ირაკლი ზარქუა – „გირჩებს“ სამყაროს სხვა აღქმა აქვთ

„გირჩების“ ასეთი გამოსვლა მესმის, მათ სხვა მსოფლმხედველობა, სხვა აღქმა აქვთ სამყაროსი, თუმცა რეალობაში ვინც ვცხოვრობთ, ასეა რომ, სახელმწიფო ეყრდნობა განვითარების რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის არის გადასახადები, რაც არახალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომლითაც „გირჩის“ წევრ ალექსნდრე რაქვიაშვილს უპასუხა.

ირაკლი ზარქუა - „გირჩებს“ სამყაროს სხვა აღქმა აქვთ

ზარქუას თქმით, სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტში არის გაზრდილი შემოსავლები, რომლებიც აკუმულირდება და შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით იხარჯება.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა.

„გადასახადები, რაც არის, შემოდის სწორედ იმ სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ გაზრდილი შემოსავლები გვაქვს. ეს შემოსავლები, გინდ ასე დაარქვი, გინდ ისე, ჩვეულებრივად აკუმულირდება და შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით ვხარჯავთ. მე მგონია, რომ იმ პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც გმირი ბიჭები არიან, სჭირდებათ გვერდში დადგომა, ისევე როგორც დანარჩენ მოსახლეობას და სოციალური მიმართულებით 4 მილიარდზე მეტი იხარჯება. რაც ბრძანეთ, დეფიციტი და მომავალ თაობებს…არ არის ეს სწორი, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც განიხილება, 3-პროცენტიან პარამეტრში ვჯდებით და ჩავჯდებით. არ არის ეს დრამატიზირება საჭირო, ძალიან კარგი ბიუჯეტია, შემოსავლები გაიზარდა, რომელიც მათ შორის სოციალური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით შემდეგ კვლავ დააგენერირებს შემოსავლებს, ტურიზმიდან იქნება, თუ ბიზნესის განვითარებიდან. ასე შენდება სახელმწიფო და შემოგვიერთდით, ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა.

რაც თქვენ ბრძანეთ, ხმამაღლა ვთქვათ, თითოეული განხორციელებული პროექტი დამსახურებაა ბიზნესმენების და მადლობა მათ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცეს, ის, რომ თითოეული ხარჯი გაწერილია, დამსახურებაა მათ შორის საჯარო სამსახურში, თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების, რომლებიც გადასახადებს იხდიან. სამაგიეროდ, მათ აქვთ მშვიდი ქვეყანა, ჰყავთ განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება და დღეს აქვთ შესაძლებლობა, ყველა გამოწვევა, რომელიც აწუხებს ქვეყანას, მაქსიმალურად იყოს შემცირებული. შემდეგ უკვე ისინიც კომფორტულ გარემოში იქნებიან. ასე რომ, ბმაშია ეს ერთმანეთთან და არ გაგიკვირდეთ“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ ალექსანდრე რაქვიაშვილს.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განაცხადა: „არ იქნება ურიგო, შევიმუშაოთ კანონპროექტი, მაგალითად, პოლიციელს ბინას რომ აუშენებთ, ბინაზე მიწერილი იყოს, რომ აშენდა ხალხს რომ ფული წავართვით იმის ხარჯზე. მაგალითად, რთველს რომ დავაფინანსებთ და ვიტყვით, რომ ყურძენი იყიდა მთავრობამ, ვთქვათ, რომ ეს მოხდა ჩვენი შვილების მომავალი შემოსავლების ხარჯზე“.

რაქვიაშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრება და ადამიანებისთვის სიმართლის ართქმა.