ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების მოსმენა იწყება.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოუსმენენ

გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დილიდან იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა არჩევანი თენგიზ თევზაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის უნდა გააკეთონ. კომისიის წევრად კი წარდგენილი 4 პირიდან 2 უნდა შეარჩიონ. საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს. ოპოზიციის ნაწილი მზად არის მხარი თენგიზ თევზაძეს დაუჭიროს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა თენგიზ თევზაძეს განიხილავს.

“ჩვენ ნდობა არ გვაქვს მოქმედი წევრების მიმართ კეთილსინდისიერების ნაწილში. რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, არის წარმოდგენილი თევზაძე, იმ იდეებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს, შესაძლებელია მისთვის მხარდაჭერა,”-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ამბობს, რომ არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს, თუმცა არც ერთი კანდიდატის მიმართ არ არის უარყოფითად განწყობილი.

“გარდა ფორმალური გასაუბრებისა, ჩვენ გვაინტერესებს მათი პოლიტიკური პოზიციები. ცესკოს თავმჯდომარე არის პოლიტიკური ფიგურა, კალანდარიშვილს ვიცნობთ უკვე, გვქონდა თანამშრომლობა, მაგრამ მაინც გვაინტერესებს თვითონ როგორ უყურებს ამ პროცესს,”- აცხადებს რაქვიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მხარდაჭერა ექნება ისეთ კანდიდატს, რომელიც გამოირჩევა მაღალი რეპუტაციული ხარისხით, ავტორიტეტით და სამუშაო გამოცდილებით.

 

“რუსთავი2”