“ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამის გასაკეთებლად” – აპატურაი

ჯეიმს აპატურაი – მადრიდის სამიტზე ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის.

"ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამის გასაკეთებლად" - აპატურაი

მადრიდის სამიტის დროს ველოდები, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება ახალი როლით.

– “ჩემი შემცვლელი, სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კალომინა მომავალ კვირაში იქნება საქართველოში. აქ ვიმყოფები ნატო-ს ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი საქართველოსა და ევროპაში სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად ამ ძალიან რთულ გარემოში“ – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში და შეცვალა ის გრძელვადიანად.

– “არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც” – განაცხადა აპატურაიმ.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე როგორც ყველა ნატო-ს ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

– “ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამის გასაკეთებლად და გვაქვს იდეები, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. როდესაც საუბარია ჰიბრიდულ თავდასხმებზე, ეს არის კოორდინირებული თავდასხმების დეზინფორმაციის კამპანიებით, ენერგეტიკის საკითხებით და ა.შ. ჩვენ ასევე გვაქვს იდეები, რომლებსაც განვიხილავთ უფრო დეტალურად სპეციალისტებთან. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ აქ, როგორ შეუძლია საქართველოს უკეთესად უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმების, ფიზიკური თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ ამას გავაკეთებთ კონკრეტული თანამშრომლობით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ახლა მნიშვნელოვანი ახალი კონტექსტის გათვალისწინებით.

მადრიდის სამიტის დროს, ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ ასევე გვექნება ძალიან კონკრეტული იდეები, რომ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მეტი გაკეთდეს“ – განაცხადა აპატურაიმ.

წყარო: 1tv.ge