Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში აღარ შემოუშვეს

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში აღარ შემოუშვეს.

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში აღარ შემოუშვეს

Pussy Riot-ის წევრ ოლგა ბორისოვას დღეს, 20 ივნისს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა და რადიო თავისუფლებასაც ესაუბრა.

აქტივისტის თქმით, ის Pussy Riot-ის ევროპული ტურნედან ბრუნდებოდა. თბილისის აეროპორტში მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

– “მარტიდან საქართველოში ვცხოვრობდი და ტურნეს დამთავრების შემდეგ ამსტერდამიდან თურქეთის გავლით სახლში ვბრუნდებოდი. თბილისში რომ ჩამოვფრინდი, შემოწმებისას “ქალმა” ჩემი პასპორტის თვალიერება დაიწყო, მერე ფოტო გადაუღო და ვიღაცას ვოტსაპით გაუგზავნა. ამასობაში პოლიციელი მოვიდა და მკითხა, თქვენ ოლგა ბორისოვა ხართ? ვუპასუხე, დიახ. დაელოდეთ, დაგიძახებენო. 20-30 წუთი ველოდე, არავის არაფერი უკითხავს. ვიღაც კაცი ელაპარაკებოდა პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ჰგავდა. მაგან მკითხა რუსულად, ვისთან ჩამოხვედითო? ვუპასუხე, მე აქ ვცხოვრობ. სახლი მაქვს აქ, მეგობარი ბიჭი მყავს. ქართველიაო? საქართველოს მოქალაქეო? დიახ-მეთქი, ადგილობრივია. ამასობაში პოლიციელი მოვიდა და მითხრა, თქვენ უარი გეთქვათ შესვლაზეო. იმავე თვითმფრინავზე დამსვეს, რომლითაც ჩამოვედი და უკან, თურქეთში გამომიშვეს” – ჰყვება ოლგა ბორისოვა.

ბორისოვა ამბობს, რომ იგი თურქეთიდან კვლავ ამსტერდამში დაბრუნდება და ცოტა ხანში ისევ შეეცდება საქართველოში შემოსვლას.

– “დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც დროის მერე ისევ ვცდი საქართველოში ჩასვლას. პასპორტში ჩავიხედე და არანაირი ბეჭედი არ ჩაურტყამთ, რომელიც დაადასტურებდა, რომ უარი მითხრეს შემოსვლაზე” – ამბობს იგი.

წყარო: radiotavisupleba.ge