აშშ-ის მოსახლეობის მხარდაჭერა უკრაინისადმი საშინაო პრობლემების ფონზე შესუსტდება: “რატომ არის 40 მილიარდი უკრაინისთვის, მაგრამ სახლში ბავშვის საკვები არ გვაქვს?!” – კონგრესმენი

როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი გაემგზავრება ევროპაში ამ შაბათ-კვირას, ის მოუწოდებს და ხოტბას შეასხამს ერთიანობას, დასავლეთის ძლიერებას და უკრაინას მხარდაჭერას აღუთქვამს. მხარდაჭერა კი, უპირველეს ყოვლისა, ერთ რამეს ნიშნავს: ფულს.

აშშ-ის მოსახლეობის მხარდაჭერა უკრაინისადმი საშინაო პრობლემების ფონზე შესუსტდება: "რატომ არის 40 მილიარდი უკრაინისთვის, მაგრამ სახლში ბავშვის საკვები არ გვაქვს?!" - კონგრესმენი

სურათზე: სენატორი რენდ პოლი (კენტუკის შტატი)

 

შეერთებულ შტატებს სურს, გამოყოს თითქმის 40 მილიარდი დოლარი უკრაინის რუსეთისგან თავდაცვისთვის, იარაღის, დახმარებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისთვის. ეს არის ასეთი სახის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ს წლიური თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით ხუთი პროცენტი. არც ავღანეთში და არც ერაყის ომში ასეთი მოკლე დროში არ ყოფილა ასეთი მოცულობის ხარჯები გამოყოფილი.

მაგრამ ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ კონგრესშია ჩარჩენილი. მისი მიღება, ყველაზე ადრე, ამ კვირის განმავლობაში შეიძლება მოხდეს – ნაცვლად გასული ხუთშაბათისა, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამაზე პასუხისმგებელი ცალკე აღებული კაცია: რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი, კენტუკიდან. მას სურს დარწმუნდეს, რომ ფულის ხარჯვის უკეთესი მონიტორინგი თუ მოხდება. პოლმა განმარტა, რომ მან ფიცი დაუდო არა რომელიმე უცხო ქვეყანას, არამედ შეერთებულ შტატებს: „ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის გადარჩენას ამერიკის ეკონომიკის უფსკრულში ჩაძირვის გზით“ – ეს ციტატაც კენტუკელ სენატორს ეკუთვნის.

პოლის ვეტო, სავარაუდოდ, მხოლოდ შეაფერხებს სახსრების გამოთავისუფლებას უკრაინისათვის და მთლიანობაში ეს პროცესი არ შეჩერდება. მიუხედავად ამისა, შეფერხება არასასიამოვნოა, განსაკუთრებით ენტონი ბლინკენისთვის, რომელიც ევროპაში ვიზიტის დროს ნატოს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება და ახლახანს მოწოდება გააკეთა, დრო არ დაიკარგოს უკრაინის ფინანსურ დახმარებისათვის.

თუმცა არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი ერთი კაცის ახირებას დაბრალდეს. არსებული ვითარება, შესაძლოა, უფრო ფართო მოვლენების სიმპტომია, რომლებიც წინ გველის. რუსეთის შეტევა უკრაინაზე უკვე 11 კვირაა გრძელდება და არის ნიშნები, რომ ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამომრჩევლების თანაგრძნობა უკრაინის მოსახლეობის მიმართ ჯერ კიდევ მაღალია, გამოკითხვების თანახმად, ის შეიძლება დროთა განმავლობაში გაუარესდეს – საშინაო პრობლემების გამძაფრებასთან ერთად. ეს უადვილებს პოლიტიკურ ოპონენტებს კითხვას, არის თუ არა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ამჟამინდელი პოლიტიკა უკრაინის მიმართ სწორი.

დიახ, რენდ პოლი არ არის ერთადერთი, ვინც იბრძვის ნოემბრის არჩევნებში და იყენებს შესაძლებლობას, წყალი შეუყენოს ბაიდენის პრიორიტეტებს. ჯი-დი ვენსმა, სენატის კანდიდატმა ოჰაიოში, რომელსაც მხარს უჭერს დონალდ ტრამპი, [ოჰაიოს შტატის შიდაპარტიული] არჩევნები თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა, როდესაც სხვა საკითხებთან ერთად, წინა პლანზე წამოსწია უკრაინის საკითხი და ნათლად განაცხადა: ამერიკისთვის “არ აქვს მნიშვნელობა” იმას, თუ რა ხდება უკრაინაში. ულტრამემარჯვენე დეპუტატი მარჯორი ტეილორ გრინი, ასევე ტრამპის გამოჩენილი წარმომადგენელი, ანალოგიური არგუმენტებით ხელმძღვანელობს. კერძოდ, იგი სვამს შეკითხვას: რატომ მოიძებნა ასე სწრაფად 40 მილიარდი დოლარი უკრაინელებისთვის, მაგრამ სახლში ანუ ამერიკაში ბავშვის საკვები არ არის?

ტეილორ გრინი და ვენსი არ წარმოადგენენ რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პირების უმრავლესობას, მაგრამ მათი პოპულიზმი რეზონანსული იყო როგორც მათ ოლქებში, ისე ამ ოლქების გარეთ.

 

ცაიტ-ონლაინის” მიხედვით