ჰენრი კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მცდელობები უკრაინაში რუსეთის არმიის დასამარცხებლად

„აშშ-ის დიპლომატიის ვეტერანმა ჰენრი კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს მცდელობები უკრაინაში რუსეთის არმიის დასამარცხებლად და გააფრთხილა, თუ ამერიკა, ევროკავშირი და ნატო ასეთ მცდელობებს გააგრძელებენ, მაშინ ეს, ყველაფერი ევროპული სტაბილურობისათვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით – „ჰენრი კისინჯერი: უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები უნდა მისცეს“ (ავტორი – ამბროსი ევანს-პრიჩარდი).

ჰენრი კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მცდელობები უკრაინაში რუსეთის არმიის დასამარცხებლად

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ცივი ომის დროს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაახლოების არქიტექტორმა ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ამჟამად დავოსის ფორუმზე იმყოფება, განაცხადა, რომ დასავლეთი არ უნდა აჰყვეს ფატალურად დღეს შექმნილ განწყობას და არ უნდა დაივიწყოს რუსეთის კუთვნილი ადგილი ევროპის ძალთა ბალანსში. დოქტორ ჰენრი კისინჯერის თქმით, არ უნდა იქნას დაშვებული ომის ხანგრძლივად გაჭიანურება და უფრო მეტიც – დასავლეთმა უნდა ურჩიოს უკრაინას, რომ კიევი მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.

„მოლაპარაკება უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს, ანუ მანამდე, სანამ ამჟამინდელი სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდება და შემდეგ პრობლემების გადალახვა ძნელი იქნება. გამმიჯნავი ხაზი ომამდელ სტატუსკვოს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

ვეტერანმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ბოლო 400 წლის განმავლობაში ევროპის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რუსეთი ევროპული ძალების ბალანსის გარანტი იყო კრიტიკულ პერიოდშიც კი. ევროპელმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობის აუცილებლობა, ასევე ისიც, რომ თავიანთი მოქმედებით არ აიძულონ მოსკოვი პეკინთან მუდმივი მოკავშირეობისათვის.

„მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელები, საოცარ თავგანწირვასა და გმირობასთან ერთად, სიბრძნესაც გამოავლენენ“, – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა. დიპლომატმა, რომელიც ცნობილია რეალური პოლიტიკის მიმართ თავისი მიდგომით, დაამატა, რომ უკრაინის ნამდვილი როლია, იყოს ბუფერული ნეიტრალური სახელმწიფო.

პუბლიკაციაში მიმოხილულია, აგრეთვე, უკრაინის პრეზიდენტის – ვლადიმერ ზელენსკის, გერმანიის ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის – რობერ ჰაბეკის, ინდოეთის ენერგეტიკის მინისტრის – ჰარდიპ პურის და დავოსის ფორუმზე მიწვეული სხვა მოღვაწეების გამოსვლები.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ (“კვირის პალიტრა“)