ფოთის პორტში შემოსული, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი და მასზე არსებულ ტვირთი სანქცირებული არ ყოფილა

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ფოთის პორტში შემოსული, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი და მასზე არსებულ ტვირთი სანქცირებული არ ყოფილა.

ფოთის პორტში შემოსული, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი და მასზე არსებულ ტვირთი სანქცირებული არ ყოფილა
DCIM100MEDIADJI_0149.JPG

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფოთის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავლის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არც გემი და არც მასზე არსებული ტვირთი სანქცირებული არ ყოფილა.

– “ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ მორიგ დეზინფორმაციულ განცხადებებს საქართველოში სანქცირებული ნავთობის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: მიმდინარე წლის 19 ივლისს ფოთის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი „ჰარმონია“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 4181.184 ტონა დიზელის საწვავი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელებისა და შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყების დისკრედიტაციას“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

წყარო: newposts.ge