ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

ევროპარლამენტის განცხადების თანახმად, ეს გამოიწვევს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ და ღრმა შემზღუდველ გავლენას მოახდენს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობებზე.

პარალელურად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, „რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფი“, 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კადიროველები“ და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა შეიარაღებული ჯგუფები, მილიცია და მარიონეტები ევროკავშირის მიერ შედგენილ ტერორისტების სიაში შეიყვანოს“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.