მუსტაფა შოკაის ქართული კვალი

პოლიტიკური მე-20 საუკუნე იყო რევოლუციებისა და ორი მსოფლიო ომის ხანა, მაგრამ იგი ასევე გახდა ახალი ერების ჩამოყალიბების საუკუნე. არც ერთი თანამედროვე ნაცია არ იქმნებოდა იმ ინტელექტუალი პატრიოტების თუნდაც ერთი თაობის მონაწილეობის გარეშე, რომლებიც იდეურად კვებავდნენ ამა თუ იმ ხალხის ნაციად გადაქცევის პროცესს.

მუსტაფა შოკაის ქართული კვალი

ერთ-ერთი ასეთი გამოჩენილი მოღვაწე ყაზახი ხალხის რეალობაში გახლდათ მუსტაფა შოკაი (ჩოკაევი), რომელიც ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა ასაკში გამირჩეოდა თავისი განათლებულობით, ღრმააზროვნებითა და პოლიტიკური პრინციპულობით. 1917 წელს, აქტიურ 27 წლის პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელსაც პატივისცემა უკვე ჰქონდა მოხვეჭილი თურქესტანში, ყურადღება თვით რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე კერენსკიმ მიაქცია და მისივე წინადადებით, მუსტაფა შოკაი დაინიშნა დროებითი მთავრობის თურქესტანის კომიტეტის წევრად, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ პირველი და მეორე სახელმწიფო სათათბიროს („გოსდუმის“) ყოფილი დეპუტატები – ალიხან ბუკეიხანოვი და მუჰამედჟან ტინიშპაევი.

შოკაი იყო შუა აზიის ტიურკული ხალხების დამოუკიდებლობის თანმიმდევრული მომხრა; ამასთან, მას პარალელურად არჩეული ჰქონდა სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ევროპული ორიენტაცია, რომელსაც იგი ტიურკული ხალხების ტრადიციებსა და რელიგიასთან ახამებდა. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ შოკაი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებს დაუპირისპირდა. მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ ახალგაზრდა ყაზახი მოღვაწე მალე აღმოჩნდა ემიგრაციაში და მოასწრო კავკასიაში ცხოვრება – ძირითადად, ტფილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში. მიუხედავად სამშობლოდან ფიზიკური დაშორებისა, შოკაიმ იმდენად შეინარჩუნა და განამტკიცა კიდეც თავისი იდეოლოგიური გავლენა, რომ გერმანიაში მომუშავე საბჭოთა დიპლომატები 1926 წელს შეეცადნენ, თავაზიანი მოწვევის საშუალებით, შოკაი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეეტყუებინათ, ხოლო როდესაც ეს არ გამოვიდა, შოკაი მოსკოვში „კოლაბორაციონისტად“ გამოაცხადეს. თუმცა ცხოვრებამ აჩვენა, რომ შოკაის მხოლოდ თავისი ხალხის დამოუკიდებლობა სურდა, იყო კონსტრუქტიული, და არა დესტრუქტიული ნაციონალისტი, არ განიცდიდა რუსოფობიას (დაქორწინებული იყო რუს ქალზე) და, რაც მტავარია, გარკვეული ფიქრის შემდეგ, უარი თქვა გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაზე, როდესაც მათ თავიანთი ნამდვილი სახე გამოაჩინეს 1930-იანი წლების მიწურულს. შოკაი დაიღუპა ბერლინის კლინიკაში, 1941 წლის დეკემბერში, ბოლომდე გაურკვეველ გარემოებებში. ზოგიერთი სავსებით სანდო წყარო მოწმობს მისი განზრახ მოწამვლის შესაძლებლობას.

აი ასეთი საინტერესო პოლიტიკური მოღვაწე, საკმაოდ მასშტაბური, ცხოვრობდა და მუშაობდა საქართველოში ორი წლის მანძილზე (1919-1921წწ.). კავკასია და საქართველო მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მუსტაფა შოკაის მეუღლის, მარიას მემუარებისა და სხვა საარქივო მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ წყვილი ტიფლისში გრიბოედოვის ქუჩის 23 ნომერში ცხოვრობდა. ბინას, უფრო სწორად, ორ ოთახს, ისინი მდიდარი გერმანული ოჯახისგან, ლუდვიგ ლუდვიგის ძე პერშისგან ქირაობდნენ.

საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული მასალები შეიცავენ საინტერესო მასალებს, მუსტაფა შოკაისა და საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის თანამშრომლობის შესახებ. შოკაი აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკოსებთან, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ჩათვლით. იგი ხშირად აქვეყნებდა სტატიებს პარიზში გამომავალ გაზეთში „დამოუკიდებელი საქართველო“.

თავის ანალიტიკურ სტატიებში შოკაი ცალკე გამოჰყოფდა კავკასიის თემას. ასე, მის კალამს ეკუთვნის ესე სახელწოდებით „კავკასიური პაქტი“. ამ სტატიაში აღნიშნულია: „რაც უფრო ძლიერი იქნება კავკასიური ფრონტი, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენ ყველანი და ყოველი ჩვენთაგანი ცალ-ცალკე. კავკასია კი მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც იგი ერთიანი, როდესაც იგი გამოვა ერთიანი ფრონტით და იმოქმედებს, როგორც ერთი ძალა“.

თურქესტანის ემიგრაცია სუსტი და მცირერიცხოვანი იყო იმისათვის, რათა მოეხერხებინა ევროპაში მცხოვრებ სხვა ქვეყნების ემიგრანტებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. თურქესტანის ემიგრაციას არ ჰქონდა უცხოეთში წარმომადგენლობა, რომ აღარაფერი ითქვას საბჭოთა ხელისუფლების გავლენებზე. მაგრამ, მუსტაფა შოკაის სჯეროდა, რომ მომავალში ემიგრანტებს შეუძლიათ თურქესტანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.

ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის ელჩმა, ა. ჩხენკელმა, მოუწოდა კავკასიელ ემიგრანტებს, საბჭოთა კავშირის სხვა ემიგრანტებთან, განსაკუთრებით კი, უკრაინის და თურქესტანის ემიგრანტებთან თანამშრომლობისკენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მ. შოკაი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრაციასთან, ნოე ჟორდანიას ჩათვლით. გარდა „დამოუკიდებელ საქართველოში“ პუბლიკაციებისა, 1929 წელს შოკაიმ ბერლინში დაიწყო ჟურნალ „ახალგაზრდა თურქესტანის“ გამოცემა, რომლის რედაქტორობაც თვითონ ითავა. ჟურალი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წლამდე გამოდიოდა და სულ 117 ნომერი გამოიცა.

თურქეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელმა სიმონ მდივანმა, 1928 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად მიმართა ისმეთ ფაშას – თურქეთის მთავრობის თავმჯდომარეს, თხოვნით, მხარი დაეჭირა ამიერკავკასიის რესპუბლიკების, უკრაინისა და თურქესტანის ხალხების კონსოლიდაციისთვის. ს. მდივანი შემდგომში დანანებით აღნიშნავდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების ზეწოლის გამო, თურქეთის მთავრობამ 1931 წელს დახურა სტამბულში გამომავალი აზერბაიჯანის და თურქესტანის ემიგრანტული გაზეთები. ქართველი ემიგრანტები მიიჩნევდნენ, რომ დაპყრობილი ხალხების გათავისუფლება რუსეთისა და ევროპის საშინაო-საგარეო ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მიუხედავად ბოლშევიკური მთავრობის მხრიდან არსებულ დევნაზე, ევროპაში ეემიგრირებული სხავდასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები აქტიურად აგრძელებდნენ თავიანთ ბრძოლას. შვეიცარიაში არსებობდა „ფრანგულ-აღმოსავლური კომიტეტის“ ფრანგული განყოფილება, რომელიც ოფიციალურად „კავკასიის, თურქესტანისა და უკრაინის მეგობრობის კომიტეტად“ იწოდებოდა. კომიტეტში საქართველოს წარმოადგენდა ა. ჩხენკელი, თავმჯდომარე – შულგინი იყო, ხოლო მდივანი – მ. შოკაი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს სრულდება ყაზახეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წელი, ჩვენი ყაზახი მეგობრებისათვის კარგი საჩუქარი იქნებოდა თბილისში, იმ სახლზე მემორიალური დაფის გაკვრა, სადაც ცხოვრობდა თავისუფლებისთვის მებრძოლი მუსტაფა შოკაი.

 

მურად ბეგიაშვილი

(“საქართველოს რესპუბლიკა”)

მუსტაფა შოკაის ქართული კვალი