უკრაინის გამარჯვება თუ პუტინის დამარცხება – რას ფიქრობენ დასავლეთში რუსეთის სამხედრო წარმატებების ფონზე

რუსეთის მიერ წარმატებით გაგრძელებული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, კერძოდ, დონბასში – პოპასნაიას, სვეტლოდარსკის, ლიმანის და სხვა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების აღება, ასევე დიდი ქალაქის – სევეროდონეცკის თითქმის მთლიანად გაწმენდა უკრაინული ჯარებისაგან, ლისიჩანსკისა და სლავიანსკისთვის რეალური საფრთხის შექმნა, პესიმიზმს აძლიერებს დასავლეთის პოლიტიკურ ელიტებში. როგორც ჩანს, იქ უკვე შეეგუენ აზრს, რომ მთელი დონბასი მალე დაეცემა და რუსეთის და ლუგანსკ-დონეცკის რესპუბლიკების კონტროლს ქვეშ გადავა.

უკრაინის გამარჯვება თუ პუტინის დამარცხება - რას ფიქრობენ დასავლეთში რუსეთის სამხედრო წარმატებების ფონზე

მთავარი კითხვა დღეს არის, თუ რა იქნება დონბასის რუსეთის მიერ მთლიანად დაკავების შემდეგ. უნდა დაუზავდეს თუ არა უკრაინა რუსეთს, განაგრძოს თუ არა უკრაინამ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ “ბოლო უკრაინელამდე”?

ამ თემებზე დასავლეთში მიმდინარე დისკუსიები მიმოიხილა ბრიტანულმა BBC-მ, მიმოხილვის ქართული თარგმანი კი “იმედის” საიტზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამ თარგმანის ძირითად ნაწილს:

 

პუტინის დამარცხება თუ უკრაინის გამარჯვება?

თუ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რიგი სხვა ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინას მისი ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მიმართულ მოქმედებებში, დასავლეთ ევროპაში ომის დასრულებაზე საუბრობენ. დაუყოვნებელი დაზავების აუცილებლობის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი. ეს ლიდერები დარჩნენ იმავე პოზიციაზე, რომელიც დასავლეთს ომის დასაწყისში ჰქონდა – ისინი გმობენ რუსულ აგრესიას და რუსეთის დასჯა ეკონომიკური სანქციებით სურთ.

კიევისა და ჩერნიჰივის რეგიონებიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შესაძლო გამარჯვებაზე დაიწყეს საუბარი, პარიზში, ბერლინსა და რომში კი დუმდნენ. ისინი მუდმივად იმეორებენ, რომ ეს ომი კრემლმა არ უნდა მოიგოს, თუმცა “პუტინის დამარცხება” შეიძლება ფართოდ იყოს განმარტებული. მაგალითად, რუსეთის დამარცხებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა და კიევი არ დაეცა,- ამბობს  ჩარლზ კუპჩანი, რომელიც პრეზიდენტ ობამას თანაშემწედ მუშაობდა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

იგივე სულისკვეთება დაფიქსირდა New York Times-ის პირადი მოსაზრების სვეტში. სარედაქციო სტატიის ავტორთა აზრით, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაუჭიროს მხარი დაუყოვნებლივ დაზავების საკითხსა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება კი არარეალური მიზანია. ამავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერას შეიძლება საზღვრები  ჰქონდეს და რუსეთი უკვე საკმარისად არის დასუსტებული საიმისოდ, რომ მომავალში საშიში აღარ იყოს. ჰენრი კისინჯერი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკაში „რეალიზმის“ სკოლის პატრიარქად ითვლება, ომის დაუყოვნებლივ დასრულების მომხრეა. მისი აზრით, მხარეები 24 თებერვლამდე არსებულ საზღვრებს სასწრაფო წესით უნდა დაუბრუნდნენ.

უკრაინის ხელისუფლება ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებებზე კატეგორიულ უარს აცხადებს. თუ უახლესი სოციალური გამოკითხვის მიხედვითაც ვიმსჯელებთ, ოფიციალურ კიევს ამაში უკრაინელების 82%-ი მხარს უჭერს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის აზრით, ქვეყნის აღმოსავლეთში მიღწეულმა წარმატებებმა კიევზე რუსეთის ახალი თავდასხმის რეალური საფრთხე შექმნა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი განაცხადა, რომ დონბასში არსებული ვითარება უკრაინელი სამხედროებისთვის „უკიდურესად ცუდია“. ამ მიმართულებით რუსეთის გარკვეული წარმატებები ვაშინგტონსა და ლონდონშიც აღიარეს. პირველ ეტაპზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, რუსეთის ჯარისთვის ომის მათთვის ხელსაყრელი კურსი თავს მოეხვიათ. ოფიციალურმა კიევმა მასობრივ შეტაკებებს თავი აარიდა, კონტრშეტევებისა და ჩასაფრების პოლიტიკით  ხელმძღვანელობდა, თუმცა დონბასისთვის ბრძოლაში მთავარ როლს მაინც არტილერია ასრულებს და ჯერჯერობით, ამ მიმართულებით უპირატესობა რუსეთს აქვს.

თუმცა ძალთა ბალანსი შეიძლება შეიცვალოს, თუ უკრაინა დასავლეთიდან თანამედროვე აღჭურვილობის მიღებას გააგრძელებს, – ამბობენ ექსპერტები. კიევი უკვე იღებს ამერიკულ M777 ტიპის ჰაუბიცებს და პენტაგონის თქმით, დაპირებული 108 ერთეულიდან 85 უკვე ომში გამოიყენება. 200 უკრაინელი არტილერისტი კი აღნიშნული ტექნიკის მართვის მიმართულებით გერმანიის სამხედროების მიერ გაიწვრთნა.

 

სარაკეტო არტილერია, რათა ხერსონი გათავისუფლდეს

კიევი შეერთებული შტატებისგან განსაკუთრებით ელის ამერიკული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, MLRS-ისა და HIMARS-ის მიწოდებას. ეს აღჭურვილობა უკრაინას მისცემს საშუალებას, მოწინააღმდეგეს უფრო შორ მანძილზე ბევრად ზუსტად დაარტყას. აღნიშნული ტექნიკის გადაუდებელ აუცილებლობაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ აპრილში საუბრობდა. მაისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ასეთი თხოვნით აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის მიმართა.

თუმცა ვაშინგტონი ამ თხოვნას დიდხანს არ პასუხობდა. ბაიდენი შიშობდა, რომ ამ სისტემების კიევისთვის გადაცემა შეიძლებოდა კრემლში ესკალაციად აღექვათ, – წერდა გამოცემა Politico. ეს სიფრთხილე იმით იყო გამოწვეული, რომ MLRS-ით რაკეტების გაშვება 300 კმ-მდე რადიუსშია შესაძლებელი. ეს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემდა, რუსეთში არსებულ სამიზნეებზე დაერტყა,- ამბობდნენ ამერიკული ჟურნალისტები.

CNN-ის წყაროების ინფორმაციით, მაისის ბოლოს თეთრი სახლის ადმინისტრაცია ემზადებოდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გადაეცა. კიევში თვლიან, რომ უკრაინისთვის არტილერიის, მათ შორის სარაკეტო და მძიმე ტექნიკის მიწოდება საუკეთესო საშუალებაა, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. შესაბამისად, უკრაინელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ოფიციალური კიევისთვის ქვეყნის ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, დასავლელი მოკავშირეები სწორედ სამხედრო აღჭურვილობით დახმარებასა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე უნდა ორიენტირდნენ.
MLRS-ის დახმარებით უკრაინის არმია ხერსონის გათავისუფლებას  შეძლებს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. კონკრეტული ქალაქების დასახელების გარეშე, ანალოგიური შეფასება გამოთქვა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა რობ ლიმ. ის თვლის, რომ აღნიშნულ სისტემებს შეუძლიათ დაეხმაროს უკრაინას, რომ ამ უკანასკნელმა ამ ზაფხულს რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ასეთი სისტემა გადაეცემა უკრაინას უახლოეს მომავალში, – წერს Wall Street Journal-ი, რომელმაც ასევე შეიტყო კიევისთვის MLRS-ის მიწოდების გეგმის შესახებ. კიევისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებას ლონდონი და ვარშავაც ეთანხმებიან. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გერმანია დაგვიანებულ ქმედებებშიც კი დაადანაშაულა. უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდებას ბუნდესტაგმა მხარი ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს დაუჭირა. მაშინ ბერლინი კიევს 50 თვითმავალი საზენიტო მოწყობილობა „გეპარდის“ გადაცემას დაჰპირდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ დააკონკრეტა, რომ მათ ივლისში გაგზავნიდა. უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა ანასტასია რადინამ ივლისში “გეპარდების” გადაცემის შესახებ საუბარს დამამცირებელი უწოდა. „ეს აჩენს კითხვას: ვის უჭერს მხარს გერმანია რეალურად?”, – განაცხადა მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე.

 

“გრძელვადიანი ვალდებულება”

ომის გაჭიანურების ალბათობაზე ახლა უკვე რუსეთის ხელმძღვანელობაც საუბრობს. როსგვარდიის მეთაურმა ვიქტორ ზოლოტოვმა, რომლის ქვეშევრდომებიც უკრაინაში იბრძვიან, ინტერვენციის დასაწყისშივე აღიარა, რომ სპეცოპერაცია „არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ამას ვისურვებდითო“. თუმცა ახლა მოსკოვში სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ არსად ეჩაქარებათ. „ჩვენ ვადებს არ ვეკიდებით. ნაციზმი ან 100%-ით უნდა აღმოიფხვრას, ან რამდენიმე წელიწადში თავს ისევ წამოწევს და მას კიდევ უფრო მახინჯი ფორმა ექნება“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა.

ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსი სერ ლოურენს ფრიდმანი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში ახალი ტერიტორიების დაპყრობას კვლავ ცდილობს და ითხოვს ისეთ დათმობებს, რომელთაც კიევისგან ვერ მიიღებს. „ახლა გონივრულია იმის მოლოდინი, რომ ეს არ არის მოკლევადიანი საგანგებო მდგომარეობა. ეს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის გრძელვადიანი ვალდებულება  გახლავთ. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პრობლემის მარტივი დიპლომატიური გადაწყვეტა არ არსებობს და უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც მას თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად  დასჭირდება“, – წერს ფრიდმანი. —