ბოლშევიკებმა მოახერხეს, 1490 წელს დაშლილი, ერთიანი საქართველოდან, ისევ ერთიანის შექმნა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებით!

დღევანდელი სტატია, ისე, როგორც წინა, რუსეთს და მის პოლიტიკას ეძღვნება, რაც დარწმუნებული ვარ ზოგ მკითხველში არაპოზიტიურ განწყობას შექმნის სტატიის ავტორის მიმართ — ისევ რუსეთი?! დავიღალეთ! გეთანხმებით, მაგრამ რუსეთის თემა იმ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გვიკარნახა, სადაც საქართველოს უწევს ცხოვრება. გარდა ამისა, რუსეთი ისაა, ყოველთვის რომ იქონიებს გავლენას არა მარტო ამიერკავკასიაზე, არამედ პოსტსაბჭოთა და მსოფლიოს ქვეყნებზე. და იმოქმედებს საწინააღმდეგოდ, იმისა რა სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს კოლექტიურ დასავლეთს.

ბოლშევიკებმა მოახერხეს, 1490 წელს დაშლილი, ერთიანი საქართველოდან, ისევ ერთიანის შექმნა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებით!

სურვილები კი ერთის შეხედვით მარტივია — რუსეთის განდევნა ყოფილი საბჭოთა სივრციდან, მისი დაპატარავება, ხელ-ფეხის მოკვეთა — რეგიონები მაქვს მხედველობაში და ისეთ დონემდე დაყვანა, იოლი სამართავი რომ იყოს ამერიკა-ევროპისთვის.

რა სახის გამოძერწვა სურთ დასავლეთში რუსეთისგან?

ისტორიული მაგალითების ძებნაში დროს ნუ დაკარგავთ, იუგოსლავიის ვარიანტს დავყაბულდეთ — ცინცხალს, რომელსაც მე-20 საუკუნის დასასრულს ჰქონდა ადგილი და რომელმაც ბოლო მოუღო ერთ დროს ძლიერ, ერთიან ქვეყანას და ისე დასცა მიწაზე, იმ საბედისწერო დაცემის ექო დღესაც რომ არასასიამოვნოდ ჟღერს.

დაქუცმაცებული იუგოსლავიის შედეგად გაჩენილმა ჯუჯა სახელმწიფოებმა, ვითომ დამოუკიდებლებმა, სინამდვილეში მთავარი დამქუცმაცებლის მონა-მორჩილებმა, ვერადავერ მოახერხეს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. და ეს ხდება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რომელიც არა ათჯერ, არამედ მრავალჯერ ჩამოუვარდება რუსეთს — ქვეყანას, რომელსაც 13 ზღვა და ოკეანე აკრავს, სხვადასხვა მოზაიკის მქონე ქვეყნებით.

დავუშვათ, რუსეთი დაიშალა, საქართველოს — რა?

ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის მოსაზრებას — უტოპიაში გადასულს, რომ რუსეთის დაშლის შემდეგ, საქართველო დაიბრუნებს ყოფილ ავტონომიებს.

ამ ოცნების შესრულებას სხვანაირი შემართება სჭირდება — აი, ისეთი, ბოლშევიკებს რომ ჰქონდათ.  მათ მოახერხეს, 1490 წელს დაშლილი, ერთიანი საქართველოდან, ისევ ერთიანის შექმნა — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთებით. იოლად მოახერხეს შემოერთების პროცედურა მოსკოვში მოღვაწე ქართველმა ბოლშევიკებმა?

ვინც საბჭოთა ისტორია იცის, უმალ დამეთანხმება — ძალიან ძნელად. მაგალითად, აფხაზეთის სსრ-ის საქართველოს ავტონომიად გარდაქმნას თითქმის 10 წელი დასჭირდა — მძიმე მოლაპარაკებებში დახარჯული 10 წელი.

არის ან იქნება ქართული პოლიტიკა წინამორბედთა მსგავსი მომთმენი და დასახული მიზნის მისაღწევად შემართული? მათ არც მოთმინება ეყოფათ და არც შემართება და რაც მთავარია წარსულის სიღრმისეული ცოდნა — თანამედროვე საქართველოს ვითარებასთან შეხამებული.

რეგიონში, როგორც სამხრეთში, ისე, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა მენტალიტეტის, წეს-ჩვეულებების, რელიგიური აღმსარებლობის გაუთვალისწინებლად პოლიტიკური, მითუმეტეს ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმა ბოლოს მოუღებს დარჩენილ საქართველოს.

ასე რომ, ქართველობამ უნდა ვილოცოთ რუსეთის პოლიტიკური ჯანმრთელობისთვის, რამეთუ ის არის ერთადერთი ქვეყანა, ჩვენსავით მართლმადიდებლური, საუკუნეთა განმავლობაში ჩვენთან კავშირების მქონე, ხშირ შემთხვევაში ნათესაურში გადაზრდილი, მენტალურად, სხვა გადამთიელთან შედარებით, ძალიან ახლოს მყოფი.

საქართველოს ბოლო 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ რუსეთთან პრაგმატულ, საქმიან, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს ვერადავერ შეცვლის კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობა. ქართულმა პოლიტიკამ რაც არ უნდა იძახოს, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახში, ანუ ევროპაში, არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დაბრუნება იქ, სადაც არასდროს ვყოფილვართ, უაზრობაა, უტოპიაა, აუსრულებელი ოცნებაა. და მეორეც, არანაკლებ მნიშვნელოვანი — მენტალიტეტი.

ქართველობა, თავიანთი მენტალიტეტით, ძალიან შორს არის ევროპელთაგან, რაც ჩემის აზრით, მისასალმებელია და არა დასაძრახი. ყველა რომ ევროპელთა მსგავსი იყოს, უდავოდ მოსაწყენი იქნებოდა მსოფლიო. ამას ვერ მოიაზრებს კოლექტიური დასავლეთი და მისი ლიდერი, აშშ-ი, რომელთა სურვილი მარტივია — მთელი მსოფლიო, აშშ-ის მსგავსი. აშშ-ს, რუსეთისგან მისი მსგავსის გამოძერწვა სურს — დაშლილ-დაქუცმაცებული ყოფილი ერთიანი რუსეთის ტერიტორიებზე წარმოშობილი ახალი სახელმწიფოებისგან.

საქართველოს პოლიტიკის ოცნებაც ისეთივეა, როგორიც აშშ-ევროკავშირის — არ ითვალისწინებს რა ოსთა, აფხაზთა და მათ მოძმე ჩრდილოკავკასიელთა მენტალიტეტს, ისტორიულ გამოცდილებას და ხარბ თვალს, რაც სუსტი საქართველოს შევიწროების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ხარბ მზერას დღესაც ვერ გავექცეოდით, რომ არა რუსეთის ფაქტორი. ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები, რუსეთის შემადგენლობაში მყოფნი, მოსკოვის რიდით თავს უფლებას არ მისცემენ ირიბად შეხედონ საქართველოს.

დავუშვათ, ასეთს ექნა ადგილი — რას მოიმოქმედებენ საქართველოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები? — შეშფოთდებიან. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო გემები საქართველოს საზღვაო პორტებს რუსებთან ან ჩრდილოკავკასიელებთან საომრად არ მოადგებიან! აშშ-ი დაჩვეული არ არის თვით იომოს სხვაგან. ის სხვისი ხელით ომობს სხვაგან, მაგალითად, ქართველთა, სხვათა ხელით ავღანეთში, ერაყში, …

საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთისთვის ნაკლებსასიამოვნო უნდა იყოს მის მიმართ უდავოდ არაჯანსაღი დამოკიდებულება, ერთ დროს პატარა ძმების, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან.

ბალტიისპირა 3 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის განწყობა დღევანდელი მოსკოვისადმი არათუ არამეგობრული, არამედ აშკარად მტრულია. ანალოგიური თუ არა, არანაკლები დამოკიდებულება აქვს მოლდოვას მოსკოვთან. აზერბაიჯან-სომხეთში ანტირუსული გამოხდომები ჯერ-ჯერობით მედიის ფარგლებშია და ნეგატიურ ფონს უქმნის ბაქო-მოსკოვის, ერევან-მოსკოვის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს.

დაძაბული ვითარებაა ცენტრალურ აზიაში. ეს რეგიონი მდიდარი წიაღისეულით აშშ-ს და ევროკავშირის ყურადღებას  იპყრობს, ისე, როგორც თურქეთის.

აშშ-ი ძალას არ იშურებს ცენტრალური აზიის ქვეყნების გადასაბირებლად, რუსეთის წინააღმდეგ განსაწყობად. აღნიშნული რესპუბლიკები, მეტწილად თურქულენოვანნი, მზად არიან თურქული ენის დასამკვიდრებლად, რუსული კირილიცის, ლათინურით შესაცვლელად. თურქული გავლენა დღითიდღე ძლიერდება და მასთან ერთად რუსეთის მიმართ უმადურობა.

უკრაინაზე ზედმეტია ლაპარაკი. ამ ქვეყანაში ფაშიზმი ბობოქრობს — აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ წახალისებული. კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება ფაშიზმის მიმართ პოზიტიურია, თუკი ის რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ყოფილი უკრაინის სსრ, დღეს ანტირუსულია — რუსის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლოდ მომართული.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ლოიალურობას ინარჩუნებს რუსეთის მიმართ — ბელარუსიაა. არადა, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა მისი ანტირუსულად გადაკეთება — ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს რომ წერტილი არ დასმოდა. ბელარუსის პრეზიდენტმა შეძლო კარდინალური ნაბიჯებით ჩაეცხრო სახალხო გამოსვლები, რითაც კოლექტიურ დასავლეთს კოვზი ნაცარში  ჩააგდებინა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ მოახერხა, სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ვერ მოახერხეს. მიზეზი მრავალია, მათ შორის ყოფილ საბჭოელებში ხელისუფლებათა ცვლა. ლუკაშენკო ერთადერთია, ვინც უცვლელად მართავს ქვეყანას.

დანარჩენები, კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევით, ეთაყვანებიან მას, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მაღალ სახელმწიფო თანამდებობას ამერიკა-ევროპას უნდა უმადლოდნენ.

აშშ-ა მოახერხა მისთვის ერთგული კადრების მომზადება, „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების ან სასახლის გადატრიალების ორგანიზების გზით, მისთვის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების სათავეში, ლოიალური მთავრობების დასმა. 30 წლის განმავლობაში აშშ-ი შეძლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკური და მენტალური ცხოვრების, თვით მცხოვრებთა მენტალიტეტის შეცვლა.

ახალი თაობა, ერთობ გაუთვითცნობიერებელი 30 წლის წინანდელ ცხოვრებაში, ლანძღავს და აგინებს საბჭოთა კავშირს, მის მემკვიდრე რუსეთს. რუსეთის მიმართ ყოფილ საბჭოთა სივრცეში აშკარად იგრძნობა ნეგატიური დამოკიდებულება. ყველა ისინი, თავიანთ წარუმატებლობას, რასაც ადგილი აქვს ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირს და რუსეთს აბრალიან. არადა, რა სიკეთეც საბჭოთა კავშირმა გაუკეთა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ენით აუწერელია. არც ერთ მათგანს არც მრეწველობა ჰქონია და არც სოფლის მეურნეობა, განათლება და მეცნიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

საბჭოთა კავშირის დროს მიღწეული წარმატებების შედეგად არსებობს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ამ საკითხის განხილვას ვერც ეს სტატია დაიტევს და ვერც ტომები, ამდენად აღარ გავაგრძელებ მასზე მსჯელობას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსკოვმა ვერ შეიმუშავა ყოფილებთან ურთიერთობის გეგმა; ვერ გამოძებნა საერთო ენა; ვერ აგრძნობინა მათ, რომ რუსეთი ის ქვეყანა არ არის, ბალტიისპირა ქვეყნებმა, სხვებმა რომ თავში წამოარტყან.

რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გააღრმავა ა.წ. 24 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო სპეციალურმა ოპერაციამ, უფრო სწორად მისმა შედეგმა. ყველა მოელოდა „ძლევამოსილი“ რუსეთის არმიის მიერ ოპერაციის ორ კვირაში წარმატებით დამთავრებას.

თუმცა ამაოდ. „ხანმოკლე, წარმატებული სამხედრო ოპერაცია“ გადაიქცა ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ომად, სადაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის ნატო, აშშ-ი და მათ მიერ დარაზმული თითქმის მთელი მსოფლიო. ომმა უმალ გამოაჩინა არმიასა და ფლოტში არსებული პრობლემები — მომარაგებით დაწყებული, ჯარის სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფით, საზოგადოების, თვით მმართველი ელიტის ორ ნაწილად დაყოფით.

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 70% მხარს უჭერს სამხედრო ოპერაციას, 18% წინააღმდეგია, ხოლო 12% ვერ გადაუწყვეტია დაუჭიროს მხარი თუ არა. მაგრამ თუ ამ გამოკითხვის შედეგებს შევადარებთ ა.წ. მაისში ჩატარებულ გამოკითხვებს, ცვლილებას დავინახავთ, არცთუ მნიშვნელოვანს, მაგრამ ნაკლებად სასიამოვნოს ხელისუფალთათვის.

მაშინ ოპერაციას მხარს 73%-ი უჭერდა, დღეს 70%-ი; ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა — 18%, ძველებურად დარჩა, მაგრამ მოყოყმანეთა რაოდენობა მაშინდელ 10%-თან შედარებით, დღევანდელ 12%-მდე გაიზარდა. თუ სერიოზულად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, თავშეკავებულებთან და იმათთან ერთად, ვისაც შეეშინდა წინააღმდეგი წასულიყო, 30% შეადგენს, რაც რუსეთის მოსახლეობის ყოველ მესამეს ნიშნავს.

სპეცოპერაციის დაწყებას მიესალმნენ პატრიოტი რუსების 70%. მათ იმედი ჰქონდათ, რომ არმია სწრაფი ოპერაციით და პატრიოტი უკრაინელების მხარდაჭერით იოლად მოახერხებდა კიევის ხელისუფლების დამხობას და უკრაინის რუსეთისკენ შებრუნებას; რუსეთ-უკრაინას შორის ისეთი სამოკავშირო ხელშეკრულების გაფორმებას, როგორიცაა რუსეთ-ბელარუსს შორის.

მათ სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ამ ოპერაციის ეფექტიანად წარმართვა. ფრონტზე გამოვლენილმა წარუმატებლობამ, ისედაც გაყოფილი რუსული საზოგადოება, კიდევ უფრო გაჰყო. ოპერაციის მოწინააღმდეგეებს, რუს ლიბერალებს განუმტკიცა რწმენა. ისინი რიხით გამოდიან ელექტრონულ მედიაში და ხალხს უმტკიცებენ თავიანთ ანტიოპერაციულ შეხედულებებს. ანტიოპერაციული განწყობა ხელისუფლებაშიც შეიმჩნევა.

განვლილი 30 წლის მანძილზე რუსეთის საზოგადოება მომხმარებლად გადაიქცა, ამასთანავე ფულის იოლად შოვნის მოსურნედ. გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოსმა ისეთი „ბიზნესი“ შვა, ქურდობა, ძარცვა-გლეჯვა რომ ჰქვია. რუსეთში ნაშოვნი ფულის უცხოეთში გატანა — ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ისე, როგორც იქ უძრავი ქონების შეძენა, ოჯახებით იქ გადასახლება, რუსეთში არსებული ბიზნესის დისტანციური მართვა.

მათ, ცხადია, არ აწყობთ სამხედრო ოპერაცია, ვინაიდან ბიზნესს ექმნება პრობლემები. ბევრ მათგანს ბიზნესი უკრაინაშიც აქვს. ბიზნესის გავლენა ხელისუფლებაზე, საგრძნობია. უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ დონბასის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად ბიზნესმა ბევრი იღვაწა მინსკის ე.წ. ხელშეკრულების სახით, რომლის მიხედვით, სეპარატისტული დონეცკი და ლუგანსკი ძალით უნდა შეეტენათ უკრაინის შემადგენლობაში.

ბიზნესს არ აინტერესებდა რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა უკრაინაში შეტენილი დონბასის რუსი მოსახლეობა.

ამჯერად, როდესაც „სწრაფი და წარმატებული“ სამხედრო ოპერაცია ისტორიას ჩაბარდა, საზღვარგარეთ მცხოვრებმა რუსმა მილიარდერებმა ისევ ამოიღეს სპეცოპერაციის საწინააღმდეგო ხმა. სამწუხაროდ, მათი ხმა გაგებით აღიქმება ხელისუფლებაში მყოფი „მშვიდობის მტრების“ მიერ.

გაყოფილი საზოგადოების დაშოშმინება პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს — ახალი წინადადებებით, ახალი პროგრამით, რომელმაც სინათლე და გარკვეულობა უნდა შეიტანოს ადრე გამოცხადებულ გეგმაში. საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს რას აპირებს მთავარსარდალი — აგრძელებს თუ არა უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის გეგმას, ა.წ. 24 თებერვალს გაჟღერებულს?

რომ იტყვიან „არსაიდან ხმა, არსით ძახილ“-თან გვაქვს საქმე. ჯერაც გაურკვეველია უკრაინასთან მიმართებაში მოსკოვის გეგმები. ერთადერთი, რაც კრემლიდან ისმის — მოლაპარაკებებია. რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, უკრაინა კი — არა. დავუშვათ, უკრაინა დათანხმდა მოლაპარაკებებს, მოსკოვი დაჯდება მაგიდასთან, რომელსაც უკრაინელი „ბანდიტები, ფაშისტები“ მიუსხდებიან?

ეს დახასიათება კრემლმა გააჟღერა არცთუ დიდი ხნის წინათ. მოლაპარაკება ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას თუ არა, შენელებას მაინც. და რას გამოიწვევს მოსკოვის „სამშვიდობო“ პოზიცია პატრიოტ 70%-ში?

რაც შეეხება პუტინს, მისი პოზიცია  განსხვავდება 24 თებერვლის პოზიციიდან. მაშინ ის ბრძოლისთვის შემართებულად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით „ვალდაის“ ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში წარმთქმული სიტყვიდან:

„რუსეთი არ იწვევს დასავლეთს. რუსეთი იღვწის საკუთარი არსებობისთვის საჭირო უფლებების და თავისუფალი განვითარების მოსაპოვებლად. ამასთანავე ჩვენ არ ვაპირებთ გადავიქცეთ ახალ ჰეგემონად. რუსეთი არ თავაზობს მსოფლიოს ერთპოლუსიანობის შეცვლას ორპოლუსიანობით, სამპოლუსიანობით და ა.შ. დასავლეთის დომინირების, აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთის, სამხრეთის დომინირებით ჩანაცვლებას. ასეთი უდავოდ ჩიხში შეგვიყვანდა“.

ეს და სხვა განცხადებები უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასთან ერთად აღიზიანებს პატრიოტ 70%-ს, რომელიც ელის რუსეთის უკრაინის ფაშიზმზე გამარჯვებას.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი