ნიკა მელია – რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის

ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე გამარჯვება მინდა და ამაში ვგულისხმობ წარმატებული სახელმწიფოს ხილვას მომდევნო წლებში. მე ვერ დავინახავ ასეთ სახელმწიფოს, თუკი თუნდაც მოოლიგარქო ტიპაჟები, პერსონაჟები რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ან ვიწრო პირთა წრეს ექნება გავლენა დაუმსახურებლად, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნიკა მელია - რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის

აღნიშნული კომენტარით ნიკა მელიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „რამდენიმე დღის წინ, „ფეისბუქზე“ თავიდან გამოაქვეყნეთ წლების წინ დაწერილი ეს სტატუსი: „ჩემთვის ოლიგარქი მიუღებელია, გინდ ჩემიანი, გინდ შენიანი. გინდ ხელისუფლებაში, გინდ ოპოზიციაში“. ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვით, რომ ოპოზიცია ფინანსურადაც უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს არის საფრთხილო პროცესი, რომ ამ პროცესში ბევრს აღარ ენდობით, ოლიგარქია მოოლიგარქო ტიპაჟებით ვერ დამარცხდება. ვინ არიან მოოლიგარქო ტიპაჟები?“.

მელიას თქმით, „ყველა იმ ადამიანს ჩაოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მოკავშირე“.

თუმცა, ნიკა მელიას განმარტებით, დარწმუნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან გულწრფელი საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში.

„ოპოზიციურ ველზე არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტის დამარცხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და არა ვიღაცა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე გამარჯვება მინდა და ამაში ვგულისხმობ წარმატებული სახელმწიფოს ხილვას მომდევნო წლებში. მე ვერ დავინახავ ასეთ სახელმწიფოს, თუკი თუნდაც, კიბატონო, მოოლიგარქო ტიპაჟები, პერსონაჟები რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ან ვიწრო პირთა წრეს ექნება გავლენა დაუმსახურებლად.

დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მანამდე ასეთ ადამიანებთან არანაირი შეხება არ მქონია…ოპოზიციაში როცა ხარ, ამ უთანასწორო ბრძოლაში ეძებ ბევრ მოკავშირეს რეჟიმის წინააღმდეგ. ვთქვი, ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, ყველა იმ ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დამეხმარება და იქნება ჩვენი მოკავშირე, მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გულწრფელი საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ოღონდ, უნდა დარწმუნდეს, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი, თუმცა ეს რწმენა არ აქვს დღეს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. ნიკა მელიას განმარტებით, კეზერაშვილთან არანაირი საერთო არ ექნება და მიაჩნია, რომ უკეთესია, რაც უფრო შორს იქნება ის პოლიტიკური სპექტრისგან.

„კეზერაშვილს რაც შეეხება, მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი შარშან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მე მას არ ვიცნობდი. ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო, გასაგები იყო ის, რაც ვთქვი და გასაგები გახდა, რაც ვთქვი შემდგომში. ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ, უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დამარცხდეს რეჟიმი, მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამ წუთის მდგომარეობით ამ ყველაფრით შემოვიფარგლები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.