სააკაშვილს არ აქვს ისეთი დიაგნოზები, რომლებსაც საქართველოში არ მკურნალობენ – ნევროლოგი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი დაავადებები არ აქვს, რომელთაც საქართველოში არ მკურნალობენ. ამის შესახებ ნევროლოგმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

სააკაშვილს არ აქვს ისეთი დიაგნოზები, რომლებსაც საქართველოში არ მკურნალობენ - ნევროლოგი

გუშინ საღამოს ექსპრეზიდენტის ნახვა, ექიმთა ჯგუფის გარდა, სახალხო დამცველის რწმუნებულსაც სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. გორის ჰოსპიტლის დირექტორმა განაცხადა, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, ცნობილია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს.

„მას არ აქვს ისეთი დიაგნოზები, რომლებსაც საქართველოში არ მკურნალობენ. მაშინ მას ისეთი დიაგნოზები უნდა დაესვას, რომლებსაც საქართველოში არ მკურნალობენ. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გვესაუბრა ამის [სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის] შესახებ გვესაუბრა, თუმცა ასეთი დიაგნოზები ჩვენ ვერ დავსვით, – აცხადებს ნევროლოგი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა. მან შიმშილობა შეწყვიტა.

28 დეკემებრს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა განმარტა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გაიგო, რომ სტაციონარიდან გაწერეს, წნევამ აუწია და, მდგომარეობის დასტაბილურებამდე, ჰოსპიტალში დატოვეს.

 

“იმედინიუსი”