იოსებ ჭუმბურიძე „TV პირველის” ღამის წამყვანს ღია წერილს წერს

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე ვიკა ბუკიას ღია წერილს წერს და სოციალურ ქსელში ავრცელებს:

იოსებ ჭუმბურიძე „TV პირველის" ღამის  წამყვანს ღია წერილს წერს***
ალბათ, ბევრი გაიკვირვებს, – ასეთი ვინ არის, ღია წერილის ღირსად რომ ჩათვალაო?!
ბევრს ხუმრობა ეგონება.
***
„TV პირველის” ღამის წამყვანია.
თანაც, – „პირველი ხაზის”…
გამოკვეთილი მხარე.
რა თქმა უნდა, ნაცების ხაზით…
***
ახლა კი მივმართავ.
ქალბატონო ვიკა ბუკიავ!
კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ყველა დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, თუ კაცის გაგიჟება გინდა, ის უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძვისო.
თითქმის მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ბატონი ნოდარ ტაბიძის მტრების წინააღმდეგ. თუ ჩემი არ გჯერათ, იმათ მაინც ჰკითხეთ, უნივერსიტეტიდან მის გაშვებაში უშუალო წვლილი რომ უდევთ, მაგალითად, ია ანთაძესა და ზვიად ქორიძეს.
ამას თაკო ჩარკვიანსაც ვურჩევდი, მაგრამ წყლის ნაყვა გამოვიდოდა.
***
ბატონი კონსტანტინე არ წერს, მაგრამ შედეგს უეჭველად იგულისხმებდა:
ბოლოს თვითონ ცილისმწამებლები გიჟდებიან.
ამის ნიშნები უკვე ყველასათვის თვალსაჩინოა.
***
თაკო ჩარკვიანი, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ სერიოზული პრობლემა ისაა, რომ მის ცილისწამებებს ეკრანს უთმობთ და ასპარეზს აძლევთ.
თქვენი არხისა და პირადად თქვენი მხრიდან, ეს უკვე მიზანმიმართულ კამპანიად აღიქმება – ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვის მიზნით.
ამის თქმის საფუძველს „ლიტერასთან” დაკავშირებული ამბების თქვენეული გაშუქება მაძლევს.
ნუ გეშინიათ, სადმე ჩივილს არ ვაპირებ.
თქვენ უკვე იმდენი მომჩივანი გყავთ, რომ მათ აღარ მივემატები.
უბრალოდ, გირჩევთ:
თუ პროფესიული ღირსებისა და სინდისის ოდნავი გრძნობა მაინც შეგრჩენიათ, ჩემი ეს ღია ბარათი თქვენს მაყურებელს გააცნოთ.
***
ბედის ირონიას ჰგავს:
სამი დეკემბრის ღამით, „მაესტროს” ეთერში კობა ბექაური „უცნობის კიდობანში” პროფესიული ჟურნალისტიკის ევროპულ სტანდარტებზე საუბრობდა, თქვენ კი, ზუსტად იმ დროს, სწორედ ხსენებულ სტანდარტებს არღვევდით – თამარ ჩარკვიანის მორიგ ცილისწამებებს თქვენს „პირველ ხაზზე” სიამოვნებით ატარებდით…
***
თქვენი პასუხით, ანუ ქცევით გამოჩნდება, ეს პირველი ხაზია თუ უკანასკნელი.
***
ბარემ ამასაც აქვე ვიტყვი:
ორიოდე წლის წინათ, როცა ლევან გოგიჩაიშვილი ჯერ კიდევ „ოცნებაში” იყო, ერთ-ერთი პარლამენტარის დედის პანაშვიდზე მოვიდა. შესასვლელში, გიგლა ბარამიძისა და ირაკლი ბათიაშვილის გვერდით ვიდექი. წასვლისას, ლევანი ეუბნება ირაკლის: „დაგირეკავ. შევხვდეთ. მაინტერესებს შენი აზრი – როგორ მოჩანს ყველაფერი გარედან?”
ახლა მინდა, ვკითხო ლევანს(ვისაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ, მიშასგან დევნილს, ყოველთვის ვგულშემატკივრობდი):
როგორი მოჩანს „პირველი ხაზი” გარედან?
თუ საოჯახო სივრციდან?
პრინციპში, ორივე საინტერესოა.