“კობახიძის ინტერესშია ბიძინას მაქსიმალური მომწყვდევა კუთხეში” – არჩილ გამზარდია

“კობახიძის ინტერესშია ბიძინას მაქსიმალური მომწყვდევა კუთხეში” – არჩილ გამზარდია.

"კობახიძის ინტერესშია ბიძინას მაქსიმალური მომწყვდევა კუთხეში" - არჩილ გამზარდია

ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არსებული კოორდინაციისა და გარკვეული ძალების მიერ მისი პოლიტიკაში შემობრუნების სურვილის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

გამზარდია საზოგადოების იმ ნაწილს ეთანხმება, რომლებიც ფიქრობენ, რომ კობახიძის გუშინდელი განცხადება ბიძინა ივანიშვილს დააზიანებს. უფრო მეტიც, არჩილ გამზარდია აზრით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამას შეგნებულად აკეთებს.

„ისევ ჩემს თეორიას მივუბრუნდები, რომელსაც ჩემ გარდა არავინ იზიარებს, მაგრამ მაინც დავწერ, რომ ირაკლი კობახიძე ბევრად სერიოზული მოთამაშეა, ვიდრე აღიქვამენ. მას აწყობილი აქვს ძალაუფლების შენარჩუნების სისტემა, რომელსაც დღემდე წარმატებულად იყენებს, მეტიც, ბიძინას განეიტრალებაც კია კობახიძის ინტერესში, რადგან ბიძინა აღარ არის მთავარი ფაქტორი “ქართული ოცნების” გამარჯვებისა თუ ხელისუფლების შენარჩუნების სხვა ხერხებისა.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უფროა მიმართული, რაც, პარადოქსული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ კობახიძის ინტერესშია ბიძინას მაქსიმალური მომწყვდევა კუთხეში.

ირაკლი კობახიძე საკუთარ ძალაუფლებაზე მუშაობს და სანამ მას ვერავინ ამჩნევს და არავინ იღებს მიზანში, უპრობლემოდ და პრაქტიკულად, ბარიერების გარეშე მოქმედებს. შესაძლოა, ჩემი ლოგიკა ზედმეტად აღიარებს კობახიძის მნიშვნელობას, მაგრამ, სულ ცოტა, ის ბევრად მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ვიდრე თავს აჩვენებს,“- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის 4 მარტს მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა მხოლოდ 4 აპრილს დაედასტურებინა, “კოორდინაციის შედეგი” იყოს.

“მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. შვეიცარიული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: gtmedia.ge