შალვა ხაჭაპურიძე – ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ მიხეილ სააკაშვილს ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის

გავაცანით მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სასამართლოში განცხადების შეტანას აპირებენ ისე, რომ დიაგნოზები არ გასაჯაროვდება.

შალვა ხაჭაპურიძე - ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ მიხეილ სააკაშვილს ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის

მისივე თქმით, დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების განკარგულების მიხედვით, ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას.

„ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. იურისტები დღეს უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა ცუდია. კარგი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრი, ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს, მუხლსაც დაასახელებს, რა ნორმით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენი გეგმით მივდივართ და ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით. შეთავაზება შემოთავაზებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. რაც კანონით არის გათვალისწინებული, იმას ვაკეთებთ. სასჯელის გადავადების პროცესი დროში გაწელვასთან არ არის დაკავშირებული, საკმაოდ სწრაფი პროცესია. ერთ სხდომაშიც, ერთ-ორ საათში შეიძლება, მოგვარდეს. ექიმების ჩამოყვანა თუ უნდათ, ჩამოიყვანონ ბიუჯეტის ხარჯზე, პრობლემა არ არის. გუშინწინაც მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნდა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს არასდროს მოუთხოვიათ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მოხდეს სასჯელის მოხდიდან დროებით გადავადება და მერე საზღვარგარეთ წავა, თუ რას გააკეთებს, ეს უკვე ექიმების გადასაწყვეტია.  პოლიტიკოსები აკეთებენ ამ განცხადებას, საზღვარგარეთ გადაყვანაზე. იურისტმა როგორ უნდა ვთქვათ ეს. საქართველოს კანონმდებლობაში ეს არ წერია. რაც არ წერია კანონში, იმავეს იმეორებს ახლა იუსტიციის მინისტრი და უმრავლესობა იმ პოლიტიკოსებისა, რომლებსაც 30 წელია, ვაკრიტიკებ. დაგვანებონ თავი, გვაცალონ მუშაობა. თუ უნდათ მოსამართლეობა, მანტიას გავუგზავნი საჩუქრად, ჩაიცვან და იარონ, ეს არის მოსამართლის გადასაწყვეტი საკითხი და არა იუსტიციის მინისტრის“, – განაცხდა ხაჭაპურიძემ.