“ოცნების” წევრი დეპუტატის რეაქცია ახალი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე – “სერიოზულად არც კი აღვიქვამ”

“ოცნების” წევრი დეპუტატის რეაქცია ახალი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე – “სერიოზულად არც კი აღვიქვამ”.

"ოცნების" წევრი დეპუტატის რეაქცია ახალი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე - "სერიოზულად არც კი აღვიქვამ"

“ქართული ოცნების” წევრი დეპუტატები ეხმიანებიან „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნებს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის თაობაზე.

დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას სერიოზულად არ აღვიქვამს.

„მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე, ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს. ახლა „სირცხვილიას“ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და, რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვამ. ვიმედოვნებ, იქ მდგომი ადამიანებიც სკეპტიკურად უყურებენ იმიტომ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენმა ხელისუფლებამ, ყოველ ეტაპზე გადადგა ყველა სათანადო ნაბიჯი, ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმიტომ, რომ საბოლოდ მივიყვანოთ შედეგამდე” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანის თანაპარტიელი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები “ანტიკონსტიტუციურია”.

– “რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასოდეს ვერ დაამთხვია თავისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს. დღეს, როცა ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა ლიდერმა საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღება და წევრობის პროცესის დასაწყისი მოგვილოცა და 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა, ამ დროს ოპოზიციას სულ სხვა გეგმები აქვს.12-პუნქტიანი საკითხის ნაცვლად, საკუთარი 7-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ თითქოს არასამთავრბო ორგანიზაციებს აფუძნებდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბება, დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას და ილაპარაკებს ხალხის სახელით, ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. ანტიკონსტიტუციური პროცესები უნდათ, რომ კონსტიტუციურად მონათლონ” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვან ევროკავშირის მოთხოვნების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

– ასეთ საკითხებთან დაკავშირებით მიტინგით მანიპულირება არ არის დემოკრატიული და კონსტიტუციური პროცესის თანმხვედრი ნაწილი. ტექნიკური მთავრობა და მთავრობის ცვლილება და არასტაბილურობის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში ევროკავშირის გადაწყვეტილების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების შემდეგ სახალხო მოძრაობამ, რომლის ორგანიზაებითაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციები იმართება, ორი მოთხოვნა გააჟღერა:

1) თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;

2) ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12-ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო LGBTQ+ ჯგუფების დაცვა და მათი სრული მხარდაჭერა პრაიდების გამართვაში და ა.შ. და ა.შ. …

წყარო: ptn.ge