დეოლიგარქიზაციის კანონში რაც წერია, მასმედიაში რომ გამოვაქვეყნოთ, შეიძლება, “ფეისბუქში” სასაცილო თემა გახდეს

ვახტანგ მეგრელიშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონში რაც წერია, მასმედიაში რომ გამოვაქვეყნოთ, შეიძლება, „ფეისბუქში“ სასაცილო თემა გახდეს.

დეოლიგარქიზაციის კანონში რაც წერია, მასმედიაში რომ გამოვაქვეყნოთ, შეიძლება, "ფეისბუქში" სასაცილო თემა გახდეს

დეოლიგარქიზაციის კანონში რაც წერია, მასმედიაში რომ გამოვაქვეყნოთ, შეიძლება, „ფეისბუქში“ სასაცილო თემა გახდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, რეკომენდაციების არც ერთი პუნქტი არ სრულდება, რადგან დიალოგი არ მიმდინარეობს. მაგალითად, იქაც, სადაც ჩვენ ვართ, რეალური დიალოგი არ მიმდინარეობს. დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობაზე საერთოდ, საუბარი არ არის. ამ კანონში რაც წერია, უბრალოდ, მასმედიაში რომ გამოვაქვეყნოთ, შეიძლება, „ფეისბუქში“ სასაცილო თემა გახდეს. მგონია, რომ ამ კანონზე საზოგადოებას დაახლოებით, ასეთი რეაქცია ექნება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ზოგადად, არავის არ შემოუთავაზებია მოდელი, როგორ შეიძლება, ადამიანს პოლიტიკური საქმიანობა ხელოვნურად აუკრძალო, თუ ის დამნაშავე არ არის.

„მე არც კი მესმის, რატომ განვიხილავთ ამ თემას. ადამიანი თუ დანაშაულს არ სჩადის და თითოეული ქმედება ან გავლენას გულისხმობს, ან სიტყვაზე, სახელმწიფო რესურსებთან წვდომას და ა.შ, თითოეული ეს ქმედება ხომ თავისთავად არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამის ხელოვნურად გაკეთება როგორ შეიძლება, უბრალოდ, მაგასაც ვერ ვხვდები. ანუ პრინციპულად არ მესმის, როგორ შეიძლება, ადამიანებს ავუკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა, თუ ისინი დამნაშავეები არ არიან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დგას არა ოლიგარქიის პრობლემა, არამედ ერთმმართველობის პრობლემა და საჭიროა, ამ მიმართულებით მიდიოდეს დიალოგი.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, პარლამენტი, როგორც ერთ-ერთი შტო, თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ვიდრე პოლიტიკური ძალები თამაშის რაღაც წესებზე არ შეთანხმდებიან, პარლამენტი რეალურად არ იქნება პარლამენტი.

„ეს პარლამენტი მართლა არ იქნება პარლამენტი, არანაირი გაგებით, თუ იქ არანაირი პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს. გამოსავალი არის რამე კონკრეტული საკითხებიდან დაწყება, რაც ჩვენ წინ დევს. ყოველდღე იცით, რას ვაკეთებთ? – შემოდის კანონმდებლობის ნიაღვარი, ამ ნიაღვარს ბეჭედს ურტყამს უმრავლესობა და ამ კანონმდებლობიდან თითქმის ყველაფერი ევროკავშირის ხათრით კეთდება, რეგულაციები და ბიუროკრატია იზრდება, ფაქტიურად, ყველაფერზე და სახელმწიფო იბერება. ეს რაღაც ინსტინქტზეა დაფუძნებული. ანუ, ბიუროკრატიული მანქანა მუშაობს და მას სჭირდება პოლიტიკური ფილტრი. როდესაც პოლიტიკური ფილტრი არ არსებობს, სისტემა ყოველთვის იბერება. ამ კლოუნადით, რითაც ჩვენ ყველანი ვართ დაკავებული, ფაქტობრივად, ეს ნიაღვარი ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე გადადის ადამიანების ცხოვრებაში. იქ განსჯა საერთოდ არ მიმდინარეობს, რეალურად რა ხდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პოლარიზაციის შემცირება და პოლიტიკურ ძალებს შორის რამე ტიპის შეთანხმება, რაც ქვეყნის პარტნიორების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ორ დაპირისპირებულ პოლუსს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმების რესურსი არ არსებობს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არის ერთადერთი მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის“ და თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კრიზისის დროს რამე დაემართა, „ქართულ ოცნებას“ მართლა მოუწევს გადაწყობა და რაღაც ახალი პოლიტიკური თამაშის მოგონება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა უალტერნატივოა.

წყარო: 1tv.ge