რა მრავალსვლიანი კომბინაცია ჩაუტარა ბერიამ ფაშისტებს 1944 წელს

ლავრენტი პავლეს ძე ბერია არა მარტო სანიმუშო ორგანიზატორი იყო, არამედ დაჯილდოებული იყო წინასწარ განჭვრეტისა და კომბინირების გენიალური უნარით. უბრალოდ რომ ვთქვათ, ბერია ერთი საქმის შესრულებისას „რამდენიმე კურდღელს“ იჭერდა და ამ დროს ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა. გენერალი პავლე ფიტინი:

რა მრავალსვლიანი კომბინაცია ჩაუტარა ბერიამ ფაშისტებს 1944 წელს

„1943 წლის დეკემბერში საბჭოთა დაზვერვის საგანგებო-ოპერატიულმა რაზმმა უკრაინაში გერმანელი ფაშისტ-დივერსანტების 22-კაციანი რაზმი ერთი გასროლის გარეშე შეიპყრო. ისინი ადგილზევე დაჰკითხეს და გაირკვა, რომ უკრაინაში იმ მიზნით იყვნენ გადმოსროლილები, რომ გათავისუფლებული საბჭოეთის ზურგში მათ უმძლავრესი, რამდენიმე პარტიზანული დაჯგუფება შეექმნათ და სისხლი გაეშროთ მოსახლეობისთვის. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრი ანტიკომუნისტი ცხოვრობდა, რომლებიც საბჭოთა წყობილებას ვერ იტანდნენ და ფაშისტები, სწორედ, მათზე ამყარებდნენ იმედებს. ბევრი უკრაინელი ფაშისტური ოკუპაციის დროს „პოლიცაებად“ მსახურობდა და ხალხის წამებაში გაიწაფეს ხელი. სწორედ, ასეთი არაადამიანები სჭირდებოდათ ფაშისტებს. ბევრმა მათგანმა მოახერხა საოკუპაციო ჯარებთან ერთად გაქცევა. ხოლო ვინც ვერ გაიქცა და ნებსით თუ უნებლიეთ, უკრაინაში დარჩა, პარტიზანულ რაზმებში უნდა გაერთიანებულიყვნენ. პრინციპში, სწორი გათვლა იყო, მაგრამ ფაშისტებმა ის ვერ გაითვალისწინეს, რომ საბჭოთა დაზვერვას ყოფილ „პოლიცაებში“ აგენტები ჰყავდა. სწორედ, ასეთი აგენტის მეშვეობით შევიტყვეთ ფაშისტი დივერსანტების გადმოსხმის ამბავი. ერთი სიტყვით, მათ ჩვენ ველოდებოდით. საამისოდ წინასწარ მოგვამზადა ბერიამ და შედეგმაც არ დააყოვნა. 22 დივერსანტისგან შემდგარი მაქსიმილიან ფოგელის რაზმი მშვიდობიანად „ჩავიბარეთ“. ფოგელი ადგილზევე დაჰკითხეს და თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის უყოყმანოდ დათანხმდა. თანხმობა განაცხადა რაზმის დანარჩენმა 21-მა წევრმაც. ფოგელის თქმით, ტყეში მშვიდობიანი დაშვების შემთხვევაში, მათ პირობითი რადიოგრამა უნდა გაეგზავნათ ბერლინში და ასეც მოხდა. ფოგელის დაკითხვის დროს ცნობილი გახდა, რომ მათ რაზმს კურატორობდა უვე კრაუზე. „ეს-ეს”-ის ეს პოლკოვნიკი კუნძულ პენემიუნდეს კომენდანტი იყო. ეს კუნძული ბალტიის ზღვაში მდებარეობდა და იქ ფერნერ ფონ ბრაუნი ბალისტიკურ რაკეტებს „ფაუს“ ამზადებდა. საბჭოთა დაზვერვა ვერაფრით ახერხებდა იქიდან ინფორმაციის მიღებას. თუმცა ის კი იცოდნენ, რომ იქ კომენდანტი უვე კრაუზე იყო და სწორედ, მისი დამსახურებით ინახებოდა ზედმიწევნით ყველა საიდუმლო. ეს 39 წლის ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით იყო გამორჩეული. როდესაც ბერიას მოახსენეს კრაუზეს შესახებ, მან თქვა: “რადგან ამ დივერსიულ რაზმს კრაუზე კურატორობს, ესე იგი, ფაშისტებს ძალიან დიდი მიზნები აქვთ დასახული და ისე უნდა მოვახერხოთ, რომ კრაუზე ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვიტყუოთო”.

აი, სწორედ, ეს იყო ერთ „საქმეში რამდენიმე კურდღლის დაჭერა“ და ბერიამ მრავალსვლიანი კომბინაცია განახორციელა: ფაშისტი დივერსანტების მეთაური ბერიას მოსკოვში მიჰგვარეს. ბერია მას 2 საათის განმავლობაში ესაუბრა. ისნტრუქტაჟი ჩაუტარა და უკან გაამგზავრეს. ფოგელმა კი ჩასვლისთანავე კრაუზეს ბერლინში გაუგზავნა რადიოგრამა. მასში ეწერა: „ჩვენი რაზმის წევრთა ნახევარი ფიქრობს, რომ ისინი ხელმძღვანელების მიერ საზარბაზნე ხორცად არიან მიტოვებული და ითხოვენ, პირველ რიგში, რომელიმე მეთაურთან შეხვედრას. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ამასთან, მირჩიეთ რა მოვიმოქმედო“. ასეთი შინაარსის რადიოგრამის გაგზავნა იმ მიზნით იყო ჩაფიქრებული, რომ უკრაინის ტყეებს თავად კრაუზე ეწვეოდა და ბერიას გათვლამ გაამართლა. საპასუხო რადიოგრამას უვე კრაუზე აწერდა ხელს. მასში ეწერა: „ერთ კვირაში პირადად ჩამოვფრინდები და სიტუაციას ადგილზევე გავეცნობი. თქვენ კი გევალებათ, რომ აბუნტებულები როგორმე გააჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრიტეთ. კრაუზე“. ბერიამ რომ ეს ინფორმაცია მიიღო, სუდოპლატოვი გამოიძახა და მას სპეციალური დავალება მისცა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „კრაუზეს დახვედრა ბერიამ მე დამავალა. ეს კი ასე უნდა განხორციელებულიყო: მას მერე, რაც ფაშისტი პოლკოვნიკი პარაშუტით გადმოხტებოდა ტყეში, ჩვენს მეზენიტეებს ის თვითმფრინავი უნდა აეფეთქებინათ, რომლითაც კრაუზე ჩამოიყვანეს. ერთი სიტყვით, იმისი ილუზია უნდა შექმნილიყო, რომ თითქოს კრაუზეც თვითმფრინავში აფეთქდა. ეს ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და კრაუზე პირადად მე მივუყვანე ბერიას კაბინეტში. დავკითხეთ, კუნძულ პენემიუნდეზე სრულყოფილი ინფორმაცია მივიღეთ და ახალი ოპერაციისთვის დავიწყეთ მზადება. ეს ოპერაცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ კუნძულზე უნდა შევჭრილიყავით და თუკი „ფაუს“ ხელში ვერ ჩავიგდებდით, მაშინ იქაურობა მიწასთან გაგვესწორებინა. ამ მიზანსაც მივაღწიეთ. „ფაუს“ ნახაზები მოვიპოვეთ და უკვე საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნას მივყავით ხელი…“

რაც შეეხება ფოგელის რაზმს, კრაუზეს „ტრაგიკული დაღუპვის“ მერე იქ სხვა პოლკოვნიკი გადაისროლეს, რომელმაც „სიტუაცია მოაგვარა“ და ბერლინში დაბრუნდა (ის საბჭოთა დაზვერვამ არ დააკავა). ფაშისტების ამ რაზმს ბერლინიდან საჰაერო გზით ომის დამთავრებამდე უგზავნიდნენ დიდძალ იარაღსა და პროდუქტებს, რომლებსაც „ჩეკისტები“ იღებდნენ. ამგვარად, ბერიას მორიგმა მრავალსვლიანმა კომბინაციამ სრულად გაამართლა და ფაშისტები კიდევ ერთხელ დარჩნენ „მშრალზე“.

 

ავტორი: ნიკა ლაშაური (“თბილისელები”)