„უსახლკარო ეროვნებები“: ზახაროვამ განმარტა, როგორ უნდა დაალაგოს აშშ-მა რუსეთთან ურთიერთობა

შეერთებულმა შტატებმა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩიხში შესული ამერიკულ-რუსული ურთიერთობების განსაბლოკად, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ Россия 1-ს.

„უსახლკარო ეროვნებები“: ზახაროვამ განმარტა, როგორ უნდა დაალაგოს აშშ-მა რუსეთთან ურთიერთობა

ასე უპასუხა მან შეკითხვას, არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ მოგვარდეს ვაშინგტონთან ვიზებთან დაკავშირებული კრიზისი და ასევე სხვა პრობლემები.

„ეს შანსი არ არის, ეს არის კონკრეტული დავალება, რომლითაც დატოვა კიდეც ქალბატონმა ნულანდმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. <…> თუ მათ ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა და რაღაც ნორმალური მომავალი სურთ ამ მხრივ, მათ მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმ ვითარების განსაბლოკად, რომელიც თავადვე შეიყვანეს ჩიხში“, — თქვა ზახაროვამ.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც ამერიკის ვიზის მიღება სურთ, კატეგორია Homeless Nationalities-ში შეიყვანა, რაც სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც „უსახლკარო ეროვნებები“.
ამერიკული დიპლომატიური უწყების საიტზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, „უსახლკარო“ განმცხადებლებად მიიჩნევიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებშიც აშშ-ს არ გააჩნია საკონსულო წარმომადგენლობა, ან პოლიტიკური ვითარება იმდენად არასტაბილურია, რომ ამერიკელ დიპლომატებს ეკრძალებათ ვიზის მიღებაზე განაცხადების განხილვა. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში არიან: სომალი, ვენესუელა, სირია და ირანი.

გარდა ამისა, „უსახლკარო“ ეროვნებები მიეწერებიან ერთ ან რამდენიმე მეზობელი სახელმწიფოს საკონსულოებს. შესაბამისად, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აზუსტებს, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ამერიკული ვიზის მისაღებად ვარშავას მიმართონ.
აშშ-ის საელჩომ მიმდინარე წლის მაისში შეაჩერა ყველა არადიპლომატიური არასაიმიგრაციო სავიზო მომსახურება, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებით ახსნა. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოს ადგილობრივი და უცხოელი პერსონალის დაქირავება აუკრძალა სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.