რეგიონებში გვხვდებიან ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები, მათ შორის საკრებულოს წევრებიც

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს: “რეგიონებში გვხვდებიან “ოცნების” მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები, მათ შორის არიან საკრებულოს წევრებიც”.

რეგიონებში გვხვდებიან ოცნების მიერ ორგანიზებული აგრესიული ჯგუფები, მათ შორის საკრებულოს წევრებიც

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია “ქართულო ოცნების” მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები დახვდათ.

ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის საჯარო მოხელეებიც იყვნენ. მისი თქმით, ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ენმ–ის წევრებს.

– “ლანჩხუთის “ოცნების” ოფისთანაც დაამობილიზეს საკრებულოს წევრები და კოორდინატორები. უნდა დაგვესიონ და მერე “იმედი” და “პოსტ-ტვ” მოჰყვება, რომ ვითომ ხალხი უპირისპირდება ხაბეიშვილს” – აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, მათ მსგავსი ვითარება დახვდათ სხვა ქალაქებშიც, მათ შორის – ოზურგეთსა და ახალციხეში. როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” განზრახ აწყობს პროვოკაციებს, რათა შემდგომ აღნიშნული გაშუქდეს ისე, თითქოს ადგილობრივები ოპოზიციის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან”.

– პარტია „ლელოს“ ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ჰქონდათ დაგეგმილი ყვარელში შეხვედრა, სადაც მოსახლეობისთვის უნდა გაეცნოთ ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეა და ასევე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გზები, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა.

– “ადგილზე დაგვხვდა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, აგრესიულად განწყობილი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა ამ შეხვედრისთვის. ყველანი არიან ინდეტიფიცირებული, ესენი არიან საჯარო მოხელეები და „ოცნების შტაბის აქტიური წევრები” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს შორის იყო ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ბადრი ჯაფარიძის თანაპარტიელი ლევან სამუშიაც აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა პარტიას ყვარელში პოლიტიკური შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ცნობისთვის: 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე დღეა, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

წყარო: ptn.ge