უცხოეთი „დიპლომატებმა სერიოზული გაკვეთილი მიიღეს“ – ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნიდან 10 სახელმწიფოს ელჩს აღარ გააძევებს. ამის შესახებ france24.com იუწყება.

უცხოეთი „დიპლომატებმა სერიოზული გაკვეთილი მიიღეს“ - ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

ელჩების შესაძლო გაძევების შესახებ ერდოღანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დიპლომატებმა ციხეში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით კი ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ისინი პატივს სცემენ გაეროს კონვენციას, რომლის მიხედვით დიპლომატები მიმღები ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევიან.

როგორც ერდოღანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელჩებმა გაკვეთილი მიიღეს და მომავალში უფრო ფრთხილები იქნებიან.

„ჩვენი ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ კრიზისი შევქმნათ, არამედ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, პატივს და სუვერენულ უფლებებს“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას აშშ-ის, გერმანიის და კიდევ 8 ქვეყნის საელჩოებმა სამოქალაქო აქტივისტის ოსმან კავალას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. კავალა 4 წლის განმავლობაში ციხეში სასამართლოს განაჩენის გარეშე იმყოფება. ის 2014 წელს ანტისახელმწიფოებრივი პროტესტების დაფინანსებაში და 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაშია ბრალდებული.

ელჩებთან დაკავშირებული კრიზისი თურქული ლირის კურსზეც აისახა. 1 აშშ დოლარის ფასი ამჟამად 9,6 ლირას შეადგენს.