მოლოდინის რეჟიმში მოქცეული მსოფლიო

სულ რამდენიმე დღეც და 2021 წელი ისტორიას ჩაბარდება, მას მხოლოდ წარსულში ვახსენებთ, თუმცა გახსენებით გავიხსენებთ. თუ რატომ, ქვევით მოგახსენებთ.

მოლოდინის რეჟიმში მოქცეული მსოფლიო

სულ რამდენიმე დღის შემდეგ 2022 წელი დადგება, ცხადია ისეთივე გამოუცნობი, დასაწყისში რომ 2021 წელი იყო. ნეტავი, როგორი იქნება დამდეგი წელი? ამ შეკითხვას ვუსვამთ საკუთარ თავს და ისე, როგორც უწინ, დღესაც ვერ გავცემთ პასუხს — ამოუცნობს, ვერ ამოვიცნობთ. წინასწარმეტყველებით, ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ ახდება თუ არა ჩვენი წინასწარმეტყველება, ვინ იცის?

2021 წელს, რომ გავიხსენებთ, განსაკუთრებით დეკემბრის თვეს — ეჭვი არც მე და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩახედულს ეპარება, ვინაიდან ამა წლის დეკემბერში დაწყებულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იანვარშივე ექნება გაგრძელება, რამეთუ ოფიციალურმა ვაშინგტონმა 14 იანვრამდე უნდა გასცეს პასუხი მოსკოვის წინადადებებს, რომლებმაც არა მარტო დასავლეთი, არამედ ჩვენც, სხვებიც, დასავლეთიდან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შორსმყოფები, ჩაგვაყენა გაფაციცებული მოლოდინის რეჟიმში.

რატომ ესოდენ დიდი ინტერესი, თანაც გაფაციცებული მოლოდინი მოსკოვის წინადადებების გამო? — იკითხავს მავანი. იმიტომ, პატივცემულო, რომ რუსეთის მიერ დასმული საკითხები, არა მარტო რუსეთისთვის არის სასიცოცხლო ინტერესების მატარებელი, არამედ რუსეთის მეზობლად მცხოვრებთა, ანუ „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებისა და „შორეული საზღვარგარეთელებისთვისაც“.

მოსკოვის წინადადებები ულტიმატუმი არ არის, მაგრამ წააგავს მას, განსაკუთრებით დიპლომატიურ მიმოწერაში გაუთვითცნობიერებელთათვის.

წინადადებები ლოკალური, კონკრეტული, საფუძვლიანი, თანაც ისეთი ქარაფშუტული, ზედაპირული ჭორაობა, სჯაბაასი, განსჯა, მითუმეტეს ქილიკი, ძირს რომ ვერ გამოუთხრის.

მოსკოვის წინადადებებმა ორად გაყო მსოფლიო. ერთნი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი ფეხებზე დაიკიდებს მათ და დათქმულ დროს ისეთ უარს სტკიცებს კრემლს, წინადადებებსაც დაავიწყებს და თავსაც.

მეორენი, უფრო საფუძვლიან განცხადებებს აკეთებენ, მაგალითად ასეთს — მოსკოვის წინადადებებიდან ზოგიერთის განხილვა შესაძლებელია, თუმცა დროს და ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. მოსკოვმა იცისრა დასავლური მიდგომა, განსაკუთრებით ამერიკული, უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი, თან დროის გაყვანის მექანიზმის უბადლო გამოყენება, კატეგორიულად ითხოვს დათქმულ დროში პასუხს ყველა წინადადებაზე, უკლებლივ, ვინაიდან ისინი ერთმანეთზეა გადაბმული და რომელიმეს გამოკლება საფრთხეს შეუქმნის მოსკოვის მიერ შემუშავებულ კონსტრუქციას — მსოფლიოს უსაფრთხოება რომ ჰქვია.

ვიდრე გადავიდოდეთ წინადადებების ზედაპირულ განხილვაზე — საფუძვლიანი, ამ სტატიის მოცულობას ერთიორად გაზრდის, დავსვათ კითხვა — რატომ მაინცდამაინც დეკემბერში? რა, მანამდე უცნობი იყო მოსკოვისთვის ის, რაც წინადადებებშია გაჟღერებული?

არა! ნამდვილად, არა! რასაც, მოსკოვი მოითხოვს, ისაა, მის ადგილას მყოფი ნებისმიერი ქვეყანა რომ მოითხოვდა, მითუმეტეს ბირთვული, ტერიტორიით მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, გაეროს დამფუძნებელი, უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მატარებელ 5 სახელმწიფოს შორის მყოფი.

როგორც ჩანს, მოსკოვს მოთმინების ფიალა აევსო. საბაბი? აშშ-ს და ნატოს დაუსრულებელი თავხედობაა! სადამდე უნდა ითმინოს მოსკოვმა? აი, ეს კითხვა დასვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

პუტინმა თქვა, რომ მოსკოვს უკან დასახევიც აღარ აქვს. ნატო რუსეთის კარს არის მიმდგარი და თუ არა მკაცრი რეაგირება, ვითარება გამოუსწორებელი იქნება.

რა დათმობაზე უნდა წავიდეს რუსეთი, როდესაც სსრკ-ს ყოფილი ლიდერის გორბაჩოვის მმართველობიდან დაწყებული განუწყვეტელ დათმობაშია? ასეთი რიტორიკული, მაგრამ სინამდვილის შესაფერისი კითხვაც გაისმა მის გამოსვლაში. „ნადოელი“, — თქვა მან. ამ სიტყვას რუსი მაშინ იყენებს, როდესაც ყელში ამოუყვანენ.

მოდით ობიექტურად და არა ზედაპირულად, როგორც ჩვენ გვჩვევია, შევაფასოთ ვითარება. წამით ჩავდგეთ რუსეთის მდგომარეობაში და გულწრფელად დავსვათ კითხვა — ჩვენ, რომ რუსეთის ადგილას ვყოფილიყავით, რას მოვიმოქმედებდით?

დიპლომატიაში მიღებული წესია მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკების წარმოების დროს, საკამათო საკითხისადმი მოწინააღმდეგის თვალით შეხედვის აუცილებლობა, რასაც გამოუცდელი ქართული დიპლომატია არასდროს მიმართავდა და არც მომავალში მიმართავს — დიპლომატიის ანბანის უცოდინრობის გამო. მაგრამ დავუშვათ, მიმართა და რას დაინახავს?

თუ ობიექტური იქნება, დაინახავს შემდეგს — ბერლინის კედლის დაშლას, გერმანიის გაერთიანებას; საბჭოთა ჯარის გამოყვანას გერმანიიდან; იარაღის, მათ შორის ბირთვულის გამოტანას; ვარშავის პაქტის დაშლას; აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლას; ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, იუგოსლავიის საბჭოთა გავლენისგან გასვლას; ბალტიისპირა საბჭოთა სამი რესპუბლიკის — ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის საბჭოთა კავშირიდან გასვლას; აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანას და იქ აშშ-ს ინტერესთა დაფუძნებას; აღნიშნული ქვეყნების ნატოში გაწევრებას, მიუხედავად ზეპირი დაპირებისა, რომ ამას ადგილი არ ექნებოდა; საბჭოთა კავშირის დაშლას და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადგილზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნას, აშშ-ს მიერ ამერიკულ ორბიტაზე მათ მოქცევას; ნატოს სისტემასთან დაახლოებას, ნატოს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობისთვის იქ მოწვევას; ნატოში მიღებისთვის ზოგიერთათვის დაპირების გაცემას, უკრაინა, საქართველო, მოლდოვის სახით; ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე ერთობლივი სამხედრო მანევრების სისტემატურ გამართვას; ამ ქვეყნების თავდაცვის სისტემის და სამხედრო მშენებლობის ნატოს სისტემასთან შეთავსებას; საბჭოთა შეიარაღების, ამერიკული, დასავლური იარაღით ჩანაცვლებას; სამხედრო მოსამსახურეთა ნატო—აშშ-ი სისტემატური სწავლების უზრუნველყოფას და რაც მთავარია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში რუსეთისადმი ენით აუწერელი ზიზღის გაჩენას.

იოლად მოხერხდა დასავლეთის ცხოვრების და მენტალიტეტის უცოდინარ საბჭოელებში რუსოფობიის ავი ბაცილის გავრცელება და ხალხის ისე მოწამვლა, რუსის დანახვაზე რომ ალერგია ემართება.

აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფინანსური ექსპანსიის შედეგად ვაშინგტონმა შეძლო ხალხის გადაგვარება, არათუ რუსის, საკუთარი ისტორიის, ტრადიციების, ცხოვრების წესის წინააღმდეგაც ამხედრება.

ვაშინგტონმა ე.წ. ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების გზით, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების ახალ, დამოუკიდებელ ქვეყნებში ჩანერგვით მოახდინა ხელისუფლებათა ცვლა დასავლეთისადმი მონურად განწყობილი ე.წ. პოლიტიკოსებით. აშშ-ი ხანმოკლე სწავლების კურსგავლილებით, სააკაშვილის მსგავსმა პოლიტიკოსებმა, ხელქვეითებად იქ ნასწავლი ქორფა, გამოუცდელი, უცოდინარი ახალგაზრდები აიყვანეს, რითაც გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენეს ერთ დროს აყვავებული სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს.

ყველა ზემოჩამოთვლილი „სიკეთე“ მონაგონი იყო იმასთან, რაც ვაშინგტონმა, ნატომ, ევროკავშირმა თავს დაატეხეს რუსეთს. ფულს — ძირითადად მწვანე დოლარებს დახარბებულმა რუსებმა, მათ შორის ყოფილმა კომუნისტებმა, კომკავშირლებმა კაპიკებად ჩაიგდეს ხელში უნიკალური, უკიდეგანო სამხედრო კომპლექსები, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, დაიწყეს მათი დასავლელებზე მიყიდვა.

ელცინისეულ რუსეთში, პოლიტიკური სისუსტის მატარებელმა მოსკოვმა ზერელედ შეხედა რუსეთის რეგიონებში დაწყებულ „სუვერენიტეტების პარადს“ — ე.წ. ურალის დამოუკიდებელი რესპუბლიკის, თათრეთის, ბაშკირეთის, სხვათა სახით.

საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი ლამის რუსეთის დაშლაში გადაიზარდა, რასაც აქტიურად უწყობდა ხელს აშშ-ი, მის მიერ რუსეთში მივლენილი ასობით და ათასობით ე.წ. ექსპერტი, მათ შორის ცსს-ს უამრავი თანამშრომელი.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროშიც უხვად მუშაობდნენ ამერიკელი სამხედროები. მიზანი მათი სამხედრო-სამრეწველო და რუსეთის თავდაცვის სისტემისთვის ძირის გამოთხრა იყო. „მეტი რა უნდოდათ, ყველაფერი ხელში ჰქონდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აფართოვებდნენ ნატოს აღმოსავლეთით“, — თქვა პუტინმა.

ჟურნალისტ კონდრაშოვთან ინტერვიუში კი პუტინმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით ერთ დასავლელ კოლეგასთან გულახდილი საუბრის დროს, კოლეგამ უთხრა შემდეგი — ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი დაშლილი იყო, მაგრამ ველოდით ამის ოფიციალურ გამოცხადებასო. ალბათ ისე, როგორც გორბაჩოევმა, ტელევიზიით ამცნო საბჭოთა კავშირს  — მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი კავშირის დაშლა.

რუსეთის პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ გული წყდება საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. კრიტიკოსები დასავლეთელებია, მეტადრე ამერიკელები, არანაკლებად ქართველებიც. მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, პუტინის ადგილას ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი რომ იყოს, იტყვის — მიხარია, რომ დაიშალაო? და თუ იტყვის, ის არც პოლიტიკოსია და არც საკუთარი ქვეყნის პატრიოტი.

მოდით პარალელი გავავლოთ ასეთი — ჩვენ, ქართველებს გვიხარია, ტერიტორიების დაკარგვა? რატომ უნდა გახარებოდა პუტინს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის 40%-ს დაკარგვა და რუსი ეროვნების ადამიანის — 25 მილიონის, ერთის ხელის დაკვრით უცხოეთის სახელმწიფოებად გადაქცეულ ტერიორიებზე დარჩენა?

რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა — ნეგატიური, საქილიკო, ლანძღვა-გინებით გაჟღენთილი. იყო ასეთიც, დავუშვათ აშშ-ი დაეთანხმა რუსეთის წინადადებებს, სანაცვლოდ რას მიიღებსო?

ბატონებო! დასავლეთმა სანაცვლოდ რაც მიიღო ზემოთ ჩამოვწერე.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას ემუქრება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება — უკრაინა-საქართველოს მიმართულებით, ვინაიდან გაფართოება ნიშნავს ნატოს რაკეტების იქ განლაგებას, რაც 5 წუთამდე ამცირებს რუსეთის ობიექტებზე თავდასხმის დროს.

ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად მოხდეს ბუქარესტის ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფა იმის შესახებ, რომ უკრაინა-საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. მოვითხოვთ, იურიდიულად მოხდეს შეთანხმების დამოწმება აშშ-ნატოს სხვა წევრების შეტევითი შეიარაღების რუსეთის მეზობელ ქვეყნებში განუთავსებლობის თაობაზე.

მოვითხოვთ, ოპერატიული სწავლებების რაიონის გადაწევას რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე; საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების ზღვრულ დისტანციაზე მიახლოების შესახებ შეთანხმებაზე, საშიში სამხედრო მოქმედებების აღსაკვეთად, პირველ რიგში ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში. მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეუერთდეს რუსეთის ცალმხრივ მორატორიუმს ევროპაში სახმელეთო საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განთავსების შესახებ ….

რა არის ამ წინადადებებში ისეთი, განგაშს რომ იწვევდეს? რა არის ისეთი ამ წინადადებებში, ულტიმატუმის მსგავსი? არც არაფერი. წინადადებები ევროპის უსაფრთხოებას ეხება. ჩემის აზრით, მსოფლიოსაც. ამასთან ერთად პუტინ-ბაიდენის ვიდეო-მოლაპარაკების დროს ბაიდენმა სთხოვა პუინს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებების მისთვის წარდგენა. პუტინმა  მისი თხოვნა ოპერატიულად შეასრულა.

რახან ასეთი აქტუალური, სასიცოცხლო საკითხები დევს მაგიდაზე, უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრება არათუ ფერმკრთალდება, არამედ ბათილდება.

თუ აშშ-რუსეთის შეთანხმებით შესრულდება რუსეთის ყველა მოთხოვნა, მაშინ ევროპაში მშვიდობა დაისადგურებს, გაქრება საფრთხე ომისა. და თუ მშვიდობა დაისადგურებს, უკრაინა-საქართველოს რაღა ესაქმებათ ნატოში, ისინი ხომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით აპირებენ იქ შესვლას?

ლოგიკა ასეთია. მშვიდობისკენ მიმართული ნებისმიერი ქვეყანა ჩაეჭიდებოდა ამ წინადადებებს და ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევდა, ხელს არ გაუშვებდა. მაგრამ თუ დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს მსოფლიოს ჰეგემონიის გახანგრძლივება სურს, რისთვისაც საჭიროა რუსეთის, გასული საუკუნის 90-იანი წლების პოზიციაში ჩაყენება, ანუ დაჩოქება, მაშინ ის ყურად არ მიიღებს მოსკოვის წინადადებებს. საკითხის ღრმად მოჩვენებითი შესწავლის საბაბით გაიყვანს დროს, რითაც სიმწვავეს და მასთან ერთად აქტუალობას გამოაცლის მოსკოვის მოთხოვნებს, გადაიყვანს მათ ხანგრძლივი განხილვის პროცესში.

რუსეთმა იცის ეს და ამიტომაც დაბეჯითებით ითხოვს პასუხს, რომ იტყვიან — აქ და ახლა. რუსეთს არც იმის იმედი აქვს, რომ აშშ-ი, თანხმობის დასტურად, ხელს მოაწერს იურიდიულ დოკუმენტს და მას შეასრულებს, მაგრამ დოკუმენტი, რაღაც გარანტიას იძლევა — ზეპირთან შედარებით, იმ ზეპირთან, გორბაჩოვს რომ დაპირდნენ, არ შეასრულეს და ნაცვლად ნატო მიაბჯინეს რუსეთის საზღვრებს.

რას მოიმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ი უარს იტყვის მოსკოვის ინიციატივაზე? როგორც პუტინმა განაცხადა, გადადგამს სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო ნაბიჯებს.

რას ნიშნავს სამხედრო-ტექნიკური ნაბიჯები? რუსეთის დასავლეთში, მათ შორის კალინინგრადში, ბელარუსში დამკვრელური ბირთვული იარაღის განლაგებას; კუბაზე და ვენესუელაში დამკვრელური სარაკეტო ბირთვული სისტემების განლაგებას; აშშ-ს სიახლოვეს ბირთვული რაკეტებით აღჭურვილი რუსული წყალქვეშა ნავების სისტემატურ ყოფნას; კარიბის ზღვაში რუსული სამხედრო ფლოტის წვრთნების სისტემატურ გამართვას; აშშ-ს სიახლოეს, საჰაერო სივრცეში რუსეთის სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური ფლოტის თვითმფრინავების ფრენას, …

რას ნიშნავს სამხედრო ნაბიჯი? სამხედრო ნაბიჯი ნიშნავს რუსეთის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო საზღვრების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში ცეცხლის გახსნას. ცეცხლის გახსნა კი ლოკალური არ იქნება.

ამხედრო ნაბიჯი იქნება ისიც, უკრაინა-საქართველოს ტერიტორიებზე განლაგებული სარაკეტო სისტემების განადგურდება და მათთან ერთად გადაწყვეტილების მიმღების მოსპობა.

რუსეთის წინადადებების პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პოზიცია გააშანშალა: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაცია აუცილებლად მიიჩნევს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების — საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, გაუქმებას“. და მოჰყავს შემდეგი: „ბუქარესტის გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი“.

კეთილი, მაგრამ რუსეთი ამბობს, რომ ეუთოს მიხედვით — წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე. ამ შემთხვევაში რუსეთის უსაფრთხოების.

ისევ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებიდან ამონარიდი: „ნატოში გაწევრება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც“.

არაერთხელ ითქვა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნატოში შესვლის საკითხის მიწეპება ჯეროვნად არ ასახავდა ამომრჩევლის ნებასურვილს, რომლის ყურადღება პრეზიდენტის არჩევნებზე იყო მიპყრობილი და არა ნატოზე.

ამომრჩეველმა არ იცოდა აღნიშნულის თაობაზე. ის, წინასწარ არვის გაუფრთხილებია. მან ჩათვალა, რომ ნატოში შესვლაზე თანხმობა სააკაშვილის საწინააღმდეგო აქტი იყო.

გარდა ამისა, 2008 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ხალხმა გაიგო რას წარმოადგენს ნატო და გული აიცრუა მასზე. მოვიდა ახალი თაობა, რომელიც იმ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა რაც გასათვალისწინებელია. ეს კი ახალი რეფერენდუმის (პლებისციტის) ჩატარებას მოითხოვს და არა იმ ტყუილის ტირაჟირებას, ყველა ხელისუფლება რომ 2008 წლიდან მოყოლებული გაჰყვირის — ქართველი ხალხის მოთხოვნაა ნატოში შესვლაო.

რაც შეეხება კონსტიტუციაში დაფიქსირებას, რომ საქართველოს მომავალი ნატოს უკავშირდება — პრიმიტიული გადაწყვეტილებაა, დასავლელთა გულის მოსაგებად.

მერე რა რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა, ამით რუსეთის უსაფრთხოებას ეშველა?

2022 წლის იანვარი, როგორც ჩანს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთობ დაძაბული იქნება. რა შედეგით დამთავრდება აშშ-რუსეთის მოლაპარაკება, ძნელი სავარაუდოა.

აშშ-ს პრეზიდენტს აქვს შანსი მსოფლიო ისტორიაში მშვიდობისმყოფელად შევიდეს, თუკი მოინდომებს და ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ვაშინგტონელ ქორებს, მათ შორის დემოკრატებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ბაიდენი მკაცრად არ ელაპარაკება პუტინს. რესპუბლიკელები კი დაჟინებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს პოზიციების დათმობისთვის.

ორ ცეცხლსშუა მყოფ ბაიდენს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ვინაიდან რუსეთისთვის უარის თქმა გამალებული შეიარაღების ზრდას და სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას გააფართოებს, თანხმობის მიცემა კი მსოფლიო ჰეგემონობის ტახტიდან ჩამობრძანებას თუ არა, ტახტზე ჩაჩოჩებას გამოიწვევს. ასე თვლიან ვაშინგტონში. ბაიდენმა უნდა აირჩიოს ორიდან ერთი — ომი თუ მშვიდობა, რაც არცთუ იოლი საქმეა.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი