ჩინეთში აფრენისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ჩინეთში, ქალაქ ჩონკინგში სამგზავრო თვითმფრინავს აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჩინეთში აფრენისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

მედიის ცნობით, ხანძრისას ბორტზე 113 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევაკუაციისას 36 ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, კერძოდ დაშავებულებს აღენიშნებოდათ სისხლჩაქცევები და დაჭიმულობები. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, პილოტებმა ცეცხლი მალევე შეამჩნიეს და აფრენა დროულად შეაჩერეს.

თითქმის ორი თვით ადრე, 21 მარტს ჩინეთის აღმოსავლური ავიახაზების თვითმფრინავი, სადაც 132 ადამიანი იმყოფებოდა აღმოსავლეთ ჩინეთში მთას შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე კატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ მხოლოდ მცირედი ინფორმაცია არსებობს.

მთავარი ფოტო: Reuters