ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30 წელიწადი – სამი უმნიშვნელოვანესი გზაგასაყარი

მალე 30 წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. უზარმაზარი ტერიტორია 22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრის მოცულობით, ქაოსის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.  მაგრამ ეს მხოლოდ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხებისთვის არ იყო გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. 1991 წლის მიწურულს აშშ და ბევრი ევროპული სახელმწიფო უკიდურესად შეშფოთებული იყო დესტაბილიზაციის უკონტროლო პროცესით, ვინაიდან საქმე საბჭოეთის ბირთვული შეიარაღების არსენალის ბედს ეხებოდა.

ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30 წელიწადი - სამი უმნიშვნელოვანესი გზაგასაყარი

კერძოდ, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო შენაერთები, რუსეთს გარდა, უკრაინასა და ყაზახეთში იდგნენ. მარტო ყაზახურ სტეპებში 100-ზე მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო განთავსებული, ისევე, როგორც ათასზე მეტი ბირთვული ქობინა. ქაოსის შემთხვევაში, ბირთვული მასალის ტერორისტების ხელში მოხვედრის ალბათობა არსებობდა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ყაზახეთის ულბინის ქარხანაში 1994 წელს აღმოჩენილ იქნა მოსკოვის მიერ ვითომ „დავიწყებული“ საიდუმლო საწყობი, 600 კილოგრამი გამდიდრებული საბრძოლო ურანით. ამის შესახებ საერთაშორისო ტერორისტებმაც შეიტყეს. საჭირო გახდა სახიფათო ტვირთის საიდუმლო ევაკუაცია ყაზახეთისა და ამერიკული სპეცსამსახურების მიერ – სპეცოპერაციას კოდური სახელი «Сапфир» მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს მილიარდობით დოლარს სთავაზობდნენ იმისათვის, რომ მას ბირთვული იარაღი შეენარჩუნებინა, რის შედეგადაც მსოფლიოს რუკაზე პირველი ბირთვული მუსლიმანური სახელმწიფო გაჩნდებოდა. ერთხელ ყაზახეთში ლიბიის იმჟამინდელი ლიდერის, მუამარ კადაფის თვითმფრინავი დაჯდა, შეფუთული დოლარებით სავსე. ეს ფული განკუთვნილი იყო ბირთვული არსენალის შესანარჩუნებლად. ძნელი და ცუდი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, ახალგაზრდა რესპუბლიკის მეთაური ნ. ნაზარბაევი რომ დაჰყოლოდა იოლი ფულის ცდუნებას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელშიც მაშინ ქვეყანა, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, იმყოფებოდა. ეს იყო გადამწყვეტი გზაგასაყარი ყაზახეთისთვის, რომელმაც, საერთო ჯამში, არჩევანი ატომური იარაღისგან თავისუფალი სტატუსის მქონე სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთა.

თუმცა მანამდე, ამ გადაწყვეტილებას, 1991 წლიდან მოყოლებული, ურთულესი მოლაპარაკებები უსწრებდა წინ. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს წარმართავდა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. აშშ მიზნად ისახავდა, რომ საკითხი თავისთვის მინიმალური საფინანსო ხარჯებით გადაწყვეტილიყო, ხოლო ნურსულთან ნაზარბაევის ამოცანას უსაფრთხოების იურიდიული გარანტიების მიღება ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან და მათთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში, ცენტრალური აზია ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სივრცედ იქცა, ხოლო ყაზახეთი რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ლიდერი გახდა და თან მსოფლიოში ანტიბირთვული მოძრაობის ავანგარდში ჩადგა.

მეორე გზაგასაყარი, რომელსაც ისტორიის სავსებით წარმოუდგენელი მიმართულებით შებრუნება შეეძლო, იმავე 1991 წლის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – აგვისტოში მოსკოვში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება. სსრკ პრეზიდენტი გორბაჩოვი თავის დაჩაზე ყირიმში გამოკეტეს უკანონოდ შექმნილი ორგანოს – საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის („გეკაჩეპე“) წევრებმა და ძალაუფლება ხელში აიღეს. მაშინდელ რეგიონულ ლიდერებს პუტჩისთვის რომ დაეჭირათ მხარი, მივიღებდით საბჭოთა კავშირის ყველაზე უფრო ცუდ ვარიანტს, რეპრესიებითა და პრობლემათა ძალისმიერი გადაწყვეტით. და მაინც, როგორ მოიქცნენ რესპუბლიკური ელიტები? სადღაც პუტჩს მხარი დაუჭირეს, სადღაც – მომლოდინე პოზიციებზე დადგნენ. მაგალითად, უკრაინამ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გორბაჩოვის შინაპატიმრობაში აყვანა, თავი საერთოდ არ გამოავლინა. ყურადღების ცენტრში ყაზახეთი აღმოჩნდა, ვინაიდან ნაზარბაევის ფიგურა სსრკ-ის პოლიტიკურ არენაზე მძიმეწონოსანთა რიცხვს განეკუთვნებოდა – სწორედ მას შესთავაზეს საბჭოთა კავშირის მთავრობის სათავეში ჩადგომა. მაგრამ, ნაზარბაევი სხვებზე უფრო გამბედავი გამოდგა. მან უარი თქვა რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე და გეკაჩეპე ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა. როდესაც პუტჩისტებმა მოსკოვში თეთრი სახლზე შეტევა გადაწყვიტეს, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ელცინი იმყოფებოდა, ყაზახეთის ლიდერი ჩაერია საქმეში და დაძაბული მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად, მოახერხა პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დახმარების გაწევა.  არქივებში ინახება ნაზარბაევის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები სსრკ თავდაცვის მინისტრ იაზოვთან, რომელიც ნაზარბაევმა გონზე მოიყვანა და მინისტრმა მოსკოვში შეყვანილი ტანკები ისევ უკან გაიყვანა, შემდგომში კი ყველაფერ მომხდარს „დიდი სისულელე“ უწოდა.

მესამე გზაგასაყარი სსრკ-ს „იუგოსლავიის სცენარით“ დაშლას უქადდა. 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟში მიღწეული შეთანხმებების შედეგად, საბჭოეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე მმართველობის ტოტალური კრიზისი წარმოიშვა. სამმა საბჭოთა რესპუბლიკამ – რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ ფაქტობრივად ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის, როგორც „საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და გეოპოლიტიკური რეალობის“, არსებობის შეწყვეტის თაობაზე. და ეს იმ დროს მოხდა, როდესაც გრძელდებოდა მოლაპარაკებები სსრკ-ის კონფედერაციის ფორმატით შენარჩუნებაზე, რასაც მხარს უჭერდნენ დასავლეთის ქვეყნებიც, თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსის დაცემის შიშით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ტექტონიკური ძვრების გამოწვევა შეეძლო. დასავლეთი ცდილობდა, მხრებზე „ნაზად“ დაეწვინა თავისი მოწინააღმდეგე, რათა დაცემისას ბირთვული არსენალი არ შერყეულიყო, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. შედეგად მივიღეთ კონფლიქტების პროვოცირება უკვე ქაოსში ჩაფლული საბჭოეთის ტერიტორიაზე. იმ დროს უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული მთიანი ყარაბაღი, ისევე, როგორც მთელი კავკასია, დნესტრისპირეთი, ტაჯიკეტში დაძაბულობა მატულობდა, სადაც მალევე აღმოცენდა სამოქალაქო ომი. სლავურმა რესპუბლიკებმა თითქოს თავი მოიზღუდეს მზარდი კრიზისისგან, შექმნეს რა სამთა კავშირი. ტიურკულ რესპუბლიკებში, თავის მხრივ, საკუთარი გაერთიანების შექმნის თაობაზე ალაპარაკდნენ. ევრაზიის რუკაზე ახალი გამყოფი ხაზების წარმოშობის ალბათობა გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მეტ ეროვნულ და რელიგიურ კონფლიქტს გამოიწვევდა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს გლობალური არასტაბილობის წყაროდ გადააქცევდა.

რამ გააჩერა ეს პროცესი და მას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთმანეთისგან ცივილიზებული დაშორების სახე მისცა? უფრო ზუსტად – ვინ? – ნურსულთან ნაზარბაევმა. მან ყაზახეთის დედაქალაქში შეკრიბა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები, რამაც საბჭოეთის არსებობას ლეგიტიმური წერტილი დაუსვა და ახალი გაერთიანება – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შექმნა.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სწორედ ყაზახეთის ლიდერმა გახადა შესაძლებელი, სსრ კავშირის დაშლა, ყველასათვის შედარებით მსუბუქი ფორმით წარმართულიყო. ნაზარბაევის შემდგომმა ქმედებებმა ეს პროცესი მხოლოდ გაამყარა. ყაზახეთი გახდა შუა აზიაში სტაბილობის ღუზა. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველა მეზობელთან, მათ შორის, ნავთობით მდიდარ კასპიის ზღვაზე, შეძლო სასაზღვრო საკითხის მოგვარება. ჩინეთთან საზღვრის დადგენა ვერც რუსეთის იმპერიამ, ვერც საბჭოთა კავშირმა, მე-19 და, შესაბამისად, მე-20 საუკუნეებში, ვერ შეძლეს. ეს შეძლო ნურსულთან ნაზარბაევმა – შეძლო არა დათმობების, არამედ ურთიერთკომპრომისების მეთოდით. აი ერთი საკმაოდ მრავლის მეტყველი ციფრი: სსრ კავშირის შემადგენლობაში ყაზახეთის ტერიტორია 2 მილიონ 717 ათას კვ. კმ-ს შეადგენდა, ხოლო დამოუკიდებელი ყაზახეთის ტერიტორია დღეს შეადგენს 2 მილიონ 725 ათას კვ.კმ-ს. როგორც ვხედავთ, უმაღლეს დონეზე წარმატებული მოლაპარაკებებისა და დიპლომატების დაუღალავი შრომით,  ყაზახეთმა არა მხოლოდ ახალი ტერიტორიები შეიერთა, არამედ თანამედროვეობის მთავარი მადესტაბილიზებელი ფაქტორი მოაგვარა – დაუდგენელი საზღვრების საკითხი.

 

გიორგი წიგნაძე