იენს სტოლტენბერგი – ველოდები, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა

ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ახლაც ძალაშია, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვართ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში განაცხადა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 2008 წელს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

იენს სტოლტენბერგი - ველოდები, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა

„ამ დროს მეც გახლდით ბუქარესტში. მაშინ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ვიყავი. მე მახსოვს ეს შეხვედრა ძალიან კარგად. უპირველეს ყოვლისა მივესალმები იმ ფაქტს, რომ 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად განვამტკიცეთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან. ამის დემონსტრირება მოვახდინეთ 2014 წლის შემდეგაც, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ ნატო-ს მოკავშირეებმა დიდი დახმარება გაუწიეს უკრაინასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ახლა უფრო ძლიერი, მრავალრიცხოვანი და უფრო კარგად აღჭურვილია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. ეს დიდწილად ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერის დამსახურებაა.

ჩვენ მზად ვიყავით, როდესაც თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ახლა ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო დონის მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ველოდები, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ამის დემონსტრირება მოვახდინეთ გასულ წლებშიც, როდესაც მივეცით საშუალება ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს გაწევრიანებულიყვნენ ნატო-ში. ახლა ასევე ფინეთსა და შვედეთს. ჩვენ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, ახლაც ძალაშია. ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვართ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.