საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

16-18 ნოემბერს, კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს კანადელ ინვესტორებს გაზარდონ არსებული ინვესტიციები, მათ შორის ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას ინვესტიციები განახორციელონ ახალ სექტორებში. მინისტრის მოადგილის განცხადებით საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წელს შესთავაზა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამი ოფიციალური რაუნდი 2018 და 2019 წლებში, მონაცვლეობით ოტავასა და თბილისში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რობ სტუარტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.

მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.