„დოიჩე ველე“ – ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის. მედიასაშუალების ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის

მამერის თქმით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გეგმავს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, განსაზღვრული კრიტერიუმებით, რუსეთის იმ მოქალაქეების მისაღებად, რომლებიც გაურბიან სამხედრო მობილიზაციას და მისცენ მათ თავშესაფარი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

მამერმა აღნიშნა, რომ თავშესაფრის მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ საზღვარზე მისვლა, არამედ აუცილებელი იქნება თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოვალენი არიან, განიხილონ ეს განაცხადები.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არის თანხმობა რუსეთის დატოვების სურვილის მქონე მოქლაქეების მიღებასთან დაკავშირებით. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირში გაიმართა ტექნიკური დისკუსიები, რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში საერთო მიდგომისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი დაშვების შესახებ.