“არ მგონია, რომ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით უნდა ვიცხოვროთ” – წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება როგორც თავად, ასევე სხვებმაც უნდა შეწყვიტონ. ამის შესახებ წულუკიანმა “იმედთან” ისაუბრა.

“არ მგონია, რომ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით უნდა ვიცხოვროთ” – წულუკიანი

“დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი დილას-შუადღეს-საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე გამოდიოდეს და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე, სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა. ეს ხარხარის დონის ანეკდოტია.

ჩვენ საქართველოში ასე ვიქცევით და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ, ჩემით დაწყებული სხვით გაგრძელებული, შევწყვიტოთ, იმიტომ, რომ გერმანელები სალომე სამადაშვილის რეცეპტებით არ ცხოვრობენ და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით”, – განაცხადა წულუკიანმა.

მანამდე წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.

ამის შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრის ბრალდებებით. ამასთან, მისი თქმით, წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი.

„როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც — ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, — თქვა მან.


ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო. 2012 წლის აპრილში საქართველოში გერმანიის მარშალისა და ბოშის ფონდების 15-კაციანი დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა დელეგაციას, თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ და ამის მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დელეგაციის წევრთა პოზიციები დაასახელა. შედეგად, ფონდებმა ვიზიტი საერთოდ გააუქმეს.

ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოც გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, “მავნებელ ჩრდილოვან აქტორად” მოიხსენია.