“სად ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას” – რას წერს გერმანული გამოცემა

“ჩინეთი და რუსეთი ცენტრალურ ამერიკაში ყოფნას აფართოებენ”, – ნათქვამია გერმანული გაზეთის “დი ველტის” (Die Welt) სტატიაში სათაურით “ნიკარაგუა – სწორედ აქ ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას” (ავტორი – ტობიას კოიფერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"სად ქმნიან საიდუმლოდ ჩინეთი და რუსეთი ანტიდასავლურ კოალიციას" - რას წერს გერმანული გამოცემა

ჩინური ვაქცინის წყალობით ეს პატარა სახელმწიფო უეცრად მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. “ჩვენს ქვეყნებს შორის იდეოლოგიური ნათესაობა არსებობს”, – ამბობს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი დენის მონკადა. საქმე იმაშია, რომ პანდემიის დროს ჩინეთმა ნიკარაგუას საჩუქრად კომპანია “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის მილიონი დოზა გაუგზავნა, რის შედეგადაც მანაგუასა და პეკინს შორის მანამდეც არსებულმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ უკიდეგანო მდგომარეობას მიაღწია.

სამაგიეროდ, ტაივანთან ურთიერთობა შეწყდა – კუნძულთან არსებული პარტნიორობა საერთოდ განულდა: ნიკარაგუაში არსებული ტაივანის მთელი ქონება სულ რაღაც ერთ ღამეში ჩინეთს გადაეცა. პეკინმა ყველაფერი ხელში ჩაიგდო – ტაივანის საელჩოს შენობა თავისი ავეჯით, ტრანსპორტით და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების ჩათვლით. საერთოდ, ამ მწვავე დიპლომატიური ინციდენტის შემდეგ ტაივანმა განაცხადა, რომ მთელ ქონებას კათოლიკურ ეკლესიას ვწირავო, მაგრამ სანდინისტმა პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ თავისი სპეციალური დეკრეტით გარიგება გააუქმა. დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი: “იმის გამო, რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ჩინური სახელმწიფო არსებობს, ყველაფერი, რაც კი ადრე ტაივანს ეკუთვნოდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მფლობელობაში გადადის”. რასაკვირველია, ასეთი ნაბიჯი პეკინისათვის ძალიან სასიამოვნო საჩუქარი აღმოჩნდა – მისთვის ეს ფაქტი სრულ ტრიუმფს ნიშნავდა. აბა, წარმოიდგინეთ – აშშ-ის უკანა ეზოში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩინეთმა გეოსტრატეგიული პლაცდარმი მოიპოვა, რომლის მეშვეობით “ცისქვეშეთი” რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან თავის გავლენასა და ურთიერთობას გააფართოვებს.

დიახ, ჩინეთი და ნიკარაგუა ერთმანეთს უახლოვდებიან, მაგრამ მთლიანობაში პრეზიდენტი დანიელ ორტეგა უფრო მეტად უპირატესობას რუსეთს ანიჭებს – მოსკოვთან თანამშრომლობაში იგი უფრო შორს წავიდა, ვიდრე სხვა მემარცხენე დიქტატორები: როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ჯერ კიდევ ივნისში გასცა სანქცია ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეყვანაზე, ხომალდებისა და ავიაციის ჩათვლით, ჰუმანიტარული მიზნებით, 2022 წლის მეორე ნახევრიდან. კრემლს უფლება მიეცა ნიკარაგუაში სასწავლო ცენტრები შეექმნა, სადაც რუსი ჯარისკაცები წრთვნებს გაივლიან.

აი, ასე წყნარად და უხმაუროდ ყალიბდება მესამე ანტიამერიკული პლაცდარმი კარიბის ზღვის რეგიონში (ვენესუელასა და კუბის ჩათვლით) და პირველი – ცენტრალურ ამერიკაში. საერთოდ, რუსულ-ჩინური დუეტი სამხრეთ ამერიკაში და კარიბის აუზში დიდი ხანია არსებობს – ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან, როცა მოსკოვს მზერა მიაპყრო ფიდელ კასტროს კუბამ, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისიდან – უგო ჩავესის ვენესუელამ. ახლა კი, 2020-იანი წლების დასაწყისში უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ანტიამერიკული “მძივი-ფარღული” სამი მემარცხენე-პროკომუნისტური დიქტატურის – ნიკარაგუის, კუბისა და ვენესუელას შემადგენლობით. ხოლო, რადგანაც დანიელ ორტეგა ყოველთვის ცდილობს ყველაფრისგან სამომავლოდ ისარგებლოს, მან ორივე მოკავშირის – მოსკოვისა და პეკინის ჩათვლით – გამოცდილი და პროფესიონალი პარტნიორები გაიჩინა მოსახლეობის ნების დათრგუნვასა და დაჩაგვრაში.

2018 წელს, მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების შემდეგ, რომლებშიც დასავლეთზე ორიენტირებული საზოგადოება მონაწილეობდა, სტუდენტების ჩათვლით (ისინი ჩინური პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდნენ, რომელიც ბუნებას დიდ ზიანს მიაყენებდა, ასევე გამოდიოდნენ ხელისუფლების ანტიხალხური სოციალური რეფორმების წინააღმდეგაც), დანიელ ორტეგამ თავის რეჟიმს ლათიმურ ამერიკაში ყველაზე რეპრესიული ხასიათი შესძინა (…).

ამას წინათ თვით ოპოზიციური გაზეთის “ლა პრენსას” (La Prensa) რედაქცია, რომელიც ჯერ კიდევ სანდინისტების მმართველობის დროს, 1980-იან წლებში შეუჩერებლივ გამოდიოდა, იძულებული გახდა საზღვარგარეთ გახიზნულიყო, ემიგრაციაში. ასეთ სიტუაციაში მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა განსაკუთრებული სახით ხდება – ხელისუფლება ნიკარაგუელებს თვითონ კარნახობს, რას უნდა უყურონ და რა უნდა წაიკითხონ: მედიის სივრცეში რუსეთის პროპუტინური ტელეარხის “რაშა თუდეისა” და “სპუტნიკის” ესპანურენოვანი გადაცემები ბატონობს. გარდა ამისა, ეთერში შეიძლება მოისმინოთ და უყუროთ ადგილობრივ ტელეარხებსაც, რომლებიც კონტენტს ჩინეთიდან და ვენესუელიდან იღებენ. არებობს კიდევ ერთი ტელეარხი – ნიკარაგუის ეროვნული ტელეკომპანია, სადაც, როგორც ამბობენ, დანიელ ორტეგას შვილები მბრძანებლობენ.

დიქტატორმა პრეზიდენტმა 2 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა, მათ შორის საეკლესიო-რელიგიური, ეკოლოგიური და სხვები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. კათოლიკე ეპისკოპოსები და საერთოდ, რელიგიის ის მსახურები, რომლებიც მთავრობას საჯაროდ აკრიტიკებდნენ, დააკავეს და სასამართლოს გადასცეს, ან შინაპატიმრობაში ამყოფებენ. სამაგიეროდ, ლათინურამერიკული სამეული (ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა) თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ მოსკოვისა და პეკინის მიმართ, უსიტყვო ლოალობის სახით.

“ნიკარაგუა მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა შვიდი სახელმწიფოდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის მოქმედებას უკრაინის მიმართ, ხოლო პრეზიდენტი იქამდეც კი მივიდა, რომ რუსი სამხედროები ქვეყანაში მიიწვია”, – ამბობს ბერტა ვალე ოტერო, პრეზიდენტობის კანდიდატის, პატიმარ ფელიქს მარადიაგის ცოლი, რომელიც ანტისამთავრობო მოძრაობის აქტივისტია. – “ჩვენ შიში გვიპყრობს, როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელი ქვეყნის არმია მოიწვია დიქტატორმა დანიელ ორტეგამ – რუსეთის არმია, რომელიც უკრაინაში საშინელებებს სცადის”.

“უკვე მრავალი წელია, რაც ვლადიმერ პუტინსა და დანიელ ორტეგას შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს”, – ამბობს “დი ველტის” კორესპონდენტთან საუბარში ვლადიმერ რუვინსკი, ბოგოტას (კოლუმბია) უნივერსიტეტის პოლიტოლოგი. მისი თქმით, მოსკოვი მანაგუას კრედიტებსა და იარაღს აძლევს. “რუსეთისათვის ნიკარაგუა ერთადერთი ლათინურამერიკული სახელმწიფოა, სადაც ნამდვილად იმყოფებიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები და სადაც რუსული სამხედრო-სასწავლო ცენტრი მოქმედებს. იმავდროულად, ნიკარაგუის მხრიდან კრემლისადმი მხარდაჭერა სარისკო საქმეა, რადგან რუსეთს სანქციები აქვს გამოცხადებული და აქედან გამომდინარე, მოსკოვის შესაძლებლობები ძალიან შემცირდა. ამიტომაც ნიკარაგუა თანდათან მეტ ყურადღებას ჩინეთს უთმობს”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

თუმცა, რასაკვირველია, მოსკოვთან კავშირები მანაგუასათვის მაინც მნიშვნელოვანია – აშშ-ის საპირწონედ. რუსეთის ჯარის ნაწილების ყოფნა ნიკარაგუაში ვაშინგტონისთვის სიგნალს წარმოადგენს: თუ რაიმეს განიზრახავს მანაგუას წინააღმდეგ, მას საქმე რუსეთთან [და ჩინეთთანაც] ექნება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ