“ლიბერასტები” – რიჟვაძის “ჰომოფობიური” გზავნილი …

“ლიბერასტები” – რიჟვაძის “ჰომოფობიური” გზავნილი.

"ლიბერასტები" - რიჟვაძის "ჰომოფობიური" გზავნილი ...

“არა მგონია, ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება” – ეს შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“ყველას კარგად ესმის, პირველ რიგში, ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის მიმდინარე წარმატებული აღდგენა ტურიზმის, ნებისმიერი საშუალებით დააზიანოს, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის ევროპულ ოჯახში. თუმცა არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი, როგორც მშვიდეობა, ასევე სტაბილური განვითარება” – განაცხადა რიჟვაძემ.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახა, რომელიც 23 ივნისს ევროპის საბჭომ დაამტკიცა. რეკომენდაციები, მათ შორის, მოიცავს დეოლიგარქიზაციას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მართლმსაჯულების რეფორმას, დეპოლარიზაციას. ევროკომისია რეფორმების შესრულების ხარისხს წლის ბოლოს შეამოწმებს. ხელისუფლებას მოძრაობამ ვადა 3 ივლისამდე მისცა. 3 ივლისს რუსთაველზე აქცია უნდა გაიმართოს.

საწყის ეტაპზე მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ შეასრულებდა რეკომენდაციებს, თუმცა 28 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას 15 წელი სჭირდება, რომ საქართველოს არსად ეჩქარება, ამიტომ, თანმიმდევრულად მიჰყვება გეგმას.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ხალხმრავალი აქცია გაიმართა 23 ივნისსაც, რომელზეც ახლად დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ”, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, ორი მოთხოვნა წამოაყენა: გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც წლის ბოლომდე შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. ამ დროისთვის არსებული პოზიციით, მმართველი გუნდი მოთხოვნების მიღებას არ აპირებს.

წყარო: ptn.ge