შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის მხრიდან დამაბნეველი განცხადება გაკეთდა. პაპუაშვილის თქმით, ამგვარ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით დამაბნეველი განცხადებები სამწუხაროა.

პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს.

შალვა პაპუაშვილი - აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია

„სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით კეთდება დამაბნეველი განცხადებები. ვნახეთ პასუხი ევროსაბჭოდან, რომ კვლავ მიმდინარეობს განხილვა ამ პროექტის. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმაც გუშინ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას, რათა გავიგოთ, რა არის ამ პროექტის სტატუსი და ველოდებით ოფიციალურ პასუხსაც. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომდგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა, ელჩს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.

„შეიძლება, რაღაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთდეს, რადგან ამით მხოლოდ რადიკალური ჯგუფები სარგებლობენ, რათა ყოველ ჯერზე გამონახონ რაღაც თემა, რომლითაც მღელვარებას გამოიწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებამდე ასეთი ინფორმაციების გადამოწმება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.