონაცემებით, კახა კალაძემ ამ არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა. ენდობით ამ მონაცემებს?

– კახას დღეს ბევრი აგინებს, მაგრამ როგორ არ უნდა ვთქვა, რომ ამ კაცმა ჩემი თბილისი ძალიან გაალამაზა? ქალაქი ბოტანიკურ ბაღს დაემსგავსა და მიხარია, მის ქუჩებში რომ დავდივარ. ამ ყველაფრის მიღმა კორუფცია იმალება თუ რა ხდება, ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, რომ ის ცუდი მერია ან ამ ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია.

 
– აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე და მის დაპატიმრებაზეც. თქვენი აზრით, რა იყო ეს?

– ჩემი აზრით, სააკაშვილმა ყველაზე სწორი სვლა გააკეთა, რაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაუკეთებია. როგორც პოლიტიკოსი, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ამ ნაბიჯით თავი გაიცოცხლა. საქართველოში ჩამოსვლით მან უდიდესი დივიდენდი მიიღო, რადგან მთელი მსოფლიო მასზე ალაპარაკდა. რა თქმა უნდა, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ამ ნაბიჯის სისწორე უნდა ვაღიარო.

– თუმცა, თვითონ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ “შეკერილი საქმეებია” აღძრული, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, “ქართული ოცნების” გარდა.

– არ შემიძლია ვიღაცები განვსაჯო და იმაზე ვილაპარაკო, რაც არ ვიცი, მაგრამ მეც არ მომწონდა უსამართლობა, რომელიც მისი მმართველობის დროს ხდებოდა. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ნიჭიერია, სააკაშვილს ის წარსული რომ არ ჰქონდეს, რის გამოც ედავებიან, ვიტყოდი, რომ ნელსონ მანდელას მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს მარტო თავად არ გადაუწყვეტია: მას ევროპასა და ამერიკაში კარგი მრჩევლები ჰყავს, ეტყობა, რომ ასე ურჩიეს და სააკაშვილმაც დაუჯერა.

 
– ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მისი ჩამოსვლა “ოცნებასთან” წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია…

– შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ახლა მთავარია, მომავალში როგორ მოიქცევა, როგორ ნაბიჯებს გადადგამს. შეიძლება ისე მოიქცეს, რომ კვლავ საქმე გაიფუჭოს, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია.

– დაბოლოს, ამ არჩევნების საბოლოო ბედი 30 ოქტომბერს – მეორე ტურზე უნდა გადაწყდეს. თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რას ელოდებით მეორე ტურისგან?

– ალბათ, მეორე ტურში ხელისუფლება გაიმარჯვებს, რადგან ყველა ბერკეტი მის ხელშია. ათას მამაძაღლობას ჩაიდენენ, რომ არჩევნები მოიგონ, მაგრამ არსებობს გამარჯვება, რომელსაც დამარცხების სუნი ასდის და არსებობს დამარცხება, რომელიც გამარჯვების შარავანდედითაა მოსილი. არავინ იცის: შეიძლება მათმა გამარჯვებამ დამარცხება გამოიწვიოს, ან პირიქით – დამარცხებას დიდი გამარჯვება მოჰყვეს. ოღონდ, არ ეგონოს ამ ორ მხარეს – პოზიციას და ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე დაისაკუთრეს. არავის ეგონოს, რომ საქართველოს ისტორია მათით მთავრდება. მომავალი თაობა მოდის და სულ კუდით ქვას ასროლინებს ყველა მოღალატე პოლიტიკოსს, რომელსაც სახალხო არტისტის წოდება უფრო შეეფერება, ვიდრე პოლიტიკოსისა. ეს ხალხი სიცრუეს ისე ოსტატურად ამბობს, რომ მათი გენიალურ მსახიობებსაც კი შეშურდებათ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)