”ავანტიურაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, დაისაჯა” – დიმიტრი მედვედევი

26 სექტემბერს გერმანიაში ბუნდესტაგის – ფედერალური პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ანგელა მერკელი მასში უკვე აღარ მონაწილეობს: ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელმძღვანელის – კანცლერის პოსტს დატოვებს.

”ავანტიურაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, დაისაჯა” – დიმიტრი მედვედევი

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ანგელა მერკელი – კრიზისების ეპოქის კანცლერი“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსები – ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, ტონი ბლერი, ფრანსუა ოლანდი, აჰმედ დავუთოღლუ და სხვები მისი 16-წლიანი მმართველობის შედეგებზე საუბრობენ და აღწერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს გერმანიის კანცლერთან შეხვედრების დროს.

„დოიჩე ველეს“ ერთ-ერთი რესპოდენტი გახდა რუსეთის ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი (ამჟამად რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე), რომელმაც ანგელა მერკელი პირადად გაიცნო კანცლერად არჩევის შემდეგ და მომდევნო წლებში მას რამდენჯერმე შეხვდა.

რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ დიმიტრი მედვედევის საუბრის (ინტერვიუს) მასალებს ფილმის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტებთან. რუსეთის ყოფილი ლიდერი, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს 2008 წლის აგვისტოში, მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ ომზე საქართველოსთან.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები რუსეთსა და დასავლეთს შორის დამოკიდებულების გაცივების მიზეზად ჩაითვალოს, დიმიტრი მედვედევი პასუხობს:

„არა, არ შეიძლება. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, პირობითად კოლექტიურმა დასავლეთმა და კერძოდ გერმანიამ, მისმა ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ პერიოდში საკმაო სიბრძნე გამოავლინა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გაეუარესებინა“.

დიმიტრი მედვედევი არ თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი „ის ტრიგერი, ის სასხლეტი გახდა, რომელმაც რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოების მექანიზმი „მოძრაობაში მოიყვანა“. სწორედ იმის გამო, რომ გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა (ალბათ, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის გამოკლებით, რომლებიც, რუსოფობიის გამო, ფანტომური ტკივილებით იტანჯებიან), შეძლეს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება გონივრულ ფარგლებში“.

დიმიტრი მედვედევმა გაიხსენა თავისი შეხვედრა ანგელა მერკელთან სოჭში 2008 წლის 15 აგვისტოს, როცა საოქმო ნაწილის შემდეგ მათ შავი ზღვის ნაპირზე გაისეირნეს:

„ანგელა მერკელი მეუბნება: „იცი, მე მითხრეს, რომ შენს გვერდით ყოფნის დროს უკეთესია არაფერი არ ვთქვა და შეიძლება ხელიც არ ჩამომერთმია შეხვედრის დროს“. მე ვეუბნები: „ესე იგი, გამოდის, რომ შენ  მოცემული რეკომენდაციები დაარღვიე…“. ჩემი აზრით, სწორედ ასეთ მიდგომებში გამოიხატა ანგელა მერკელის ხასიათი – მას რაღაც ურჩიეს, მაგრამ იგი მაინც თავისებურად მოიქცა, საკუთარი თვალსაზრისის მიხედვით… და ეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი პოზიციაა. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამ ძალიან რთული ეპიზოდისა ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, კონტაქტები არ გაგვიწყვეტია. პირიქით, ჩვენ ერთმანეთს განვუმარტეთ საკუთარი თვალსაზრისები და ორივე მაინც საკუთარ პოზიციებზე დავრჩით – შევინარჩუნეთ იმ ურთიერთგაგების ის დონე, რომელიც იმ პერიოდში ჩამოყალიბდა“, – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

„რასაკვირველია, ჩვენი შეფასებები განსხვავებული იყო, თუმცა, როგორც მახსოვს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსაც და საფრანგეთის პრეზიდენტსაც [ნიკოლა სარკოზის] მშვენივრად ესმოდათ,  რომ იმ მოვლნების ინციატორები ჩვენ არ ვიყავით, რადგან საქმე ნამდვილად ეხებოდა ქართული ხელმძღვანელობის თავდასხმას, უფრო სწორად, იმ გადაწყვეტილებას, იმ ავანტიურის დაწყებას, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა] მიიღო, ამერიკელებთან მოთათბირების შემდეგ, 2008 წლის ივლისში, რისთვისაც იგი დაისაჯა კიდეც“.

„მაგრამ მოვლენები შემდეგ ისეთი სახით განვითარდა, რომ მე მომიწია გადაწყვეტილების მიღება არამარტო ძალის გამოყენების თაობაზე სპეციალური საჯარისო ოპერაციის ჩატარების მიზნით, არამედ საქართველოსაგან გამოყოფილი ნაწილების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] აღიარების თაობაზე… მაგრამ ამასაც, საბოლოო ჯამში, პოზიციების განსხვავების მიუხედავად, ხელი არ შეუშლია პროდუქტიულად გაგვეხილა სხვადასხვა საკითხები ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები: https://www.youtube.com/watch?v=YJLzd8EK__g

https://tass.ru/politika/12437207