“თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას…” – რას წერს ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე:

“თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს ნიკა გვარამიას…” – რას წერს ნანა კაკაბაძე

“ნიკა გვარამიას შეიწყალებენ? სასამართლომ ნიკა გვარამიას ბრალდების 182-ე მუხლი („მითვისება ან გაფლანგვა“) გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
მოსამართლემ გვარამიას შეუფარდა 3,6 წლით პატიმრობა.
მაშინვე გამოენთნენ პოლიტიკოსები, რომლებიც განაჩენის გამოცხადებისთანავე ამუნათებენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული გვარამია.
„რა დროს დამნაშავის დასჯაა, სასწრაფოდ შეიწყალოს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია, თორემ ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს აღარავინ მისცემს“ და ა. შ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რადიკალურ შეფასებებში და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ზღვარგადასულ მცდელობაში ყველას გადაასწრო გაპოლიტიკოს-გაკლოუნებულმა საბჭოთა პროკურორმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც განაცხადა:

“რუსულმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ საქართველოში მიიღო დასრულებული ფორმა… ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმრებს შემატა კიდევ ერთი – ნიკა გვარამია.
იმედია ჩვენი დასავლელი მოკავშირეები ახლა მაინც დარწმუნდებიან, რომ ტირან ივანიშვილზე დაუყოვნებელი სანქციებია საჭირო და გადაწყვეტენ ვისთან სურთ მოკავშირეობა, ქართველ ხალხთან თუ პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე რეპრესიულ რეჟიმთან, რომელიც პუტინისავე მილიარდებით მსუყედ აფინანსებს თავის ვაი ატლანტიკურ ლობისტებს…“

მოკლედ, თურმე ევროპული ღირებულებების დარღვევა და ევროპის განაწყენება ყოფილა დამნაშავისთვის სასჯელის დაკისრება, ხოლო პრეზიდენტისათვის ანტიდასავლურობად ჩაითვლება, თუ ის არ შეიწყალებს ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელს, თუნდაც მას დადასტურებული დანაშაულისთვის ჰქონდეს შეფარდებული სასჯელი.

ნაცებისა და განაცებული პოლიტიკოსების მტკიცებით, ყველას შეუძლია დააფუძნოს ოპოზიციური მედია-საშუალება, მოირგოს შეუვალ ჯავშნად და შემდეგ პასუხი არ აგოს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

თუ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებარება ამგვარ პრიმიტიულ შეტევებს და ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი საფუძვლით მართლაც შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული რომ პრეზიდენტის და ქვეყნის მხედართმთავრის ინსტიტუტი ფეხქვეშაა გათელილი.

იმედი გვაქვს, ქ-ნი სალომე გამოიჩენს მართლაც ევროპულობას და პრინციპულობას, არ დაიზიანებს საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივის ნაცვლად არ მიიღებს ბულინგზე დაქვემდებარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“