გერმანელი მინისტრები: “მოკლე ხანში შემაშფოთებელი ვითარება შეგვექმნება!”; “უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება!”

ავსტრიული გამოცემა heute.at, ისევე როგორც ბევრი სხვა ევროპული გამოცემა, ევროპაში, პირველ ყოვლისა, გერმანიაში, ფასების დრამატულ ზრდას ეხმაურება და ამ აქტუალურ საკითხს მიმოიხილავს. გთავაზობთ სტატიის თარგმანს (ორიგინალი).

გერმანელი მინისტრები: "მოკლე ხანში შემაშფოთებელი ვითარება შეგვექმნება!"; "უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება!"

პუტინი მკვეთრად ზრდის ფასებს უკრაინასა და მთელ ევროპაში. გერმანიის მთავრობა ელოდება “გაჭირვების ხანგრძლივ ფაზას”.

24 თებერვლიდან უკრაინაში ქვემეხები ჭექა ისმის. რუსეთის მეზობელ ქვეყანაში შეჭრით ვლადიმირ პუტინმა მთელი ევროპა კრიზისში ჩააგდო. მას შემდეგ გერმანიაში ინფლაცია აფეთქდა – 7,7 პროცენტი მაისში – და ფასები ახალ სიმაღლეებზე ავიდა თითქმის ყველა პროდუქტის ჯგუფში. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ღარიბებს, საშუალო ფენაც კი უკვე გრძნობს ფასების უზარმაზარი ზრდის შედეგებს.

ლინდნერი: “დეფიციტის წლები”
გერმანიაში ავსტრიის მსგავსი ვითარებაა. თუმცა, იქ ფედერალურმა მთავრობამ ახლა დაასამარა ფასების ზრდის კრიზისის სწრაფი დასრულების ყველა იმედი. ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა (FDP) უკვე შეამზადა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობა რამდენიმეწლიანი გაჭირვების ხანის დადგომისათვის.

”ჩემი საზრუნავი არის ის, რომ ჩვენ, შეიძლება, შეგვექმნას ძალიან შემაშფოთებელი ვითარება რამდენიმე კვირაში ან თვეში,” – თქვა ლინდნერმა სამშაბათს ZDF-ის “heute journal”-ზე. ”ეს არის დაახლოებით სამი-ოთხი, შესაძლოა ხუთი წლის დეფიციტი.”

პოლიტიკოსი ხედავს სრულფასოვანი ეკონომიკური კრიზისის რეალურ საფრთხეს, რომელიც გამოწვეულია ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრი მატებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაუარესებით და ინფლაციით. პასუხი ახლა უნდა მოიძებნოს და ყველა ვარიანტი განიხილება – მათ შორის, ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი შეწყვეტის გადადება.

ჰაბეკი: უზარმაზარი ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება
ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-კანცლერის რობერტ ჰაბეკის (მწვანეები) პროგნოზი ანალოგიურად მუქი ფერებითაა მოცული. თუკი ვლადიმირ პუტინი გერმანიას გაზის ონკანს მთლიანად გადაუკეტავს, ეკონომიკური ვარდნა შეიძლება „კორონავირუსის პანდემიაზე უარესიც კი იყოს“.

მიზეზი: გერმანული გაზის საწყობები მხოლოდ 60 პროცენტით არის სავსე. ზამთარში ისტორიული საშუალო მოხმარებით, ეს საკმარისია ერთიდან თვენახევრამდე. თუ ქვეყანას მოუწევს ცივ სეზონში გადასვლა ნახევრად სავსე საწყობებით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს. ბევრი კომპანიისთვის ეს იქნება არსებობის საკითხი.

ჰაბეკი საუბრობს რუსეთის მიერ „ეკონომიკურ შეტევაზე“ ევროპაში ფასების გაზრდის მიზნით. იგივე ემუქრება ახლა ხორბალს, რომლის ექსპორტს უკრაინიდან რუსები ბლოკავენ. ჰაბეკის გამოწვევა კრემლისადმი: „ეს სტრატეგია არ უნდა იყოს წარმატებული“.

გაზზე განგაში გამოცხადდა
ოთხშაბათს გერმანიაში გაზის ეროვნული ავარიული გეგმის განგაშის დონე გამოცხადდა: ეს სამეტაპიანი გეგმის მეორე ეტაპია, რომელიც, პირველ რიგში, ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე აისახება. მომხმარებელს, შესაძლოა, შეექმნას ახალი გაძვირების შოკი:

“Business Insider”-ის ცნობით, მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული შესწორება გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტში (EnSig) მიმწოდებლებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ფასები თავიანთი მომხმარებლებისთვის “გონივრულ დონეზე”, თუ განგაშის დონე გამოცხადდება.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”