ბაიდენი ამერიკელებს „ბრეჟნევის მეთოდით“ ამშვიდებს

დასავლეთი ტანჯვით არჩევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს, აღიარებს რა, რომ სანქციების მთელი არსენალი, რომლის დაწესებაც თავად მათთვის კოლოსალური ზიანის გარეშე შეიძლებოდა, პრაქტიკულად ამოწურულია.
ბაიდენი ამერიკელებს „ბრეჟნევის მეთოდით“ ამშვიდებს
დიახ, დადის ხმები მომდევნო „ჯოჯოხეთური სანქციებისა“ თუ „ყველა სანქციის დედის“ დაწესების თაობაზე, სულ უფრო ხშირად მიმდინარეობს რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან გათიშვაზე მსჯელობა, მაგრამ ამავდროულად სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები იმაზე, რომ მთელი ეს ნაბიჯები არაეფექტურია. ჩვენ კი, მუქარების კვალდაკვალ, ახალი სანქციებისთვის ვემზადებით.
ექსპერტები სინანულით აღნიშნავენ, რომ სანქციები ცალკეულ დარგებსა და ბიზნესების მფლობელებს ეხება, მაგრამ მთლიანობაში ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს რუსეთისა და მისი მოქალაქეების ცხოვრებაზე.
დასავლელი მოღვაწეების ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძველი არქივებიდან ცივი ომის დროინდელი მტვრიანი დოკუმენტაცია ამოიღეს და ახლა ციებ-ცხელებიანებივით ცდილობენ წარმატების ფორმულის აღდგენას, რომელიც სსრკ-ის დასუსტება-დასაშლელად იყო გამოყენებული. საბედნიეროდ, ამ მოვლენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დროულად გამოჩნდა მრავალი სტატია, სადაც ისინი დასავლური „ხმების“ ძველ ტაქტიკას იხსენებენ: გააკეთე აქცენტი სიტყვაზე „დეფიციტი“ და ფართო მოხმარების საქონლის ქრონიკული უკმარისობის საპირწონედ დასავლური სუპერმარკეტების თაროები მოიყვანე, რომლებიც ათასგვარი ხარისხიანი საქონლის სიმძიმით იზნიქება. ადრე იმუშავა და ახლა ვითომ რატომ არ უნდა ვსინჯოთ?
თავდაპირველად გამოცდილმა „კრემლოლოგმა“ ვიქტორია ნულანდმა აუწყა სენატორებს, რომ უკრაინელებს სურთ, „უფრო მეტად პარიზსა და ბერლინს ჰგავდნენ, ვიდრე იმას, რასაც დღეს სვერდლოვსკსა და ეკატერინბურგში ხედავენ“. ის ფაქტი, რომ რუსეთის საკითხებში ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკელმა სპეციალისტმა უეცრად ეკატერინბურგის ძველი სახელწოდება გაიხსენა − დაავიწყდა რა, რომ ეს ერთი და იგივე ქალაქია, შესაძლოა, ზუსტად იმაზე მეტყველებდეს, რომ ის დღეს ძველ, საარქივო დოკუმენტებს სწავლობს. ამის შემდეგ გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა სანქციის სახით რუსი ჩინოვნიკებისთვის „ელისეს მინდვრებზე საშოპინგოდ“ მგზავრობის აკრძალვა მოითხოვა. მერე კი სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ხმები იმის შესახებ, რომ აშშ, სხვა სანქციებთან ერთად, რუსეთში სმარტფონების ექსპორტის აკრძალვას გეგმავდა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი კვლავაც ცდილობენ, თავს ფართო მოხმარების საქონლის პრობლემები მოგვახვიონ, რათა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიონ მათთვის პირობითი სვერდლოვსკისა და სურნელოვანი პარიზისა და ბერლინის შედარებით, სადაც მხოლოდ რჩეულებს ექნებათ სანუკვარი ოცნებისთვის ხორცის შესასხმელად წასვლა − აიფონისა თუ აიპადის ახალი მოდელის საყიდლად.
ყველაზე გამაოგნებელი მაინც ისაა, რომ ყველა ეს განცხადება დასავლური ქვეყნების სავაჭრო ქსელების მომარაგების კოლოსალური პრობლემების ზრდის ფონზე ხდება, თავად ამერიკის ჩათვლით. ამ კრიზისის დონეზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხალხს, შეიძლება ითქვას, საშობაოდ სავაჭრო პორტის ამსახველი დეკორაციების ფონიდან მიმართა, და ის სასაქონლო დეფიციტთან ბრძოლას მიუძღვნა. ყოველივე ამას პრეზიდენტის თათბირი ერქვა ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან და მიწოდებების ჯაჭვში შეფერხებების არიდების სპეციალურ ქვედანაყოფთან. ეს უკანასკნელი პირადად ბაიდენის მითითებით ჩამოყალიბდა მიმდინარე წლის ივნისში.
ბაიდენმა ბედნიერი ღიმილით მოახსენა ხალხს: „ბევრის მიერ ნაწინასწარმეტყველები კრიზისი არ მომხდარა. ამანათები მოძრაობს. საჩუქრების მიწოდება ხდება. თაროები არ არის ცარიელი“. 70-იანი წლების საბჭოთა სვერდლოვსკში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ შობის წინა დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის მთავარ მიღწევად სუპერმარკეტებში თაროების 90%-ის სისავსეს მოიხსენიებდა. ეკატერინბურგში ამას ორი-სამი წლის წინაც კი ვერ იწინასწარმეტყველებდნენ.
გასაკვირი არ არის, რომ დასავლური მედია სულ უფრო ხშირად ადარებს თავის მოსახლეობას „საბჭოთა დიასახლისებს“, რომლებიც გამუდმებით აწყდებოდნენ პროდუქტების დეფიციტს. ხოლო თავად ბაიდენს ლეონიდ ბრეჟნევსაც კი ადარებენ: ტელეარხ Newsmax-ის წამყვანმა გრეგ კელიმ ბევრი საერთო იპოვა აშშ-ის პრეზიდენტის საშობაო გზავნილსა და საბჭოთა ბელადის 1970 წლის საახალწლო მილოცვას შორის.
დასავლეთის რიგ ქვეყნებში მაღაზიებში ცარიელი თაროების კრიზისი გასულ წელს დაიწყო პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის შედეგად. თუ 80-იან წლებში ამერიკელები გაოცებულები უყურებდნენ ტელევიზორში, როგორ იტაცებდნენ საბჭოთა მოქალაქეები თაროებიდან ტუალეტის ქაღალდებს, ერთი წლის წინ ჩვენ არანაკლებ გაკვირვებით ვუყურებდით ამერიკასა და ევროპაში გადაღებულ მსგავს კადრებს. თავდაპირველად საზოგადოებას იმით ამშვიდებდნენ, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც ჩინეთის კარანტინიდან გასვლით დასრულდებოდა. მაგრამ წელს არაერთი ქვეყანა შეეჯახა კიდევ უფრო სერიოზულ შეფერხებებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრიტანელების ნახევარზე მეტმა იგრძნო საქონლის უკმარისობა. ხოლო აშშ-ში ასეთთა რაოდენობა თითქმის 50% იყო. ეტყობა ისინი არ გასცნობიან ბაიდენის მხნე ანგარიშს იმის თაობაზე, რომ ამერიკული მაღაზიების თაროები პირდაპირ იმტვრევა პროდუქტების სიჭარბისგან.
ახლა ექსპერტები ერთხმად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პირველი საჭიროების საქონლისა და სურსათის მიწოდებების კრიზისი მომავალ წელს არ დამთავრდება. ხოლო ბევრი ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთში მომარაგების ნორმალური, პანდემიამდელი დონე მხოლოდ 2024 წლის შუა პერიოდისთვის აღდგება.
დააკვირდით, რა მეთოდებით წყდება საქონლის დეფიციტის პრობლემა აშშ-ში. ჩვენ ხშირად გვსმენია ჩვენი ლიბერალებისგან ეკონომიკური მანტრა იმის შესახებ, რომ „ბაზარი თავად დაარეგულირებს ყველაფერს“. მაგრამ ბაიდენის მიერ სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომლის ამოცანაც მიწოდების შეფეხებებთან ბრძოლაა, მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმვის ელემენტებისა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების გარეშე ვაშინგტონი კრიზისს ვერ გაუმკლავდება.
ამავდროულად ბრიტანეთში აგროინდუსტრიული ჯგუფები თავიანთი მთავრობისგან მოითხოვენ, სასწრაფოდ უზრუნველყოს სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოება, რაც, მათი აზრით, მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კვების მრეწველობის მინიმუმ 60% იქნება წარმოებული.
ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გვიხაროდეს, რომ დასავლეთის სანქციები და რუსული კონტრსანქციები ასე „დროულად“ დაიწყო გლობალური პანდემიის დაწყებამდე. რამდენიმე წლის განმავლობაში, სანქციების ზეწოლის ქვეშ, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა აგროინდუსტრიული წარმოება და გააძლიერა სასურსათო უსაფრთხოება. წარმოდგენაც არ მინდა, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩვენი მიმწოდებლების ქსელები, გასულ წელს, როცა საკარანტინო შეზღუდვების გამო საზღვრები დაიხურა, ჩვენი კვების სექტორი კვლავ 2013 წლის დონეზე რომ ყოფილიყო − როდესაც მთლიანად იყო დამოკიდებული უცხოურ მიწოდებებზე.
მოდით, გავიხსენოთ, როგორ აღიქვამდა თავდაპირველად სანქციებზე საპასუხო ზომებს მრავალი კრიტიკოსი. როგორ მოთქვამდნენ სამუდამოდ დაკარგული პარმეზანის გამო მაშინ სოციალურ ქსელებში და ცალკეულ რადიოეთერებში. გავიდა სულ რაღაც შვიდი წელი და Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს შეფმა მაქს სელდონმა გაზეთის საშობაო ნომერში აღიარა: რუსეთში სურსათის სფერო მას შემდეგ აყვავდა, რაც პუტინმა 2014 წელს დასავლური პროდუქტების უმეტესობის იმპორტი აკრძალა და ხელი შეუწყო მოძრაობის „ფერმიდან სუფრამდე“ გაძლიერებას“. ავტორი გაოცებულია იმით, რომ მისი მოსკოველი თანამოსაუბრეები, რომლებიც ძვირადღირებულ კლუბებში სვამენ კარბოს ჩაის და სიგარას ეწევიან, უფრო მეტად Black Lives Matter-ით და „დასავლეთში კულტურის გაუქმების“ საკითხებით არიან დაინტერესებული, ვიდრე რუსული სპეცსამსახურების ბოროტი ქმედებებით, რომლებითაც იგივე გაზეთი პერიოდულად აშინებს მკითხველს.
ხოლო ამავე ნომერში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია დასავლელ მკითხველს ამშვიდებს, რომ „მიწოდების ჯაჭვში პრობლემები“ ახლა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც იესო ქრისტეს დაბადების დღეზე ბეთლემში. ის ასევე აქვეყნებს ნახევრად იუმორისტულ, ნახევრად სერიოზულ წერილს, რომელშიც თოვლის ბაბუა ბოდიშს უხდის ბავშვებს საშობაო საჩუქრების დროულად არმიწოდებისთვის − როგორც ჩანს, ყველა დასავლელ ბავშვს არ მოუსმენია სანტა ბაიდენის საშობაო მიმართვა იმის შესახებ, თუ როგორ დაძლია მან სასაჩუქრე ამანათების მიწოდება-განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ამ ფონზე მით უფრო გასაკვირია დასავლელი პოლიტიკოსების მუქარის მოსმენა, რომ რუსებს „შანზ ელისეზე საყიდლებზე“ სიარული აეკრძალოთ. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში დასავლეთს შეუძლია დამატებითი სიძნელეები შეგვიქმნას და ცალკეული საქონლის ხელოვნური დეფიციტი გამოიწვიოს, მაგალითად, იგივე სმარტფონებისა. მაგრამ ამ პირობებშიც კი სსრკ-ის დაშლის ძველი ტაქტიკის დაბრუნება მაღაზიების თაროების მოხერხებული შედარებით ყოველთვის პარიზის სასარგებლოდ ვერ იქნება, მით უმეტეს, ნიუ-იორკისა და ლონდონისთვის.
ამასთან ასეთი ვითარება შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამერიკელების ორ მესამედს ეშინია კიდეც, რომ ამიერიდან პირველი საჭიროების საქონლის დეფიციტი აღარასდროს აღმოიფხვრება. და მხოლოდ ჯო ბაიდენი, მოირგებს რა ლეონიდ ბრეჟნევის ორდენებს, სიხარულით წარდგება პუბლიკის წინაშე მოხსენებით, რომ ვითარება აშშ-ში მკვეთრად გაუმჯობესდა. ყოველ შემთხვევაში, სვერდლოვსკთან და ასევე ბეთლემის ვარკსვლავის აღმობრწყინების ეპოქასთან შედარებით.
ვლადიმირ კორნილოვი