“ის ახვარი სადღაც აგდია და ბინძურ ბრალდებას ისვრის, თქვენ ხომ ხართ საქართველოში?!…აი, ეს როგორ უნდა ჰკითხო ადამიანს?!…”

“კაგებეს აგენტის შვილი არა ხართ?” – აი, ეს როგორ უნდა ჰკითხო ადამიანს?!
რასაკვირველია, პოლიტიკოსს და, მით უმეტეს, პარლამენტის წევრს თმენის ვალდებულება აქვს და დიდი თავშეკავება მართებს, აქ არაფერია საკამათო, მაგრამ ეს რა შეკითხვაა?!

"ის ახვარი სადღაც აგდია და ბინძურ ბრალდებას ისვრის, თქვენ ხომ ხართ საქართველოში?!...აი, ეს როგორ უნდა ჰკითხო ადამიანს?!..."ასეთი შეკითხვა ყვითელი მედიისგან კიდევ ჰო, მაგრამ პოლიტიკური და საინფორმაციო გამოშვებისთვის?!
და რა უნდა ეპასუხა?!
ვთქვათ, უპასუხა, რომ ტყუილია, – მერე?!
ვთქვათ, უპასუხა, რომ ბინძური ცილისწამებაა, – მერე?!
აი, მერე რა ხდება?!
ხალხო, არახამია ვინ ოხერია, რომ მის ნაბოდვარს პოლიტიკური გადაცემის და საინფორმაციო გამოშვების თემად აქცევთ?!
ის ახვარი სადღაც აგდია და ბინძურ ბრალდებას ისვრის, თქვენ ხომ ხართ საქართველოში?!
გია კობახიძე, რომლის სახელსაც ასე სიამოვნებით სცხებთ ტალახს, აქ არ არის?!
მისი თანამებრძოლები ეროვნული მოძრაობიდან აქ არ არიან?!
მისი ძველი პოლიტიკური ოპონენტებიც და მტრებიც აქ არ არიან?!
წადით და ჰკითხეთ, რა კაცია გია კობახიძე!
ადამიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და 1995-99 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ასეთი საშინელი დისკრედიტაცია ვიღაც გარეწარის ნაბოდვარით როგორ შეიძლება?!
ადამიანს, ვინც უნდა იყოს, როგორ უნდა ჰკითხო, “კაგებეს აგენტის შვილი არა ხართო”?!
იმ “კაგებეს აგენტად” გამოცხადებულს, ირაკლი კობახიძის გარდა ჰყავს მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილები!
წადით და გია კობახიძის მეუღლესაც ჰკითხეთ: “კაგებეს აგენტის მეუღლე არა ხართ?”
წადით და მის ქალიშვილსაც ჰკითხეთ: “კაგებეს აგენტის შვილი არა ხართ?”
წადით და მის შვილიშვილებსაც ჰკითხეთ: “კაგებეს აგენტის შვილიშვილები არა ხართ?”
ამ ბავშვებს ვიღაცამ სკოლაში რომ უთხრას, – “ტელევიზიით მოვისმინე, კაგებეს აგენტის შვილიშვილები ყოფილხართო”, – მერე?! მერე რა ხდება?!
რძალსაც ჰკითხეთ და სიძესაც, – შესაბამისად!
ეს რა შეკითხვაა?!
მართლა არ მესმის!
ნახეთ მეორე “კრიტიკული შეკითხვა”:
“მამათქვენი ვინ არის, შეგიძლიათ გვითხრათ?”
მესამე “კრიტიკული შეკითხვა”:
“თავად არა აქვს დანაშაული მამათქვენს, რომ კაგებეს მიერ იყო “დავერბოვკებული”?
ეს არის კრიტიკული კითხვები?!
მესამე შეკითხვა კრიტიკული კი არ არის, ბრალდებაა, შვილო, ბრალდება!
თქვენ რა გგონიათ, – კაგებეს აგენტობა რა არის?!
ადამიანს მთელი ეროვნული მოძრაობის ღალატს აბრალებთ!
კაგებეს სამართალმემკვიდრე ფეესბეა!
ცნობილ გამონათქვამს თუ გავიხსენებთ ყოფილების არარსებობის შესახებ, ადამიანს სამშობლოს ღალატს აბრალებთ!
გესმით მაინც, ეს რა ბრალდებაა?!
და კიდევ:
ვიცი, ვიღაც იტყვის, ირაკლი კობახიძე პოლიტიკოსია, მმართველი პარტიის თავმჯდომარეო!
ირაკლი კობახიძე ჯერ შვილია, ჯერ მეუღლეა, ჯერ მამაა და მერეა პოლიტიკოსი და პარტიის თავმჯდომარე!
ეს დაიმახსოვრეთ არამხოლოდ კობახიძესთან დაკავშირებით!
დაბოლოს: ჩემი კეთილი რჩევაა, – ოჯახებს შეეშვით!

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი