“რაც შეეხებათ ეროვნულ, კონსერვატულ ძალებს” – ჰამლეტ ჭიპაშვილი

საბჭოთა კავშირი სამსახურში მიღებისას შრომის წიგნაკის წარდგენას ითხოვდა. სამწუხაროდ — ქვეყნისა და ხალხისა, 1990 წელს უზენაეს საბჭოში არჩეულთა უმრავლესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა შრომის წიგნაკზე.

"რაც შეეხებათ ეროვნულ, კონსერვატულ ძალებს" - ჰამლეტ ჭიპაშვილი

ეროვნული ხელისუფლების იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, შრომის წიგნაკის გახსნისას, უზენაეს საბჭომდე სამუშაო ადგილის და საქმიანობის მისანიშნებლად, რომელიც მას არ ჰქონდა, პროკლამაციების გამავრცელებლის „თანამდებობა“ ჩაუწერეს.

აცეტებული ბრბოს ძალისხმევით არჩეულმა ხელისუფლებამ, რა დღეში ჩააგდო ხალხი და ქვეყანა, ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ შესაბამისი დასკვნები დღემდე ვერ გააკეთა. და რომ ეს ასეა, ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება არჩეული იმ ევროპაში, საითკენაც ვითომ მივდივართ, იმ საბედისწერო მონაცემებით, რაც ხელისუფლებამ გვაკადრა ბოლო 9 წლის განმავლობაში. უმუშევრობა, უფულობა, შიმშილი, შეურაცხყოფა, სოციალური პირობების გაუარესება, სხვა მრავალი, ხელისუფალთა უკიდეგანო გამდიდრების ფონზე.

ეს და მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო ხალხისთვის მთავარი დევიზი მთავრობისთვის უარის სათქმელად და არა ნაცთა ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით მისთვის მხარის დაჭერა. ცხრა წლის განმავლობაში ხალხი რომ ხელისუფალთა ნასროლი ერთიდაიმავე პრიმიტივიზმით მოიტყუებს თავს — თუ მე არ ამირჩევ, ნაცი მოვაო, აშკარად მეტყველებს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის უქონლობაზე, საერთო განათლების სიმწირეზე, საზოგადოებრივ უპასუხისმგებლობაზე.

ნაცები არსად წასულან. სწორედ ხალხის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით მეორე პარტიად მოიხსენიება. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან ხალხის იმ თვისებების გამო, რომელიც ზემოთ ვახსენე.

„საზოგადოების დაკვეთაა, რომ კონსერვატიული, ეროვნული ძალები გამოჩნდნენ და მომძლავრდნენ პოლიტიკაში და ამ ძალებმა რეალურად ჩარეცხონ ნაციონალები. ამისთვის ხელისუფლებას თითი-თითზე არ დაუდვია“, —  აცხადებს ხათუნა საგინაშვილი.

ამ სიტყვებიდან 2 მთავარი და ჩემის აზრით აბსტრაქტული, მეცა თვალში. პირველი — „საზოგადოების დაკვეთა“; მეორე — „კონსერვატული, ეროვნული ძალები“.

„საზოგადოების დაკვეთა“ — ხშირად გვესმის, მაგრამ სახეში მტვრის შეყრის გარდა ამ სიტყვებს სხვა დატვირთვა არ გააჩნიათ. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. არასაზოგადოებრივი, არასახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ხალხი, თანაც საერთო განათლების, მით უმეტეს, პოლიტიკურის არმქონე, 50 ლარზე გასაყიდად გამზადებული ვერაფრის დამკვეთი ვერ იქნება.

მან თავისი „დაკვეთა“, ანუ აწმყო და მომავალი გაყიდა. მას სხვა „დაკვეთა“ არ შეუძლია — განათლება არ აძლევს ამის შესაძლებლობას. მას ტვინში აქვს ჩაბეჭდილი მითიური მხსნელის, ამირანის ზეციდან ჩამოფრენა მისი ცხოვრების მოსაგვარებლად.

30 წლის „დამოუკიდებლად“ არსებობაში თუ რამ შეიძინა — მხსნელზე, მესიაზე ოცნებაა. მან არ იცის, რომ ეს მხსნელი თვითონაა. ასე რომ, „ხალხის დაკვეთა“, რომელიც სისტემატურად ტრიალებს ჩვენს მედიაში, ისეთივე ცრუ შინაარსის მატარებელია, როგორც ზეციდან მოვლენილი მხსნელი.

რაც შეეხება „კონსერვატულ, ეროვნულ“ ძალებს — ეს ორი სიტყვაც ჩვენს რეალობაში ისეთივე ვირტუალურია, როგორც ზემონახსენები „დაკვეთა“, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს. რომ არსებობდეს შესაბამისი პირობები უნდა იყოს შექმნილი — ოჯახი, აღზრდა-განათლება, საზოგადოება და ა.შ.

ამ ორი სიტყვის შინაარსი კარგა ხანია ფულზე, გამდიდრებაზე „ოცნებამ“ ჩაანაცვლა. „კონსერვატიზმი, ეროვნულობა“ იმ ავადსახსენებელი საბჭოური პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, რომელსაც ზურგი შევაქციეთ და 30 წელია უმოწყალოდ ვლანძღავთ. რაც გვქონდა, ვერ შევიშნოვეთ, დავკარგეთ, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია.

ხელისუფლება, მით უმეტეს, მრავალპარტიულობის პირობებში, ვერაფრით გახდება „ეროვნული, კონსერვატული“ ძალის შემქმნელი. ხელისუფლებას სხვა ფუნქცია აქვს — დროის მცირე მონაკვეთში ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მისი არჩევანი სწორი იყო, ვინაიდან მან ყველაფერი იღონა დაპირებების შესასრულებლად.

„კონსერვატულმა, ეროვნულმა“ ძალებმა თვით უნდა გამოიჩინონ თავი. მათ არ უნდა სჭირდებოდეთ ხელისუფლების დახმარება. ასეთი რამ უცხო უნდა იყოს მათთვის, ვინაიდან პროტექციას ნიშნავს, რაც უარყოფითად აღიქმება პოლიტიკაში. განა ამის მაგალითების სიმწირეა ქართულ პოლიტიკაში? რამდენი თანამგზავრი პარტია შექმნა ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ?

დღევანდელი ქართული საზოგადოება რომ დემოკრატიული არჩევნებისთვის მზად არ არის, ფაქტია. ასეთს სხვა საზოგადოება სჭირდება — განსწავლული და სახელმწიფოებრივ საქმეებზე ორიენტირებული.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი