გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი. ეს იქნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.

საქართველოში ყოფნისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.

– „ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.

აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“ – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.

წყარო: newposts.ge