ბაქოს მთავრობის ახალი ინტრიგები ირანის წინააღმდეგ: ბანკნოტების ომი – „Pars Today“

ირანის სახელმწიფო ტელერდიომაუწყებლობის „ირანის ხმის“ (IRIB) რუსულენოვანი სამსახურის Pars Today-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია კომენტარი სათაურით „ბაქოს მთავრობის ახალი ინტრიგები ირანის წინააღმდეგ: ბანკნოტების ომი“.
ბაქოს მთავრობის ახალი ინტრიგები ირანის წინააღმდეგ: ბანკნოტების ომი - „Pars Today“

ბაქო აგრძელებს ირანის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ აქციებს. ამ მხრივ ერთ-ერთი ბოლო ფაქტია ის, რომ მიმოქცევაშია გაშვებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვალუტის ახალი 500-მანათიანი ბანკნოტები, მთიანი ყარაბაღის დაბრუნების პირველ წლისთავთან დაკავშირებით, რომლებზეც სასაზღვრო მდინარე არაქსზე გადებული [საცალფეხო] ხუდაფერინის ხიდია გამოსახული (2020 წლის ოქტომბრის ომამდე ამ ხიდის მარცხენა ნაწილი მდებარეობდა სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჰადრუთის (აზერბ. ჯაბრაილის) რაიონში, ომის დროს კი ის აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა და დღეს ბაქო აკონტროლებს – მთარგმნ. შენიშვნა).

ხიდს დიდი ხნის ისტორია აქვს: ის ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი მე-12 საუკუნეშია აგებული, მეორე კი – მე-15-ში. ხუდაფერინის ხიდი ირნის ეროვნული კულტურის ძეგლად 1997 წელს დარეგისტრირდა. ეს საკომუნიკაციო ისტორიული ობიექტი დღეისათვის მოქმედია და მისი ფუნქციით ორივე მხარე სარგებლობს. მაგრამ თუ ფულის ბანკნოტებზე გამოსახვის ფაქტით ვიმსჯელებთ, სამომავლოდ, ალბათ, ბაქო მისი კუთვნილების თაობაზე პრეტენზიას წამოგვიყენებს. და არა მარტო მასზე!

თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობა, ირანის კეთილი ნებისა და თანამშრომლობის სურვილის მიუხედავად, არასდროს არ ყოფილა კარგი, მუდამ დაძაბული რჩებოდა. ალბათ, ასეთი მდგომარეობის მიზეზი ჩვენი მეზობლის პოლიტიკაში იმალება, რომელიც ყოველთვის ხარბი თვალით უყურებდა ჩვენს ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებს. ერთი მხრივ, აზერბაიჯანი დღეს, თურქეთთან ახლო კავშირების გამო, პანთურქისტულ პოლიტიკას ატარებს და სარგებლობს რა [ანკარის მხარდაჭერით], რამდენადაც შეუძლია, ირანოფობიასა და სპარსფობიას თესავს. მეორე მხრივ კი, ბაქოს კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელის რეჟიმთან, რომლისგანაც ირანს ყოველთვის საფრთხე ემუქრება. ამ გარემობებს ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ეს ქვეყანა [აზერბაიჯანი] მუდამ ცდილობს ირანული კულტურისა და ისტორიული ობიექტების თავის სახელზე დარეგისტრირებას, მას აქვს მეტად ხარბი დამოკიდებულება ირანის გეოგრაფიულ და კულტურულ ძეგლებთან, ირანის ღირსშესანიშნაობებთან მიმართებით.

მაგალითად, როცა 1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მდინარე არაქსის ქვემო წელში, მის მარცხენა ნაპირზე მდებარე ტერიტორიას „აზერბაიჯანი“ ეწოდა, ამ გადაწყვეტილებამ ირანელებისა და ჩვენი აზერბაიჯანული პროვინციების პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. დღეს კი, როცა ხუდაფერინის ხიდი ბაქოს რესპუბლიკის ფულზეა გამოსახული, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ეს ფაქტი ქვეყნისთვის პრობლემებს წარმოქმნის.

რა თქმა უნდა, ირანის პრობლემები ბაქოსთან მხოლოდ გეოგრაფიით არ ამოიწურება. ეს რესპუბლიკა [აზერბაიჯანი] არ კმაყოფილდება [ირანის] ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის [მითვისებით] და ხშირად ირანელთა მიერ მოპოვებულ სპორტულ მიღწევებს აზერბაიჯანელებს მიაწერს. ბევრი გამოჩენილი ირანელი მოღვაწე ბაქოს მიერ აზერბაიჯანელად არის შერაცხული, მათ შორის სპარსულად მოლაპარაკე ნიზამი განჯელი (განჯევი), რომლის საფლავზე ქალაქ განჯაში კერამიკული ფილაზე არსებული სპრსული წარწერა წაშალეს. ამით ბაქო შეეცადა პოეტის სპარსულ წარმომავლობა დაემალა…

კიდევ ერთი მაგალითი: კულტურული თვალსაზრისით ირანული მუსიკალური ინსტრუმენტი „თარი“ იუნესკოს მიერ სულიერი მემკვიდრეობის სიაში ბაქოს სახელზე იქნა დარეგისტრირებული. თარი და კიდევ ერთი ირანული საკრავი ქამანჩა ბაქომ თავის ფულზე გამოსახა! ირანული საჭმელი „დოლმა“ იუნესკოს მიერ ბაქოს კერძების სიაში შეიტანა. ალბათ, ბაქოს ხელისუფლება თავისი ფულის ბანკნოტებზე საჭმელებსაც მალე გამოსახავს.

მთლიანობაში, დასკვნის სახით ვიტყვით, რომ არ უნდა ველოდოთ ბაქოს მთავრობის ინტრიგების მალე შეწყვეტას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.

წყარო: https://parstoday.com/ru/news/iran-i145036