49 წლის გავთხოვდი, “ქალიშვილი გოგო” ვიყავი… კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას – ქუთაისში 55 წლის ქალმა ბიოლოგიური შვილი გააჩინა

ირმა ოსაძემ 55 წლის ასაკში პირველად განიცადა დედობის ბედნიერება. მას და მის მეუღლეს, რომელიც 59 წლის არის, პატარა ანასტასია შეეძინათ.

49 წლის გავთხოვდი, "ქალიშვილი გოგო" ვიყავი... კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას - ქუთაისში 55 წლის ქალმა ბიოლოგიური შვილი გააჩინა

ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ ანასტასია მათი ბიოლოგიური შვილია. როგორც წესი, 55 წლის ასაკში ქალის საკვერცხეები ვეღარ ფუნქციონირებს და ხშირად, შვილის ყოლის ბედნიერება რომ განიცადონ, ადამიანები დონორ კვერცხუჯრედს იყენებენ. ამ იშვიათ მოვლენაზე ირმა ოსაძე ,,სარკეს” მოუყვა:

„5 წლის წინ, 49 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ,,ქალიშვილი გოგო” ვიყავი. ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ჩამოსული იყო რეპროდუქტოლოგი თეონა ანთია. მივედი და გავესაუბრე. დამიბარა თბილისში და დავიწყე მკურნალობა. ინვიტრო განაყოფიერების პირველივე ცდაზე დავფეხმძიმდი. მოწესრიგებული მქონდა ორგანიზმში ყველაფერი. ჩემი და ჩემი ქმრის შვილია.

მეუღლე 59 წლის არის.ის უცოლო იყო და მე – გასათხოვარი. ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი. მე თვითონ დედისერთა ვარ. ჩემს მეუღლეს კი ერთი და ჰყავს. გაგვიმართლა. ჩემი ქმარი ამბობდა, მოვსინჯოთო. მე მიჭირდა გადაწყვეტა, რადგან ეს პროცედურა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ჩემმა ქმარმა თქვა, თუ დაგვეკარგება, დაგვეკარგოსო.

ძალიან ჯანმრთელი ვარ და კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას. შეიძლება სუროგატი დედა ავიყვანოთ. ვნახოთ, როგორ ვიქნები. ამ ასაკში ქალთა უმრავლესობას კვერცხუჯრედები აღარ აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ღმერთს ასე უნდოდა”, – აღნიშნა ბედნიერმა დედამ.

ჟურნალი “სარკე”